მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ეხმარება საერთაშორისო ორგანიზაციების პროექტები მეღვინეობის განვითარებას? - იაგო ბიტარიშვილის შეფასება

იაგო ბიტ

“გამიჭირდება იმ პროექტების ჩამოთვლა, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაციებმა განახორციელეს ქართული მეღვინეობისთვის” - ამის შესახებ BMGDrive-ის ეთერში კომპანია “იაგოს ღვინოს” დამფუძნებელი, იაგო ბიტარიშვილი საუბრობს აღნიშნავს, რომ ძნელი სათქმელია, სად იქნებოდა ქართული მეღვინეობის დარგი დღეს, რომ არა საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსება.

“მაგალითად, საერთაშორისოდ აკრედიტებული ლაბორატორია, რომელიც, ფაქტობრივად, არ გააჩნდა საქართველოს და რომლის გარეშეც ექსპორტი წარმოუდგენელი იყო, გერმანულმა საერთაშორისო დახმარების ფონდმა გააკეთა და სახელმწიფოს გადასცა. ყველაფერი - შენობის შეძენა, აღჭურვილობა, პროფესიული გადამზადება - მათ მიერ იყო დაფინანსებული. ასეთივე პროექტი იყო ვენახის კადასტრის პროგრამა - თუ მანამდე არ ვიცოდით, ვის, რა ტერიტორიაზე, რა ჯიშის ვაზი ჰქონდა გაშენებული, ესეც მათი დახმარებით გავიგეთ. გაკეთდა სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისია, ქვევრის სკოლა - ევროპული ფონდებითაა ყველა დაფინანსებული, აუცილებლად გამომრჩება რომელიმე მასშტაბური პროექტი. ძნელი სათქმელია, სად ვიქნებოდით მათ გარეშე”, - აცხადებს იაგო ბიტარიშვილი.

მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება მხოლოდ თანხობრივად არ გამოისახება და ის იმ ცოდნასა და ტექნოლოგიებსაც მოიცავს, რომელსაც დასავლური განათლების სისტემები იძლევა.

“მათი დახმარება მხოლოდ თანხობრივად არ შეიძლება, რომ გამოიხატოს. ამას ემატება ცოდნაც, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ღვინის ხარისხის ზრდისთვის. მე მახსოვს, რა იყო მეღვინეობის დარგში 15-20 წლის წინ და რა ხარისხსა და ფასეულობებზე იყო საუბარი. ახლა ყველაფერი აბსოლუტურად შეცვლილია, თუნდაც იმიტომ, რომ წელიწადში არაერთი ახალგაზრდა იღებს ამ სფეროში განათლებას ევროპაში და ძალიან მიხარია, რომ მათი უმრავლესობა ამ ცოდნას ქვეყანაშივე აბრუნებს. მათ აბსოლუტურად სხვა კულტურა შემოაქვთ საქართველოში მეღვინეობის დარგში და დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს კიდევ უფრო მოიმატებს”, - ამბობს “იაგოს ღვინის” დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები