ნორვეგიის სახელმწიფო რეგულატორმა გამოავლინა, რომ კომპანია Ro Marine AS-მა, რომელიც ნორვეგიის ტერიტორიაზეა რეგისტრირებული, რუსული “ჩრდილოვანი ფლოტის” 100-მდე ხომალდს ყალბი სადაზღვევო სერტიფიკატები გამოუწერა.
საუბარია ხომალდებზე, რომლებიც სანქცირებული რუსული ნავთობის ექსპორტზე გატანისთვის გამოიყენებოდა. გაცემულ დოკუმენტებში ჩამოწერილი იყო კანონები, რომლებიც ნორვეგიულ კანონმდებლობაში არ არსებობს. ამასთან, მათზე დატანილი ხელმოწერები ეკუთვნოდათ ადამიანებს, რომლებსაც შესაბამისი სადაზღვევო პაკეტის შეთავაზების იურიდიული უფლება არ ჰქონდათ.
პრობლემა არის ის, რომ ნორვეგიაში რეგისტრირებული Ro Marine AS-ის მიერ სადაზღვევო სერტიფიკატებით სანქცირებული ხომალდები ევროპულ პორტებში შესვლას და ნავთობის გაყიდვას უპრობლემოდ ახერხებდნენ. გაყიდული ნავთობიდან შემოსული თანხა კი მთლიანად რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტში მიდიოდა.
რაც შეეხება თავად კომპანიას, Ro Marine AS არის ნორვეგიის ტერიტორიაზე რეგისტრირებული კომპანია, რომელიც გადამზიდავ ხომალდებს სადაზღვევო სერტიფიკატებს ისე სთავაზობდა, რომ ამის ლიცენზიას ნორვეგიის ფინანსთა სამინისტროსგან არ ფლობდა. ის რუსული ეროვნების მოქალაქემ ბულგარელ და ნორვეგიელ კოლეგებთან ერთად დაარეგისტრირა. ამჟამად მისი დამფუძნებლები ყალბი დოკუმენტების დამზადებასა და არალეგალურ საქმიანობაში არიან ბრალდებულები. თუ მათ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოუტანს, ციხეში 3-დან 10-წლამდე პერიოდის გატარება მოუწევთ.




























