დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას - აშშ-ში იმპორტზე უნივერსალური ტარიფების დაწესების შესახებ, მსოფლიო ლიდერები აკრიტიკებენ და "მსოფლიო ეკონომიკაზე დარტყმას" უწოდებენ.
საქმე ისაა, რომ ტრამპმა აშშ-ში ყველა პროდუქტის იმპორტზე უნივერსალური, 10%-იანი ტარიფი დააწესა, რომელიც ძალაში 5 აპრილიდან შევა. 60-მდე ქვეყანას კი აშშ-ის პრეზიდენტმა უფრო მაღალი გადასახადები დაუწესა, რომელიც 9 აპრილიდან ამოქმედდება. ტრამპის განცხადებით, ეს საპასუხო ნაბიჯია იმ უსამართლო სავაჭრო პოლიტიკისა, რომელსაც ქვეყნები აშშ-ში ატარებდნენ. მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიღების დროს "ძალიან კეთილი" იყო. ტრამპის აზრით, ტარიფების დაწესება აშშ-ში წარმოების ზრდას შეუწყობს ხელს.
აშშ-ის გადაწყვეტილებას იტალიის პრემიერ-მინისტრი და ტრამპის მოკავშირე, ჯორჯა მელონი გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, გადაწყვეტილება "არასწორია", თუმცა იტალია მზადაა, იმუშაოს აშშ-სთან შეთანხმებაზე, რათა სავაჭრო ომი თავიდან იქნეს არიდებული.
ტრამპის ტარიფები გააკრიტიკა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმაც და განაცხადა, რომ ესპანეთი "ღია სამყაროს" ერთგული რჩება. ირლანდიის მთავრობის ხელმძღვანელი, მაიკლ მარტინი კი ფიქრობს, რომ ტრამპის გადაწყვეტილება დასანანია და სარგებელს არავის აძლევს.
ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, თუმცა გადასახადებით დაზარალებულ ბიზნესსექტორთან შეხვედრას იგი დღესვე, ელისეს სასახლეში გამართავს.
"გაუმართლებლად" შეაფასეს ტრამპის გადაწყვეტილება აზიაშიც. იაპონიაში აცხადებენ, რომ 24%-იანი ტარიფის დაწესება დასანანია და არსებობს რისკებიც, რომ ტრამპის გადაწყვეტილება არღვევს მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაციისა და აშშ-იაპონიის შეთანხმებას.
ტაივანის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნისთვის 32%-იანი ტარიფის დაწესების გამო აღნიშნა, რომ ტაივანის ინტერესების დასაცავად ვაშინგტონთან მოლაპარაკებების ჩანიშვნა იგეგმება. იმავეს აპირებს ტაილანდიც.
სამხრეთ კორეის მოქმედი პრეზიდენტ ჰან დაკ-სუს განცხადებით, "გლობალური სავაჭრო ომი" რეალობად იქცა. მისივე თქმით, ქვეყანა ეცდება, გადალახოს მოსალოდნელი სავაჭრო კრიზისი.
ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ისრაელიც, რომელმაც ამერიკულ იმპორტზე ტარიფები სრულად გააუქმა. როგორც მთავრობის წარმომადგენელმა ადგილობრივ მედიას განუცხადა: "დარწმუნებულები ვიყავით, რომ აშშ-სთვის ტარიფების სრულად გაუქმება [ტრამპის] ამ გადაწყვეტილების პრევენცია იქნებოდა".
კრიტიკა გაჟღერდა ტრამპის მისამართით იმ ქვეყნების ლიდერებისგანაც, რომლებსაც მხოლოდ საბაზისო, 10%-იანი ტარიფი დაუწესდათ. მაგალითად, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი, ანტონი ალბანეზი აცხადებს, რომ "გაუმართლებელი ტარიფებისთვის ყველაზე ძვირ ფასს ამერიკელი მოსახლეობა გადაიხდის".
ბრიტანეთის პრემიერმა კირ სტარმერმა კი განაცხადა, რომ ქვეყანა იბრძოლებს, რათა აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმებას მიაღწიოს და სატარიფო დარტყმა შეარბილოს.
ლათინური ამერიკის შემთხვევაში, რეგიონის უდიდესმა ეკონომიკამ, ბრაზილიამ, უკვე დაადასტურა კონგრესში კანონი, რომელიც ტრამპის მიერ დაწესებული 10%-იანი ტარიფებისთვის საპასუხო ზომებს განსაზღვრავს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბრაზილია ყველა შესაძლო გზას განიხილავს, რათა უზრუნველყოს ორმხრივობა ვაჭრობაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან მიმართებითაც.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ორი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და მეზობელი, კანადა და მექსიკა, ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებაში მოხსენიებული არ იყვნენ. თეთრი სახლის ინფორმაციით, ორივე ქვეყნის შემთხვევაში დაეყრდნობიან უკვე გამოცემულ აღმასრულებელ ბრძანებებს, რომლებიც ქვეყნებს 25%-იან გადასახადს აკისრებს.