მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ ეკუთვნის სახელმწიფო უნივერსიტეტების ქონება სახელმწიფოს? - მინისტრის მოადგილის განმარტება

ზვიად გაბისონია

განათლების მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, სახელმწიფოს "ორსაფეხუროვანი საკუთრების უფლებით ეკუთვნის", რადგან ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ამის შესახებ ზვიად გაბისონიამ 9 დეკემბერს, განათლების კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონპროექტების პაკეტის კონსტიტუციის 27-ე მუხლთან შესაბამისობას შეეხებოდა.

საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლი - განათლების უფლება და აკადემიური თავისუფლება

1. ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება.

2. სკოლამდელი აღზრდა და განათლება უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი წესით. დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. ზოგად განათლებას კანონით დადგენილი წესით სრულად აფინანსებს სახელმწიფო. მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება.

3. აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია.

"გვინდა, სწორი განმარტება გავაკეთოთ, რასაც ჩვენი კონკურენტები ახსენებენ; ვადასტურებთ, რომ აქ საუბარია უნივერსიტეტების ავტონომიურობასა და აკადემიურ თავისუფლებაზე, თუმცა ჩვენი რეკომენდაციაა და ჩვენ შეგვიძლია მოგაწოდოთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც განმარტავენ კონსტიტუციის ამ მუხლის შეზღუდვის ფორმას; მეორე - ეს საკითხი, რაზედაც ვსაუბრობთ მხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებს შეეხებათ, ამიტომ უნდა შევთანხმდეთ, რომ კერძო უნივერსიტეტის ავტონომიურობისა და აკადემიურ თავისუფლებასთან დაკავშირებით კითხვა მგონი არ არსებობს“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

ამავე კითხვის კონტექსტში განათლების მინისტრის მოადგილემ ყურადღება სახელმწიფო უნივერსიტეტების საკუთრებაში არსებულ ქონებაზე გაამახვილა. მან განმარტა, რომ სახელმწიფო უმაღლესი დაწესებულებების ნაწილის საკუთრებაში ქონება 2010 წლის შემდეგაა და ამ ტიპის უნივერსიტეტების ქონება სახელმწიფოს ორსაფეხურიანი საკუთრების უფლების ფორმით ეკუთვნით. ზვიად გაბისონია აცხადებს, რომ სამინისტრო საკუთრების უფლებიდან გამომდინარე, არანაირ შეზღუდულ საკითხებს არ ითხოვს.

მთავრობა თბილისში ცალკეული უნივერსიტეტების შენობების გაყიდვას განიხილავს

„რაც შეეხება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საკითხებს, საქართველოს კონსტიტუცია გარდა ამ მუხლისა, მანამდე განმარტავს საკუთრების უფლების საკითხს. საკუთრების უფლება ხელშეუხებელია და აქ საუბარია იმ უნივერსიტეტებზე, რომელთა საკუთრებაც სრულად სახელმწიფოსას წარმოადგენს - ეს მცდარი განმარტებაა. გიდასტურებთ, რომ 2010 წლამდე ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა-ნაგებობები, უძრავი და მოძრავი ქონება სახელმწიფო საკუთრებაში გახლდათ და სახელმწიფო უნივერსიტეტებს უზუფრუქტის უფლებით ჰქონდათ მიცემული. 2010 წლის შემდეგ, რაღაც მიზეზების გამო, რამდენიმე უნივერსიტეტმა დაირეგისტრირა მის სახელზე საჯარო რეესტრში უძრავი ქონება, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ აღნიშნული სახელმწიფო უნივერსიტეტები კვლავ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უნივერსიტეტებად რჩებიან ანუ ორსაფეხუროვანი საკუთრების უფლების რეგისტრაციაზეა საუბარი. საკუთრების უფლებიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვითხოვთ არანაირ შეზღუდულ საკითხებს, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენს საკუთრებაში არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და ასეთი სსიპ-ები მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებები არ არიან. ამ ნაწილში სჯობს, რომ ვნახოთ როგორ განმარტავს ევროკავშირის სასამართლო, სტრასბურგის სასამართლო ავტონომიურობის და აკადემიური თავისუფლების პრინციპებს. ამასთან, დაკავშირებით ჩვენ პრაქტიკა უკვე გვაქვს და არცერთი პარამეტრით, საქართველოს ხელისუფლება დღეს არსებული ცვლილებებით და კონცეფციით არ არღვევს 27-ე მუხლის მესამე ნაწილს, რომელიც ჩვენი ჩაწერილია. ამ ნაწილში კონსტიტუციის არანაირ შეზღუდვაზე საუბარი არ არის. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ კომენტარებისთვის, სასამართლოს გადაწყვეტილებისთვისაც, ძალიან ბევრი ევროკავშირის წევრი ქვეყანა ამას განსაზღვრავს შიდა სახელმწიფოებრივი სასამართლო გადაწყვეტილებებით“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

bm.ge-მ განათლების სამინისტროს მიმართა კითხვით - რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტები სად, რა ტიპის ქონებას ფლობენ. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები