მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ემზადება ესპანეთი რეკორდულად ცხელი ზაფხულისთვის? - რისკის დონის ახალი რუკა

ტემპერატურა

გასული ორი წელი საფრანგეთისთვის რეკორდულად ცხელი აღმოჩნდა, ევროკავშირის კლიმატის სერვისის, Copernicus-ის პროგნოზით კი, 70%-ია იმის შანსი, რომ მომავალ ზაფხულს ტემპერატურა კიდევ ერთხელ ავა საგანგაშო ნიშნულებამდე.

განსაკუთრებით ლეტალური 2022 წელი იყო, როდესაც მაღალ ტემპერატურასთან და თბურ ტალღებთან დაკავშირებულმა ჯანმრთელობის გართულებებმა, მხოლოდ ესპანეთში, 11 300 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. რისკის პრევენციისთვის ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი რუკა შეადგინა, რომელიც ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით უფრო ზუსტ გაფრთხილების სისტემას უზრუნველყოფს.

გასულ კვირას ესპანეთმა " ჯანმრთელობაზე გადაჭარბებული ტემპერატურის გავლენის პრევენციული მოქმედებების ეროვნული გეგმა" აამოქმედა, რომელიც 30 სექტემბრამდე იმუშავებს, თუმცა, თუ ცხელი ტემპერატურა ოქტომბერშიც შენარჩუნდება - გეგმაც გახანგრძლივდება. აღსანიშნავია, რომ ეროვნული გეგმა ესპანეთმა ჯერ კიდევ 2004 წელს შეიმუშავა, რადგან 2003 წლის მოულოდნელად მაღალი ტემპერატურისთვის ევროპა მომზადებული არ აღმოჩნდა.

წელს სამინისტრომ ახალი რუკა წარადგინა, რომელიც ქვეყანას 52 პროვინციის ნაცვლად, მეტეოროლოგიური ჯანდაცვის 182 ზონად ყოფს - ახალ რუკაზე ასახულია სიცოცხლისთვის საშიში ტემპერატურული ზღვრები, რომლებიც პროვინციიდან პროვინციამდე მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც ახალი, უფრო დეტალური რუკის შესადგენად მთავარი მიზეზი აღმოჩნდა.

რუკის შესაქმნელად და მეტეოროლოგიური ზონების განსასაზღვრად, ჯანდაცვის სამინისტრო დაეყრდნო 2009-2018 წლებში ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევების სტატისტიკასა და ასობით ობსერვატორიის მონაცემებს.

ესპანეთის გამაფრთხილებელი სისტემა ეყრდნობა ტემპერატურას, რომლის დაფიქსირების შემთხვევაშიც სიკვდილიანობა იზრდება მოცემულ არეალში, ასევე სიცხის ტალღების საპროგნოზო ხანგრძლივობას - საგანგაშო სისტემა ახალ რუკასთან ერთად 3 ივნისიდან ამოქმედდება.

რუკის კონკრეტული მიზანი ესპანეთის მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ხანში შესული ადამიანების ინფორმირებას ემსახურება. კერძოდ, როდის არის რისკი ყველაზე მაღალი, როდის უნდა აირიდონ თავიდან სახლიდან გასვლა და რა პრევენციული ზომების მიღება შეუძლიათ.

ესპანეთის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2015-2023 წლებში მაღალი ტემპერატურის გამო გარდაცვლილ 21 700 ადამიანში უმრავლესობა 65 წელს იყო გადაცილებული.

ცნობისთვის, საშუალო ტემპერატურაზე გაცილებით მაღალია მოსალოდნელი სამხრეთ ევროპის მასშტაბით, მთელი ზაფხულის განმავლობაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები