მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გააციფრულა ბიზნესი "სოფიოგამ" საქართველოს ბანკისა და სავაჭრო სამრეწველო პალატის დახმარებით

სოფიოგა
11.07.24 17:45
79

“იოგას ვარჯიშის დაწყების შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა“, - გვიამბობს სოფიო ტალახაძე გორიდან, იოგას პროფესიონალი ინსტრუქტორი, ახალგაზრდა მეწარმე, რომელმაც საქართველოს ბანკისა და სავაჭრო სამრეწველო პალატის პროექტის „უფასო ვებგვერდი მცირე ბიზნესს“ ფარგლებში, საკუთარი ბიზნესის გაციფრულება შეძლო და ონლაინ გადახდების სისტემის ინტეგრაცია მოახერხა.

სოფიოს ცხოვრებაში იოგა 2018 წლიდან გამოჩნდა. მანამდეც ბავშვობიდან მისდევდა ჯანსაღი ცხოვრების წესს, ცეკვავდა და სხვადასხვა სპორტულ წრეზე დადიოდა. რაც მთავარია, საკუთარ გამოცდილებას სხვებსაც უზიარებდა. სწორედ ამ მოტივით, 2019 წელს, პანდემიის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ქალაქ გორში, მშობლიური სახლის პირველ სართულზე იოგას ოთახი მოაწყო და დაინტერესებული ადამიანები სავარჯიშოდ მიიწვია.

„პირველ გაკვეთილზე 12 ადამიანი მოვიდა და მივხვდი, რომ დაინტერესება დიდი იყო, რადგან იმ დროისთვის ქალაქში იოგას სტუდია არ ფუნქციონირებდა. პანდემიის დაწყების შემდეგ გადავწყვიტე, იოგას გაკვეთილები ონლაინ გადამეტანა და ამან საზღვრებიც გამიფართოვა, რადგან უკვე შემეძლო არა მხოლოდ გორში, არამედ თბილისში, ბათუმსა და New York-შიც კი ჩამეტარებინა იოგას გაკვეთილები. ინიციატივამ დიდი დაინტერესება გამოიწვია, რადგან ადამიანები სტრესში იყვნენ და ახალ რეალობასთან შეგუება უჭირდათ. თავიდან სოციალურ ქსელში შევქმენი Facebook ჯგუფი "სოფიოს იოგა კლასი", სადაც Live ვარჯიშებს კვირაში 3-ჯერ ვატარებდი. შემდეგ სხვადასხვა ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით უკვე პერსონალური ვარჯიშების ჩატარებაც დავიწყე“, - იხსენებს სოფიო.

სწორედ ასე დაიწყო მის ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რომლის განუყოფელ ნაწილად იქცა თანამედროვე ტექნოლოგიები. მომხმარებლების რაოდენობაც უფრო და უფრო იზრდებოდა - ვარჯიშებში ჩართული იყვნენ როგორც ემიგრანტები, ისე ქალები საქართველოს რეგიონებიდან.

ერთი წლის შემდეგ მან ევროკავშირის მხარდაჭერით ახალგაზრდა მეწარმეების პროექტში მიიღო მონაწილეობა და ბრენდი „სოფიოგა“ შექმნა. მიზნად კი რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის გავრცელება დაისახა. ასევე შექმნა სოფიოგას კლასი, იოგას მარტივი ვარჯიშები დამწყებთათვის, რომელიც აერთიანებს 10 ვიდეო ვარჯიშს და უფასოდ ხელმისაწვდომია YouTube-ზე. 2021 წელს კი საკუთარ სტუდიაში ჯგუფური ვარჯიშების ჩატარება დაიწყო და არაერთი კმაყოფილი მომხმარებელიც შეიძინა.

განვითარების გზაზე მომდევნო ნაბიჯი მეწარმემ „სოფიოგას“ ვებგვერდის შექმნით გადადგა. ეს კი, როგორც უკვე ვახსენეთ, საქართველოს ბანკისა და სავაჭრო სამრეწველო პალატის პროექტის - „უფასო ვებგვერდი მცირე ბიზნესს“ - დახმარებით შეძლო.

“აღნიშნულ პროექტში ჩემი მეგობრის რეკომენდაციით ჩავერთე, რადგან ჩემი საქმიანობა უკვე მოითხოვდა ელექტრონული პლატფორმების გამრავალფეროვნებას და დახვეწას. ვებგვერდის შექმნის პროცესი საინტერესოდ წარიმართა, გარდა ვიზუალური მასალისა, პროექტის ფარგლებში გვყავდა მენტორები, რომლებიც გვასწავლიდნენ ბრენდინგს, კომუნიკაციას და დღევანდელ დღეს საჭირო უნარ-ჩვევებს ელ-კომერციის მიმართულებით, რომელიც საბოლოოდ ჩემს ვებგვერდზე www.sofyoga.ge აისახა”, - ამბობს სოფიო.

ამჟამად Sofyoga-ს ვებგვერდიდან შესაძლებელია:

  • იოგას პერსონალური და ჯგუფური სესიის დაჯავშნა;
  • "სოფიოგას” საავტორო იოგას კურსების შეძენა;
  • იოგას ვარჯიშისათვის საჭირო აქსესუარების შეძენა, ონლაინ გადახდით;

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, სავაჭრო სამრეწველო პალატა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ვებგვერდის დამზადებას უზრუნველყოფს, ასევე მეწარმეებს ვებგვერდის მართვის ტრენინგებსა და ტექნიკურ მხარდაჭერას სთავაზობს. ხოლო საქართველოს ბანკი, ბიზნესებისთვის შეღავათიანი პირობებით, ონლაინ გადახდების (ბარათით გადახდა, განვადებით გადახდა, ნაწილ-ნაწილ გადახდა, PLUS და MR ქულებით გადახდა და სხვა) ინტეგრაციას უზრუნველყოფს. პროექტში საქართველოში რეგისტრირებული ის მეწარმეები მონაწილეობენ, რომელთაც საკუთარი პროდუქციის ონლაინ გაყიდვა სურთ. მათ შორის არიან ბიზნესები როგორც თბილისიდან, ისე აჭარის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონებიდან.

„სოფიოგას“ ვებგვერდი უკვე ორი თვეა, რაც გაეშვა და როგორც დამფუძნებელი აღნიშნავს, ბრენდს ცნობადობის ამაღლებაში ეხმარება.

სოფიოს სამომავლო გეგმები კი მრავალფეროვანია. „ვაგრძელებ ჩემი მისიის შესრულებას - სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში მცხოვრებ მოწყვლად ჯგუფებში და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის გავრცელებას; ვაგრძელებ ქართულ ენაზე მაღალი ხარისხის კონტენტის შექმნა იოგას ვარჯიშების მიმართულებით; კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში კი კომპანიებს ვთავაზობ იოგასა და Mindfulnes სესიების ჩატარებას თანამშრომლებისათვის“, - ამბობს სოფიო ტალახაძე.

საქართველოს ბანკისა და სავაჭრო სამრეწველო პალატის პროექტის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, ჯამში კი მალე 300-მდე ბიზნესი გაციფრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები