მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გადაიქცა "დელიკატო" საოჯახო სამზარეულოდან მრავალპროფილური კვების კომპანიად - 21 წლის შეჯამება

DELIKATO

„დელიკატო“ ქართულ კვების ბაზარზე უკვე 21 წელია ოპერირებს. გზა, რომელიც 2005 წელს მცირე საოჯახო სამზარეულოდან დაიწყო, დღეს მრავალპროფილურ, მობილური კვების უზრუნველყოფის კომპანიად გადაიქცა.

კომპანიის განვითარების, გადალახული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ „დელიკატოს“ დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა დავით ზაქარაიამ ისაუბრა.

როგორც ზაქარაია იხსენებს, 2005 წელი გარდამტეხ პერიოდს დაემთხვა - დრო, როდესაც ძველი რეალობა ნელ-ნელა სრულდებოდა და ახალი სამომხმარებლო ჩვევები ყალიბდებოდა.

„მაშინ, თბილისში მზა კერძების ყიდვა სუპერმარკეტებში იშვიათი იყო. საოჯახო სამზარეულოები ძალიან ცოტა არსებობდა და წონით კერძის შეძენა თითქმის უცხო პრაქტიკა იყო. სწორედ ამ სიცარიელის დანახვამ გვიბიძგა, რომ ეს მიმართულება აგვეღო“, - ამბობს ზაქარაია.

მისი ინფორმაციით, კომპანიის საწყისი ეტაპი ერთი პატარა სამზარეულო იყო - მცირე ფართი, პატარა მაცივარი და ხარისხიანი და გემრიელი კერძები. თავდაპირველად მომხმარებელს მხოლოდ ადგილზე მისვლის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა მოთხოვნამ სწრაფად შეცვალა კომპანიის განვითარების ტემპი.

„მომხმარებლები თავად გვთხოვდნენ მიტანის სერვისის დამატებას. მაშინ ეს სერვისი თითქმის არ არსებობდა. ბუკლეტებს ვბეჭდავდით, ორგანიზაციებში შევდიოდით და ხშირად მე თვითონ, მძღოლთან ერთად დავდიოდი შეკვეთებზე“, - იხსენებს კომპანიის დამფუძნებელი.

ზაქარაია ამბობს, რომ პირველი წლები კომპანიისთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. ზაქარაიას თქმით, დაახლოებით ნახევარი წლის შემდეგ კომპანიას რეალური არჩევანის წინაშე დადგომა მოუწია - გაგრძელება თუ გაჩერება: „ეს იყო გარდამტეხი მომენტი. საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ არ გავჩერდებოდით და გავაგრძელებდით“, - ამბობს ის.

ომამდე პერიოდში „დელიკატო“ სტაბილურად მზარდ დინამიკას აჩვენებდა. კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, მოთხოვნა ხშირად აღემატებოდა კომპანიის შესაძლებლობებს. სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა ახალი მიმართულებაც - ფურშეტების მომსახურება.

"პირველი შეკითხვა სრულიად შემთხვევით მივიღეთ - შეგვიძლია თუ არა ფურშეტის გაკეთება. მაშინ ჯერ მზად არ ვიყავით, მაგრამ იმ დღიდან ეს იდეა აღარ გაგვიშვია. მალევე შევქმენით მენიუ, დიზაინი და შემდეგ უკვე თამამად ვაცხადებდით, რომ ფურშეტებს ვაკეთებდით“, - ამბობს ზაქარაია.

მისი თქმით, ფურშეტების მიმართულებამ კომპანიას მასშტაბირების აუცილებლობა საჭირო გახადა. დაახლოებით ერთ წელიწადში, „დელიკატომ“ პროფესიონალი მზარეულები, მძღოლები და დამატებითი პერსონალი აიყვანა. პარალელურად, ვითარდებოდა ტექნოლოგიური და მარკეტინგული მხარეც. კერძოდ, შეიქმნა პირველი ვებგვერდი, მოგვიანებით დაემატა სოციალური ქსელები და სარეკლამო არხები.

„დღეს ჩვენ შეგვიძლია ერთი ზარით მიღებული შეკვეთა - მაგალითად, 200-კაციან ფურშეტზე - 24 საათში საქართველოს ნებისმიერ წერტილში გავშალოთ. მათ მხოლოდ ცარიელი სივრცე უნდა დაგვახვედრონ, დანარჩენს ჩვენი გუნდი სრულად უზრუნველყოფს“, - აცხადებს დავით ზაქარაია.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის მენიუ დღეს 150-დან 200-მდე კერძს აერთიანებს, მათ შორის 30-40 სახეობის მზა ლანჩბოქსს. ძირითადი მიმართულებები ფურშეტი და საოფისე კვებაა, თუმცა „დელიკატო“ აქტიურად ავითარებს ტკბილეულისა და ჯანსაღი კვების ხაზსაც, რომლის სრულყოფილი დანერგვა 2026 წლის გეგმებში შედის.

დავით ზაქარაიას თქმით, კომპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივი გუნდი რჩება: „ყველაფერი ადამიანებზე დგას - პროდუქტის სწორ შერჩევაზე, შენახვაზე, დამუშავებაზე, შეფუთვაზე და საბოლოოდ ღიმილით მიწოდებაზე. ბევრი თანამშრომელი ჩვენთან პირველი დღიდან არის, ზოგს 10-12 წლიანი სტაჟიც აქვს. ეს არის ჩვენი მთავარი ძალა“, - ამბობს ის.

21-წლიანი ისტორიის შემდეგ „დელიკატო“ 2026 წელს ახალ ეტაპზე გადასვლას გეგმავს - პროცესების კიდევ უფრო პროფესიონალიზაციასა და სერვისების გაფართოებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები