მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გადარჩა პანდემიის დროს WiFisher? – "ჩვენს თავს სტარტაპს აღარ ვუწოდებთ"

619f7ae790761
ვიქტორია მღებრიშვილი
28.11.21 21:00
767
პროგრამული უზრუნველყოფის ქართული კომპანია WiFisher 2022 წლიდან საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის თანადამფუძნებელმა ნოდარ ივანიძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, პანდემიამ ექსპორტის წილი კომპანიის გაყიდვებში 15%-მდე შეამცირა და კრიზისული პერიოდის გადალახვა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება WiFisher-მა ახალი პროდუქტის SMS-რეკლამების შექმნით შეძლო.

სომხეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ლიეტუვა - ეს ის ქვეყნებია, რომლებშიც კომპანია პანდემიურ რეალობაშიც ოპერირებს. უზბეკეთში კომპანია „კარფურთან“ თანამშრომლობით მიმდინარე წლის მეორე კვარტალში შევიდა. ნოდარ ივანიძე განმარტავს, რომ ახალი წლიდან ბაზრების გაფართოება სწორედ მსხვილ კომპანიებთან თანამშრომლობით იგეგმება.

„ველით, რომ ეს წელი კარგად ჩავხუროთ და 2022 წლის დასაწყისიდან იმის საშუალება მოგვეცემა, რომ ექსპორტის განვითარებაზე ვიზრუნოთ.

ეს პერიოდი ფინანსური დასტაბილურებისთვის გამოვიყენეთ, რათა შემდგომში დამატებითი რესურსების გადანაწილება სხვა ქვეყნების მიმართულებით შეგვძლებოდა.

დღეს თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჩვენი მხოლოდ ერთი პროდუქტით - WiFi რეკლამით ვართ შესული, უკვე არსებულ ბაზრებზე ჩვენი მეორე პროდუქტის SMS რეკლამების ლიცენზიის მიღების მიმართულებით გავაქტიურდებით, ხოლო „WiFi რეკლამების“ კუთხით უზბეკეთის მაგალითზე ქსელებთან ურთიერთობით დავიწყებთ გაფართოებას“, - განმარტა ნოდარ ივანიძემ.

მისივე თქმით, პანდემიამ კომპანია მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა, თუმცა 1.5 წლის განმავლობაში მათ 2020 წლის თებერვალში არსებული გაყიდვების პიკურ მაჩვენებელზე დაბრუნება შეძლეს და სტარტაპიდან სრულფასოვან კომპანიად იქცნენ, რომელსაც სტაბილური შემოსავალი და მოგება აქვს.

„შემოსავლების პიკი 2020 წლის თებერვალში გვქონდა და მარტში ქვეყანა პანდემიური მდგომარეობის გამო ჩაიკეტა. იმ მაჩვენებელს რაც 2020 წლის დასაწყისში გვქონდა ჩვენ 2021 წლის ოქტომბერში გავუთანაბრდით. იმხელა დარტყმა იყო, ყოველთვიური გაყიდვების ამ დონეზე დასაბრუნებლად 1.5 წელი დაგვჭირდა. მობილობის შემცირება მნიშვნელოვნად მოქმედებს ჩვენზე. ყველა ჩვენს ლოკაციაზე, სადაც WiFi რეკლამები მუშაობს, აეროპორტები იქნება ეს თუ კაფეები, დატვირთვა პანდემიამდელ მაჩვენებლებთან შედარებით 40%-ით შემცირებულია. ამასთან მნიშვნელოვნად შემცირებულია WiFi რეკლამების წილი და ის SMS-რეკლამებთან 50/50-ზე თანაფარდობაშია, მაშინ როდესაც პანდემიამდე 90% WiFi რეკლამებს ეკავათ.

ამ პერიოდში სწორი მუშაობისა და გუნდურობის შედეგად WiFisher დღეისთვის ჩამოყალიბებული კომპანიაა და ჩვენს თავს სტარტაპს აღარ ვუწოდებთ. ორგანიზაციულ სტრუქტურის შეცვლასაც ვგეგმავთ. შემოსავლების და მომგებიანობის კუთხით დავსტაბილურდით, რაც იმის საშუალებას გვაძლევს სამომავლო განვითარებაზე ვიფიქროთ“, - აღნიშნა WiFisher-ის თანადამფუძნებელმა.

აღსანიშნია, რომ კომპანია WiFi რეკლამების მიმართულებით დღეისთვის 20-მდე მსხვილ და საშუალო კომპანიასთან თანამშრომლობს, ხოლო SMS რეკლამების კუთხით 42-თან. WiFisher 10 სამუშაო ადგილს ქმნის და IT მიმართულებით აუთსორს კომპანიის მომსახურებით სარგებლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები