მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ გადაწყვეტდა "ბორჯომის" საკითხს თავმოყვარე ხელისუფლება? - ქადაგიძის მოსაზრება

626c2b9b934b5
BM.GE
29.04.22 22:21
2942
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე სანქციების გამო კომპანია "ბორჯომის" წარმოების გაჩერების თემას ეხმაურება და კონკრეტული ნაბიჯების შესახებ წერს, რა გზითაც მისი აზრით, თავმოყვარე და ეროვნული ინტერესების დამცველი ხელისუფლება "ბორჯომის" საკითხს გადაწყვეტდა.

ნაბიჯი 1.

საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ამერიკის, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის აქტებს, კრემლთან დაკავშირებული სანქცირებული ოლიგარქების შესახებ, აქვს იურიდიული ძალა საქართველოს ტერიტორიაზე.

ნაბიჯი 2.

საქართველოს პარლამენტი იღებს კანონს სანქცირებული ოლიგარქების ქონების გაყინვის და განკარგვის შესახებ.

ნაბიჯი 3.

სასამართლო, ახალი კანონის შესაბამისად, ნიშნავს საერთაშორისო რეპუტაციულ დროებით მმართველს დაყადაღებული ქონების სამართავად.

ნაბიჯი 4.

დაყადაღებული ქონების საქმიანობიდან და შემდგომი გაყიდვიდან მიღებული ასეულობით მილიონი მიემართება უკრაინაზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესაბამის ანგარიშებზე, საერთაშორისო პრაქტიკის და პრეცედენტის შესაბამისად.

შედეგად, ბორჯომი აგრძელებს საქმიანობას ახალი მმართველის ქვეშ, ხალხი ინარჩუნებს სამუშაო ადგილებს, ბიუჯეტი შემოსავლებს. რაც მთავარია, მოძმე უკრაინასთან ვართ წელში გამართულები და ჩვენი ბიზნესმენები ამაყად ღებულობენ მონაწილეობას უკრაინის რეაბილიტაციაზე გამოყოფილ მრავალმილიარდიან ტენდერებში.

ასე რომ მეგობრებო, ბორჯომის პრობლემა კი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს საგარეო პოლიტიკური კურსის პრობლემა"-წერს გიორგი ქადაგიძე.


ინფორმაცია იმის შესახებ, რომ IDS ბორჯომი წარმოებას დროებით აჩერებდა, კომპანიამ დღეს გაავრცელა.

„გაცნობებთ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა.

კომპანია დღემდე სიტუაციის არსებითი გამოსწორების იმედით აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ მოხერხდა.აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანია იძულებულია, ა/წ 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი. იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარება უახლოეს მომავალში გამოსწორდება და მოგვეცემა ფუნქციონირების განახლების შესაძლებლობა“, - ნათქვამი იყო IDS ბორჯომის განცხადებაში.

რატომ შეეხო ბორჯომს სანქციები:

2013 წლიდან IDS Borjomi-ის საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგი “ალფა ჯგუფი” ფლობს. ამ გარიგებამდე მინერალური წყლების კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი პატარკაციშვილების ოჯახი იყო, რომლებმაც ეს აქტივი $460 მილიონად გაასხვისეს. კომპანიის 40%-იან წილს კვლავ პატარკაციშვილების ოჯახი ფლობს.

დღეს თავად “ალფა ჯგუფის” დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია.

IDS Borjomi International-ის აქტივებში შედის არამხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში მდებარე მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანიებიც. კომპანიის საკუთრებაშია წყლის ჩამომსხმელი საწარმოები უკრაინის ქალაქ მირგოროდსა და მორშინში, რომელიც მინერალურ წყალ Моршинськ-ს ასხამენ. კომპანია ასევე ფლობს რუსეთის ერთ-ერთ წამყვან მტკნარი წყლის ბრენდს Святой источник-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები