გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წევრის, ეკონომიკის პროფესორ არჩილ იაკობაშვილის შეფასებით ირაკლი კობახიძის მტკიცება იმისა, რომ ევროინტეგრაციის გზა შეუცვლელია და ჩვენი ევროპისკენ სვლა გაგრძელდება, ირაკლი კობახიძის პრემიერობის პირობებში არარეალისტურია. ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე წერს.
საქმე ის არის, რომ 23 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაცია ირაკლი კობახიძის და 100-მდე ბიზნესმენის შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც კერძო სექტორის წარმომადგენლების ნაწილმა განაცხადა, რომ პრემიერმა ისინი დაარწმუნა, რომ ევროპაში ჩვენი ინტეგრაციის გზა შეუცვლელია, გადატვირთვა მოხდება ძალიან მალე და ჩვენი გზა ევროპისკენ გაგრძელდება.
არჩილ იაკობაშვილი სვამს კითხვას, როგორ უნდა შეძლოს ირაკლი კობახიძემ ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნება, როდესაც მას ევროპის ყველა მიმართულებით ყველა კარი და ფანჯარა დახურული აქვს. ამ კითხვამდე კი იმ მდგომარეობას აღწერს, რომელიც ქართულ დიპლომატიურ პასპორტებზე ევროკავშირის მხრიდან დაწესებული სანქციების პირობებში მოქმედებს.
„ამ პოსტში შევეცდები იმის ახსნას, რომ აღნიშნული განცხადება, მიუხედავად იმისა აღნიშნული განცხადების შინაარსი სურვილს გამოხატავს, კონკრეტულ მიზანს თუ თვითდამშვიდების მცდელობას, პროფესორ კობახიძის პრემიერობის პირობებში სამწუხაროდ არარეალისტურია.
უპირველესად უნდა აღვნიშნო, რომ ჯანსაღი ბიზნესგარემოს და თანამშრომლობის მისაღწევად კარგი ევროპული სტანდარტია მთავრობის მისვლა ბიზნესთან და არა, პირიქით.
ახლა უშუალოდ საკითხს რაც შეეხება - გასულ კვირას ევროკავშირის სამიტზე მიღებულ იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოდან დიპლომატიური პასპორტის მფლობელთათვის სამოგზაურო შეზღუდვების დაწესების შესახებ, რომლის დაბლოკვა უნგრეთმა ვერ შეძლო.
ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპაში მოგზაურობისთვის პროფესორი კობახიძე დიპლომატიური პასპორტით ვერ ისარგებლებს.
იმისთვის, რომ დიპლომატიური პასპორტის მფლობელების და მათ შორის პროფესორ კობახიძისთვის შენგენის ზონაში მოგზაურობის შეზღუდვა რეალურად უზრუნველეყოთ, ესტონეთმა, ლიტვამ და ლატვიამ მას პიროვნული სანქციები დაუწესეს, რომლებიც ფინანსურთან ერთად სამოგზაურო შეზღუდვას გულისხმობს.
კერძოდ, როდესაც შენგენის რომელიმე წევრი ქვეყანა სამოგზაურო შეზღუდვას უწესებს მოგზაურობის მსურველ პირს, შენგენის ხელშეკრულების მიხედვით არსებობს აღნიშნული შეზღუდვის განთავსების ვალდებულობა ე.წ. SIS-ში (Schengen Information System), რომლის საფუძველზეც შენგენის სხვა წევრ-სახელმწიფოები აგრეთვე ვალდებული არიან, არ დააკმაყოფილონ ვიზაზე განაცხადი.
მაგალითად, თუ პროფესორი კობახიძე შენგენის ვიზაზე განაცხადით მიმართავს უნგრეთის საკონსულოს, შენგენის ხელშეკრულების მიხედვით უნგრეთმა განაცხადი არ უნდა დააკმაყოფილოს ესტონეთის მიერ SIS-ში განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, რადგან უნგრეთი ვერ უზრუნველყოფს, რომ პროფესორი კობახიძე უნგრეთიდან არ გაემგზავროს ესტონეთის, ფინეთის, დანიის და ა.შ. მიმართულებით.
მიუხედავად იმისა, რომ შენგენის წევრები არ არიან ირლანდია და კვიპროსი, მაგრამ არიან ევროკავშირის წევრები, ვიზაზე განაცხადის განხილვისას მათ აგრეთვე აქვთ წვდომა SIS-ზე.
აგრეთვე, შენგენის წევრები არიან ისეთი ევროპული ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან - ნორვეგია, შვეიცარია, ლიხტენშტაინი, მონაკო, სან-მარინო, ანდორა და გიბრალტარი, სადაც პროფესორი კობახიძე, სამწუხაროდ, აგრეთვე არ ვერ შეძლებს მოგზაურობას.
აგრეთვე, SIS შეზღუდვას ვიზაზე განაცხადის განხილვისას ითვალისწინებს დიდი ბრიტანეთი, რომ მოგზაური ლა-მანშის სრუტით საწყლოსნო სატრანსპორტო საშუალებით არ გადავიდეს ევროპის კონტინენტზე ან სარკინიგზო მიმოსვლით ვერ ისარგებლოს, რომლითაც წყალქვეშა ევროტუნელით ლონდონი დაკავშირებულია პარიზთან და ბრიუსელთან.
დიდი ბრიტანეთი აგრეთვე იმიტომ არ დააკმაყოფილებს ვიზაზე განაცხადს, რომ მოგზაურმა ვერ შეძლოს ჩრდილოეთ ირლანდიიდან ირლანდიის რესპუბლიკაში გადასვლა.
სამწუხაროდ, პროფესორი კობახიძე წარმოადგენს პერსონა ნონ-გრატას ლისაბონიდან ტალინამდე და დუბლინიდან ნიქოზიამდე.
დავუბრუნდეთ ზემოთ აღნიშნული ბიზნესწარმომადგენლის თავდაჯერებულ განცხადებას ევროპაში ინტეგრაციის გზის შეუქცევადობის შესახებ და მივმართოთ მას უკუშეკითხვით:
დე ფაქტო მთავრობის მეთაური, ვისთვისაც ყველა კარი და ფანჯარა დახურულია ევროპის ყველა მიმართულებით, როგორ გაიკვლევს გზას ევროინტეგრაციისკენ ?
P.S. ინფო: 28 ნოემბერს თითქოს პროფესორმა კობახიძემ გადადო ევროკავშირთან მოლაპარაკებები, რომლის გახსნა ე.წ. რუსული კანონის გამო სინამდვილეში თავად ევროკავშირმა უვადოდ შეაჩერა ჯერ კიდევ 28 ივნისს.