მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ გამოეხმაურა მსოფლიო საქართველო-პორტუგალიის შეხვედრას?

მსოფლიო მედია საქართველოს ნაკრებზე

საქართველოს ნაკრებმა F ჯგუფის გადამწყვეტ შეხვედრაში პორტუგალიის ეროვნული ნაკრები დაამარცხა და პლეი-ოფის საგზური გაინაღდა. ცხადია, აღნიშნული შეხვედრა უკვე შეფასდა, როგორც ტურნირის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია, რასაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მედია საშუალებები გამოეხმაურნენ.

ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ჩვენს წარმატებას ცალკე სტატია მიუძღვნა:

„საქართველოსთვის დასამახსოვრებელი ევროპის ჩემპიონატი მერვედფინალში გაგრძელდება, მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძის გოლებით პორტუგალია დაამარცხეს. ეს დასამახსოვრებელი გამარჯვება იყო. პორტუგალია ძალიან შეცვლილი შემადგენლობით გამოვიდა და ორ წუთზე ნაკლებ დროში კვარაცხელიამ ანგარიში გახსნა. პორტუგალიამ ვერ გაითვალისწინა საქართველოს საფრთხეები. ლუკა ლოჩოშვილმა პენალტი მოიპოვა და მიქაუტაძემ გაიტანა. საბოლოო ჯამში, სანიოლის ნაკრებმა დამსახურებულად გააღწია ჯგუფიდან“ - ნათქვამია UEFA-ს განცხადებაში.

გავლენიანი მადრიდული გამოცემა MARCA, ჩვენი ნაკრების ასპარეზობას ისტორიულს უწოდებს და ქართველი ფეხბურთელების მოქმედებებს გამოარჩევს:

“საქართველოს პირველი მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე უკვე ისტორიაში ჩაიწერა. “ჯვაროსნებმა” პორტუგალია დაამარცხეს და მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. “ფურია როხა” კი ერთადერთი ნაკრებია, რომელმაც ჯგუფში ყველა თამაში მოიგო. მამარდაშვილის მოგერიებები, მიქაუტაძის გოლები და კვარაცხელიას საოცარი ხარისხი. ამ ყველაფრის შერწყმამ ეს ნაკრები დიდ აღმოჩენად აქცია. მთელი მატჩის მიმდინარეობისას “ვალენსიას” გოლკიპერი მამარდაშვილი დამაჯერებელი იყო და კარი მშრალად შეინახა“ - წერია გამოცემა MARCA-ში.

ინგლისური ავტორიტეტული გამოცემა BBC საქართველოს პორტუგალიის შოკის მიზეზად ასახელებს და საქებარ სიტყვებს არ იშურებს:

“საქართველომ პორტუგალია შოკში ჩააგდო. სანიოლის ნაკრები ისტორიაში შევიდა და სადებიუტო ევრო ტურნირზე მერვედფინალში გავიდა. პორტუგალიას ჯგუფი უკვე მოგებული ჰქონდა, მაგრამ ბოლო მატჩში შოკში ჩავარდა. საქართველო კმაყოფილი იყო იმით, რომ პორტუგალია მათ ფეხბურთის თამაშის საშუალებას აძლევდა. დებიუტანტებმა ჯგუფური ეტაპი შესანიშნავად დაასრულეს. ორგანიზებულმა საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ყველაზე დიდი შოკი გამოიწვია. “ჯვაროსნები” ნაკრები ევრო 2024-ზე საშუალოზე დაბალი დონის გუნდად ითვლებოდა, მაგრამ საქმე იდეალურად შეასრულეს. ქართველი ახალგაზრდებისთვის ეს ბრწყინვალე ღამე იყო. მიქაუტაძემ სამივე მატჩში გაიტანა, ხოლო კვარაცხელია ესპანეთთან რთულ თამაშში კვლავ ისტორიის დაწერას ეცდება“ - წერს BBC.

ამერიკულმა გამოცემა ESPN-მა საერთოდაც მკითხველს ქართული საფეხბურთო ისტორიის მცირე კურსი ჩაუტარა და წარსულში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელები გააცნო:

“არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველომ თურქეთთანაც საუკეთესო თამაში აჩვენა და ეს მატჩი მთელს ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ახლა კი ისინი პლეი-ოფში არიან და შედეგებით ევროპის ჩემპიონატის ჯერჯერობით საუკეთესო გუნდთან, ესპანეთთან მოუწევთ დაპირისპირება. ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი მიქაუტაძემ ყველას გაახსენეს, რომ მათი შესაძლებლობები უსაზღვროა, ხოლო გიორგი მამარდაშვილის შენარჩუნება „ვალენსიას“ ძალიან გაუჭირდება. 1990-2000-იან წლებში ქართულ ფეხბურთს “მილანში“ ჩემპიონთა ლიგის ორგზის მფლობელი და თბილისის მერი კახა კალაძე, “შალკეს“ ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა და ამჟამინდელი სფფ-ს პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და “აიაქსისა“ და “რეინჯერსის“ თავდასხმის ლიდერი შოთა არველაძე წარმოადგენდნენ, რომელიც 26 გოლით დღემდე ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში, საერთო ჯამში, 21 ქართველ ფეხბურთელს აქვს ნათამაშები, თუმცა ყველა ხვდება, რომ მთავარი მიმდინარე წარმატებაა. ამ თაობამ შეძლო და დამოუკიდებელი საქართველო, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე პირველად გაიყვანა, რაც აქამდე ვერავინ შეძლო. ახალგაზრდა მოთამაშეები, რომელთაც ახლა უკვე ყოველგვარი ფსიქოლოგიური სტრესი მოხსნილი აქვთ, მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებენ და მათ გაჩერებაზე უკვე ესპანელებმა უნდა იზრუნონ” - ნათქვამია ESPN-ის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის დაპირისპირება ქალაქ კიოლნში, 30 ივნისს საღამოს 23:00 საათზეა ჩანიშნული. აღნიშნულ ნაკრებებს შორის ჯამში 6 მატჩი გაიმართა, საიდანაც 5-ში ესპანელებმა გაიმარჯვეს, ხოლო ერთხელ საქართველომ მოახერხა გამარჯვება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები