მას შემდეგ, რაც ბაზარზე გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მოდელები გამოჩნდა, კონტენტის შექმნა, ისევე, როგორც კოდის წერა და კვლევა მეტად გამარტივდა, ხოლო კომპანიებმა, რომელმაც ეს ტექნოლოგია განავითარეს, დიდძალი ფინანსური სარგებელი მიიღეს. ეს ტექნოლოგია იმდენად რევოლუციურია, რომ მილიონობით ადამიანი მას ყოველდღიურად იყენებს და დროსთან ერთად, ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაჩქარდება.
გენერაციული ხელოვნური ინტელექტის, იგივე GenAI-ის თავისებურებებზე TECH INFORM-ის გუნდი ამ ტექნოლოგიის ევანგელისტს, დრორ გილს ესაუბრა, რომელიც საქართველოში ისრაელის საელჩოს მიერ ორგანიზებული პროექტის, Innovation Lounge-ის ფარგლებში იმყოფება. ეს საელჩოს გრძელვადიანი პროექტია, რომელიც ქართველის და ისრაელელების დაკავშირებას და ცოდნის გაზიარებას ისახავს მიზნად. დრორ გილთან ჩაწერილ ინტერვიუს სრულად გთავაზობთ.
დრორ, ხელოვნურ ინტელექტს მეცნიერები ათწლეულების განმავლობაში ამუშავებდნენ, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაში Gen AI რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა, რაც ChatGPT-ის და მსგავსი პროგრამების დამსახურებაა, რომელთა გამოყენება ძალიან მარტივია. მინდა მოვისმინო თქვენი შეფასება, თუ რა სიახლე შემოიტანა Gen AI-მ სამყაროში?
ძალიან მასშტაბურია ის ცვლილებები, რომლებიც ბოლო წლებში ვიხილეთ. გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია რვა-ათი წლის წინ გამოჩნდა, მაგრამ განვითარება ბოლო წლებში დაჩქარდა.
ამ ტექნოლოგიაზე მუშაობა 2017 წელს დავიწყე, როცა წამყვანი მოდელი GPT-2 და GPT-3 იყო და ისიც, მხოლოდ პროგრამისტებისთვის იყო ხელმისაწვდომი, რომლებიც მას API-ების მეშვეობით იყენებდნენ. Gen AI-მ გამაოცა, რადგან თუ დავალებას მისცემ, ანუ რაღაცას ჰკითხავ, კი რამდენიმე აბზაცად გიპასუხებს, თანაც აზრიანად.
2022 წლის 30 ნოემბერს მოხდა ის, რასაც დღეს ChatGPT-ის მომენტს ვუწოდებთ, როცა მოდელის გამოყენება ყველას შეეძლო, ამისთვის მხოლოდ ინტერნეტი იყო საჭირო. აი, სწორედ მაშინ გავათვითცნობიერეთ რეალური პოტენციალი: კომპანიებმა ტექნოლოგიის განვითარება დაიწყეს, ხოლო ინდივიდების მხარეს მოთხოვნა გაჩნდა. ასე დაიწყო პროცესი, რომელიც გასული ორ-ნახევარი წლის განმავლობაში მკვეთრად დაჩქარდა.
თუ დავაკვირდებით სტატისტიკას, ChatGPT-ის და Claude-ის მსგავს მოდელებს უმეტესწილად ინდივიდები და კომპანიები იყენებენ. პირველ რიგში, ბიზნესზე ვისაუბროთ. მინდა გკითხოთ, თუ რა რჩევას მისცემდით კომპანიას, რომელიც ბიზნესპროცესებში Gen AI-ის და ზოგადად AI-ის გამოყენებას გეგმავს, როგორც თავად ბიზნესის გასაზრდელად, ასევე ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად. რა უნდა გაითვალისწინონ კომპანიებმა?
პირველი, რაც უნდა გაითვალისწინონ, დაგეგმარების აუცილებლობაა. ეს არის პროცესი, რომელსაც მე “Gen AI-ის ტრანსფორმაციას” ვუწოდებ, მთელ ორგანიზაცია ეხება. თუ ადრე იყო ციფრული ტრანსფორმაცია, როცა კომპანიებმა ინტერნეტში და შემდეგ ქლაუდში გადაინაცვლეს, ახლაც საქმე ტრანსფორმაციასთან გვაქვს. თუმცა ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია რამდენიმე ნიუანსი.
ეს პროცესი მთელ ორგანიზაციას ეხება და არამხოლოდ IT სპეციალისტებს, რადგან Gen AI-ის გამოყენება შეიძლება, როგორც შესყიდვებში, ასევე მარკეტინგში, HR-ში და ფინანსებში — ის ყველასთვისაა ხელმისაწვდომი. ამასთან, პროცესი უკავშირდება არამხოლოდ თანამშრომლებს, არამედ მონაცემებსაც, რომლებიც AI-მოდელისთვის წინასაწარ უნდა მომზადდეს. მესამე ნიუანსია ცვლილების დრო — ციფრულ ტრანსფორმაციას რამდენიმე თვე გეგმავ, ერთი წელი ნერგავ და მომდევნო სამი-ხუთი წლის განმავლობაში საქმე აწყობილია. Gen AI-ის შემთხვევაში პროცესები ყოველ კვირა იცვლება, რადგან დღეს, ჩატბოტი გუშინდელზე უკეთ მუშაობს, ხოლო ბაზარზე ავტონომიური აგენტები ჩნდება.
ვფიქრობ, მთავარი ცვლილება, რომელიც ორგანიზაციამ Gen AI-ის დასანერგად უნდა გაიაროს ისაა, რომ მუდამ მოქნილი იყოს. მენეჯმენტმა უნდა იცოდეს, როგორ დანერგოს ახალი ტექნოლოგიები რამდენიმე თვეში ერთხელ, რადგან ეს ერთადერთი გზაა, რომლითაც კომპანიას კონკურენციის შენარჩუნება შეუძლია. სხვანაირად, AI-აგენტების ჯარით აღჭურვილი ანტრეპრენიორი ყველას აჯობებს.
ხომ ვერ გამაცნობთ ბიზნესში Gen AI-ის გამოყენების წარმატებულ მაგალითს, თუ როგორ გამოიყენება ის ბიზნესის უპრეცედენტო მასშტაბირებისთვის ან ეფექტიანობის გასაზრდელად?
კომპანიებს Gen AI-ის ტრანსფორმაციის სერვისს ვთავაზობ, რომელიც მენეჯმენტთან საუბრით იწყება. ვაჩვენებ, თუ რა პროგრესი განიცადა ტექნოლოგიამ ბოლო წლებში, ისინი კი კომპანიაში მისი დანერგვის მნიშვნელობას ხვდებიან. მოგვიანებით, ტრენინგებს ვიწყებთ, რათა AI-ის შიდა პოლიტიკა ჩამოვაყალიბოთ.
კომპანიების ხელმძღვანელებს ვეუბნებოდი, რომ ეს ტექნოლოგია ყველა ფუნქციისთვისაა მნიშვნელოვანი, რადგან მისი გამოყენება მარკეტინგში, გაყიდვებში, ლოგისტიკაში და შესყიდვებში შეიძლება. Gen AI ეხმარება იმათ, ვინც კომპიუტერთან მუშაობს, ანუ ფაქტობრივად ყველას, გარდა ადამიანებისა, რომლებიც მანქანა-დანადგარებს მართავენ.
თუმცა შემდეგ, ეს პროცესი ფარმაკოლოგიურ კომპანიაში დავიწყე და აღმოვაჩინე, რომ Gen AI-ის გამოყენება მანქანა-დანადგარების ოპერატორებისთვისაც ყოფილა აქტუალურილი. მანქანის გამოყენების წიგნაკს ChatGPT-ის ვაძლევთ, ხოლო მოგვიანებით ოპერატორს ვესაუბრებით და რამდენიმესაათიან ინტერვიუს ვტვირთავთ. შედეგად, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ახალ თანამშრომელსაც შეუძლია, რომელმაც კითხვები უნდა დასვას, რაზედაც ექსპერტულ პასუხს მიიღებს, ანუ AI ეტყვის, პრობლემა როგორ უნდა მოაგვაროს. ამ სისტემის საფუძველზე შემიძლია შევქმნა ტრენინგი და ჩავატარო ქვიზები, ანუ თანამშრომელთა ონბორდინგი, რომელსაც რამდენიმე თვე სჭირდებოდა, ახლა რამდენიმე კვირაში სრულდება.
ეს ყველაფერი ომნივერსს მახსენებს, რომელიც NVIDIA-მ ცოტა ხნის წინ გაუშვა — ეს არის ციფრული სივრცე, სადაც რობოტების დასწავლა ფიზიკური სამყაროსგან განცალკევებით, ქლაუდში შეიძლება… მინდა გკითხოთ ძირითად არასწორ წარმოდგენებზე, რომლებიც კომპანიებს Gen AI-სთან მიმართებით აქვთ, როცა ამ ტექნოლოგიის ინტეგრაციაზე ფიქრობენ?
ერთი არასწორი შეხედულება, რომელსაც ყოველთვის ვხვდები, ისაა, თითქოს გენერაციული ხელოვნური ინტელექტი კომპანიის უსაფრთხოების სისტემაში ხვრელს წარმოადგენს. მენეჯერები ამბობენ, თუ AI-მოდელს დავამუშავებ, ჩემს პირად ინფორმაციას ყველა ნახავსო, ასე რომ ურჩევნიათ Gen AI აკრძალონ. კომპანიები, რომლებიც ასე იქცევიან, კონკურენტებს ჩამორჩებიან, რადგან ისინი Gen AI-ის იყენებენ.
მესმის, თუ საიდან მოდის ეს შეხედულება, რადგან თუ უფასო მოდელის გამომწერი ხართ, კომპანია მას მოდელის დასწავლისთვის იყენებთ. თუმცა ყოველთვის შეგიძლიათ აირჩიოთ, რომ სისტემამ თქვენი მონაცემები დასწავლისთვის არ გამოიყენოს. თუკი ფასიან ვერსიას იყენებთ, ეს ფუნქცია ავტომატურადაა ჩართული. ამგვარად, შიში იმისა, რომ თქვენი ნაწერი სხვაგან აღმოჩნდება, უსაფუძვლოა.
ის ფაქტი, რომ თქვენი ინფორმაცია სერვერზე ინახება, მართალია. ChatGPT-ის შემთხვევაში, სერვერს OpenAI ფლობს, CoPilot-ის შემთხვევაში — Microsoft-ი, Gemini-ის შემთხვევაში კი — Google-ი. თუმცა თქვენი სხვა ინფორმაციაც ხომ ამ სერვერებზე ინახება? თუ Office 365-ის მომხმარებელი ხართ, თქვენი ინფორმაცია ისედაც Microsoft-ის სერვერზე ინახება, ასე რომ უნდა აირჩიოთ კომპანია, რომელსაც ენდობით, მაგრამ Gen AI-ის სრულად აკრძალვა გამოსავალი არ არის, რადგან დაბრკოლებების აღმოფხვრა მარტივადაა შესაძლებელი.
თუ თქვენი ორგანიზაცია მონაცემების მიმართ მგრძნობიარეა, ანუ თუ პირობითად თავდაცვაში ან ფინანსებში ოპერირებთ, AI-მოდელის გაშვება ლოკალურადაც შეიძლება, მათ შორის თქვენს სერვერებზე, რაც ნიშნავს, რომ ინფორმაცია თქვენი ქსელიდან ინტერნეტში არ გაჟონავს. ამ მიმართულებით ბევრი ღია AI-მოდელია ხელმისაწვდომი, რომელთა გაშვება ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, ლოკალურად შეიძლება.
ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, ვინც ChatGPT-ის და სხვა მოდელებს ყოველდღიურად იყენებს, დღევანდელი დღე ძალიან რევოლუციურია. მართალია იმ დროს არ ვიყავი, მაგრამ მგონია, რომ ყველაფერი ეს ჰგავს იმ პროცესს, როცა ადამიანებმა ინტერნეტის გამოყენება დაიწყეს. თუმცა დღეს, საქართველოში, ადამიანები Gen AI-ის იმ დოზით არ იყენებენ, რა დოზითაც ეს აუცილებელია, არადა ვხედავ მომავალს, სადაც AI-ის გამოყენება ისეთივე ყოველდღიური აქტივობაა, როგორიც, მაგალითად, "სქროლვა". მომავლის სამყაროში, სადაც Gen AI-ის ყველა იყენებს, როგორ უნდა აჯობოს ინდივიდმა და კომპანიამ მის კონკურენტებს და როგორ უნდა გახდნენ სხვაზე უკეთესები?
ეს კითხვა გამოყენების პრობლემას მახსენებს. კომპანიამ ახალი ტექნოლოგიები რომ დანერგოს, ის მოქნილი და მომზადებული უნდა იყოს. ამასთან, კომპანიაში მცირე ზომის გუნდიც უნდა შეიქმნას, რომელიც ახალ ხელსაწყოებს იყენებს, მათ კომპანიის ბიზნესპროცესებს უსადაგებს და დასკვნები გამოაქვს. თუ ეს პროცესი ეფექტიანად დაინერგა, კომპანია თანამედროვე იქნება, მაგრამ თუ ნელა ოპერირებთ და ChatGPT-ის გამოყენებას დღეს იწყებთ, მაშინ კონკურენტებს ჩამორჩებით, რადგან კონკურენტები უკვე AI-აგენტებს იყენებენ. მთავარია, კომპანია მოქნილი იყოს და ცვლილებებს ფეხი აუბას.
რა არის მთავარი მითები, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტთან მიმართებით გესმით და რომელთაც შეუძლიათ AI-ის გამოყენების პროცესი შეაჩერონ?
როგორც ახსენეთ, საქართველოში AI არასაკმარისად გამოიყენება, რაც იმით აიხსნება, რომ ადამიანებს ტექნოლოგია აშინებთ. როგორც ისინი ამბობენ, ეს რთული და ღრმა ტექნოლოგიაა, ხოლო მე ტექნიკური ადამიანი არ ვარ, შესაბამისად ვერც ამ ტექნოლოგიას გამოვიყენებ. სიმართლე კი ისაა, რომ შიგნით — ეს ტექნოლოგია მართლაც ძალიან რთული და ღრმაა, მაგრამ გამართული ინტერფეისის დახმარებით, ამ ტექნოლოგიის გამოყენება ძალიან მარტივია.
წარმოიდგინეთ, რომ AI-ის WhatsApp-ში წერთ და პასუხს იქვე იღებთ — ეს პროცესები ძალიან მსგავსია. თუ მობილურის აპლიკაციას იყენებთ, AI-სთან ლაპარაკიც კი შეგიძლიათ, ვითომ ადამიანს ელაპარაკებით. ეს ძალიან ბუნებრივია, რის გამოც ამ ტექნოლოგიის გამოყენება ყველას შეუძლია, როგორც მასწავლებლად, ასევე კომპანიონად.
ეს პოტენციალი, ჯერჯერობით, არასაკმარისადაა ათვისებული, მაგრამ AI-ის გამოყენება სკოლებში იწყება, რადგან მოდელს შეუძლია ბავშვებს ასაკის და მათი ცოდნის დონის მიხედვით მიუდგეს. მოდელს ისიც კი შეუძლია, მოსწავლეებს მათთვის ნაცნობი მეტაფორებით ელაპარაკოს. შეგიძლია უთხრათ, გასწავლოთ ფარდობითობის თეორია, ოღონდ როკმუსიკის ელემენტებით, რასაც ნამდვილად აკეთებს, თანაც მოსწავლეები ამ პროცესში მეტად ერთვებიან, რადგან კონკრეტულ საგანთან უფრო მჭიდრო კავშირის დამყარება შეუძლიათ.
ამგვარად, AI-ის განათლებაში გამოყენების პოტენციალი ძალიან დიდია. როგორც ახსენეთ, თქვენ AI-მოდელებს ყოველ დღე იყენებთ და ეს არის ის მიდგომა, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს. მეც AI-ის ყოველდღე ვიყენებ და ეს ყველამ უნდა მოახერხოს. იმ დროს, როცა რაღაც აზრი გაგიჩნდებათ, უნდა ჰკითხოთ ChatGPT-ის და არა Google-ს, რადგან თუ ამ მიდგომას აირჩევთ, უფრო პროდუქტიული გახდებით.
ეს ძალიან სწორი რემარკაა, რადგან დიდი ხანია, რაც Google-ი არ გამომიყენებია. ის უბრალოდ არ არის ისეთივე ეფექტიანი, როგორიც ChatGPT, რომელიც კონტექსტის გათვალისწინებით გპასუხობს, რაც უკეთესია. ეს თემა კიდევ ერთ კითხვას მახსენებს, რომელიც ინდივიდების მიერ AI-ის გამოყენებით ბიზნესის დაწყებას გულისხმობს. როგორც ვიცი, ამ თემაზე ლექციას ატარებთ. ხომ ვერ მომიყვებით, ამ მიმართულებით რას ფიქრობთ?
ეს პროექტი ორი წლის წინ დავიწყე, როცა ChatGPT რამდენიმე კვირის გამოსული იყო. ჩემი წარსული ანტრეპრენიორობას უკავშირდება და ჩატბოტს რომ ვიყენებდი, ვიფიქრე, თუ როგორ შემიძლია მისი გამოყენება ჩემი სტარტაპისთვის. საკუთარ თავს მიზანი დავუსახე — ვთქვი, რომ ChatGPT-ის გამოყენებით სტარტაპს ერთ საათში შევქმნიდი, თანაც ისე, რომ იდეის შესახებ არაფერი ვიცოდი.
პირველ რიგში ვკითხე, თუ როგორ უნდა შევქმნა სტარტაპი, რაზედაც მიპასუხა, რომ გჭირდება იდეა, ბიზნესგეგმა, ინვესტიცია და პროდუქტი. ვიფიქრე, მოდი, პირველი ნაბიჯით დავიწყოთ-მეთქი და ChatGPT-ის ისეთი იდეის შექმნა ვთხოვე, რომელიც ინოვაციური იქნებოდა და თან, მასშტაბირების და შემოსავლის გენერირების დიდი შესაძლებლობა ექნებოდა. ბევრი იდეა მომცა და ის ავირჩიე, რომელიც სამართლებრივი დოკუმენტების ანალიზს აკეთებდა. ბევრი სახელიც მომცა, მე კი Legal IQ ავირჩიე. სლოგანებიც მომცა და ერთ-ერთი საუკეთესო ავირჩიე, მერე კი პრეზენტაციის და ინვესტორებისთვის აუცილებელი სხვა დოკუმენტების მომზადება დავავალე. მოგვიანებით იყო ვებგვერდი და ყველაფერი სხვა.
ყველაზე საოცარი კი ის მომენტი იყო, როცა პროდუქტის მომზადება ვთხოვე. ვუთხარი, პროდუქტისთვის ტექნიკური დოკუმენტაცია შეედგინა, მოგვიანებით კი ამა თუ იმ ფუნქციისთვის პითონის კოდიც კი დავაწერინე. კოდიდან ნათელი გახდა, რომ სისტემა საკვანძო სიტყვებს აკვირდება, რომლებიც სამართლებრივი კომპანიისთვისაა აუცილებელი — ChatGPT-მ დაწერა კოდი, რომელიც მუშაობდა. მერე იყო მარკეტინგი და ბევრი სხვა რამ, ბოლოს კი ვკითხე, თუ როგორ გავყიდო კომპანია, რაზედაც რამდენიმე კომპანია შემომთავაზა და მათთან დასადები კონტრაქტიც კი დააგენერირა.
აი, ასე მივედი ნულიდან კომპანიამდე. ხელოვნურ ინტელექტს, ცხადია, კომპანია არ შეუქმნია, მაგრამ მნიშვნელოვანი დოკუმენტები მოამზადა. მოგვიანებით, ამის შესახებ Linkedin-ზე დავწერე, რათა ანტრეპრენიორებს ენახათ, რომ AI-ის გამოყენება ყველაფრისთვის შეიძლება. დღესაც ამ საქმეს ვაგრძელებ და კომპანიებს ვეხმარები.
საოცარია, რომ ახლა 2025 წელია, ანუ წარმოდგენაც კი რთულია იმისა, თუ რას იზამს ეს ტექნოლოგია მომდევნო ათი ან თხუთმეტი წლის განმავლობაში, რადგან მისი პოტენციალი უსაზღვროა. დრორ, მინდა გკითხოთ საქართველოში თქვენი ვიზიტის შესახებ. ჩვენს ქვეყანაში ისრაელის საელჩოს მიერ ორგანიზებული პროექტის, Innovation Lounge-ის ფარგლებში იმყოფებით. ჩვენს ერებს შორის თანამშრომლობის ისტორია მრავალ საუკუნეს ითვლის და ახლა, თანამშრომლობა ინოვაციურობაზე ფოკუსირდება, რადგან ისრაელი ტექნოლოგიების მიმართულებით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში. თქვენი შეფასებით, როგორ აახლოებს და აერთიანებს ამ ტიპის ღონისძიება ერებს?
Innovation Lounge-ი ეფუძნება შეხვედრების სერიას, რომელიც ისრაელში თხუთმეტი წლის წინ დავიწყე. ეს ანტრეპრენიორების და ინვესტორების ყოველთვიური შეხვედრა იყო, რომელზედაც ისინი ტექნოლოგიებზე, წარმატების და წარუმატებლობის ისტორიებზე საუბრობდნენ. ეს დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდა, რის შემდეგაც ჩემს მშობლიურ ქალაქ ჰაიფაში კომუნა შეიქმნა, რადგან ამ დრომდე, ტექნოლოგიური ტალანტი უმეტესწილად თელ-ავივში იყო კონცენტრირებული.
Innovation Lounge-ი არის სივრცე, სადაც კომუნა იქმნება. ეს არის ადგილი, სადაც ადამიანები იკრიბებიან, იდეებს განიხილავენ და თანამშრომლობას იწყებენ. ამასთან, შეუძლიათ მოისმინონ იდეები, რომელთაც საკუთარ ბიზნესში დანერგავენ. ისრაელელი ანტრეპრენიორების და ტექნოლოგიური ექსპერტების საქართველოში მოწვევით, ქართულ და ისრაელულ ეკოსისტემებს შორის სინერგიული ეფექტი შეიქმნება. ისრაელში ბევრი სტარტაპი და ათობით იუნიქორნი გვყავს. ალბათ გაიგებდით, რომ ისრაელური სტარტაპი Wiz-ი Google-მა $32 მილიარდად შეიძინა. ეს საუცხოო ექსიტია ისტორიაში. ამგვარად, ბევრი რამის სწავლა და გაცვლა შეიძლება.
საქართველოში ბევრი ადამიანია, რომელთაც ტექნიკური უნარები აქვთ და ყველაფერი ეს, ისევ და ისევ, ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება, რადგან დღეს, Gen AI ხელსაწყოების გამოყენებით კოდის დაწერაც შეიძლება, რაც პროტოტიპის შექმნას ამარტივებს. თუ ამ ტექნოლოგიას იდეებთან და ადამიანებთან დავაკავშირებთ, შესანიშნავ შედეგებს მივიღებთ.