მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ იცვლებოდა საქართველოში ინფლაცია ბოლო 10 წელში

60def37f77723
შოთა ტყეშელაშვილი
02.07.21 15:08
• 1020
ინფლაცია დღეს საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. დღეს გამოქვეყნდა ანგარიში, საიდანაც ირკვევა, რომ ინფლაცია, რომელიც ისედაც 7.7%-მდე იყო გაზრდილი, ივნისში კიდევ უფრო მეტად - 9.9%-მდე გაიზარდა. ასეთი მაღალი ინფლაცია საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ყოფილა.

საქართველოში ფასების საერთო დონეზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია, ამ მიზნის მიღწევისთვის კი სებ-ი ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს იყენებს, რისთვისაც რეფინანსირების სესხების განაკვეთს საჭიროებიდან გამომდინარე ზრდის ან ამცირებს. 2021 წლისთვის სებ-ის სამიზნე ინფლაცია 3%-ს შეადგენდა, შესაბამისად ამჟამად არსებული ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს ზუსტად 3.3-ჯერ აღემატება. მკვეთრად გაზრდილი ინფლაციის გამო, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი აპრილის ბოლოს 9.5%-ზე გაზარდა, რაც 2008 წლის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთის მაქსიმალური მაჩვენებელია.

როგორც 10 წლის ჭრილში ინფლაციის ამსახველი გრაფიკიდან ჩანს, ქვეყანაში ფასების ზრდის რამდენიმე ტალღა იყო. კერძოდ კი 2011 წელს დასრულდა 2010-2011 წლის ინფლაციური ტალღა, რომელიც ამჯამად არსებულ ინფლაციას აღემატებოდა. სტატისტიკის თანახმად, მას შემდეგ ქვეყანაში 6%-ზე მაღალი ინფლაცია სულ რამდენჯერმე იყო - მათ შორის 2015 წელს, როდესაც ქვეყანაში სავალუტო კრიზისის პირველი ტალღა იყო. შემდეგ ინფლაცია უფრო განგრძობითად 6%-ს აღემატებოდა 2017 წელს, მაშინაც წამყვანი მიზეზი სავალუტო კრიზისის ახალი ტალღა იყო. ხოლო მთელი 2019 წლის განმავლობაში ქვეყანაში განგრძობითად მაღალი ინფლაცია შენარჩუნდა, 2020 წლიდან კი პანდემიური კრიზისიც დაიწყო.

TBC Capital-ის ახალი პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია მომდევნო თვეებშიც მაღალ ნიშნულზე დარჩება და ის 6%-მდე მხოლოდ ნოემბერში შემცირდება, ხოლო საბაზისო ეფექტის გამო ორგანიზაცია დეკემბერში ინფლაციის კვლავ 7.4%-მდე გაზრდას პროგნოზირებს და ის 2022 წლის იანვარსა და თებერვალშიც მაღალ ნიშნულზე იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები