ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აგვისტოსთან შედარებით ქვეყანაში ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, 2026 წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით ერთწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა. იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ფასების ცვლილებას 4%-6%-ისა და 6%-8%-ის ფარგლებში ფიქრობენ, მნიშვნელოვნად მომატებულია. ამავდროულად, შემცირებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ფასების უცვლელობას (0%) ან/და 0%-2%-ისა და 2%-4%-ის ფარგლებში ზრდას მოიაზრებენ.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, მიმდინარე წლის სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. ერთი მხრივ, მონაწილეთა იმ რაოდენობამ, რომლებიც მომდევნო სამი წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 6%-8%- ის ინტერვალსა და 8%-ზე მეტად ფიქრობენ, მოიმატა. მეორე მხრივ, შემცირდა იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებიც ფასების შედარებით დაბალ ინტერვალში ზრდას მოიაზრებენ, კერძოდ, 0%-2%-ის, 2%-4%-ისა და 4%-6%-ის ინტერვალში ელოდებიან.
გამოკითხულთა აზრით, საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ზრდის მოლოდინი 1 წლიან პერიოდში ასევე მომატებულია. ერთი მხრივ, გაზრდილია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ცვლილებას 8%-ზე მეტად, 6%-8%-ისა და 2-4%-ის ინტერვალში ფიქრობენ. მეორე მხრივ, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც საკუთარ პროდუქციაზე/მომსახურებაზე ფასების ცვლილებას უფრო დაბალ ინტერვალში, 0%-2%-ისა და 0%-ის ირგვლივ ელოდებიან, შემცირდა.
ამავე გამოკითხვის მიხედვით, სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით მოლოდინები ხელფასების ზრდაზე მომატებულია. კერძოდ, იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების ცვლილებას 20%- 30%-ის შუალედსა და 30%-ზე მეტად ელოდებიან, გაზრდილია. ამავდროულად, რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც ხელფასების უცვლელად შენარჩუნებას ელოდებიან შემცირებულია.
გამოკითხულთა აზრით, სექტემბერში კომპანიაში წარმოებისათვის საჭირო რესურსების გამოყენების ეფექტიანობა (კომპანიის რესურსების რეალური გამოყენება, მაქსიმალურ გამოყენებასთან შედარებით) წინა თვესთან შედარებით გაზრდილია.
























