მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ იხარჯება "თიბისის" და "საქართველოს ბანკის" მიერ გამოყოფილი ₾5 მილიონი?

საქართველო
სტატიაში საუბარია:

ორი თვე გადის, რაც „თიბისიმ“ და „საქართველოს ბანკმა“, ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, როგორც მოქალაქეების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 5 მილიონი ლარი გამოჰყვეს.

BMG დაინტერესდა, კონკრეტულად რა მიმართულებებით იხარჯება 5 მლნ ლარი და ამ დროისთვის, რა თანხაა დარჩენილი.

აღსანიშნავია, რომ ორივე ბანკს აღნიშნული ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდზე აქვს გამოქვეყნებული და როგორც ირკვევა, ₾5 მილიონიდან უკვე გადანაწილებულია 2,629,225 ლარი, შესაბამისად, დარჩენილია 2 370 775 ლარი.

მაგალითად, ორი თვის განმავლობაში „ნანუკას ფონდში“, რომელიც ეხმარება სტუდენტებს - როგორც სწავლის, ასევე ქირის გადასახადს უნაზღაურებს - გადარიცხულია 375 000 ლარი. ფონდის მხარდამჭერია "თიბისი". ორი სისტემური ბანკისგან 400 000 ლარი გადაერიცხა ნიკა გილაურის „ფროსფერითი ჯორჯიას“. ამ ფონდის საქმიანობა მოიცავს ფინანსურ, იურიდიულ და სამედიცინო ინიციატივებს. ორი ბანკის მიერ გამოყოფილი ₾5 მილიონიდან ₾400 000 გადაირიცხა ფონდში „ერთმანეთისთვის“, რომლის საქმიანობა მოიცავს ფინანსურ და იურიდიულ ინიციატივებს და ა.შ.

ბანკების ვებგვერდებზე ჯერ არ ასახულა, მაგრამ „თიბისი ბანკის“ მიერ გამოყოფილი თანხიდან 304 000 ლარი გადაერიცხა თანამედროვე ხელოვნების ფონდს, რომელიც ეხმარება ტექნიკურ პერსონალს, მსახიობებს, მხატვრებს, რეჟისორებს, კომპოზიტორებს მუსიკოსებს რეგიონის თეატრების თანამშრომლებს და ა.შ.

რაც შეეხება უშუალოდ ბიზნესების მხარდაჭერისკენ მიმართულ თანხებს, 200 000 ლარი გადაერიცხა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციას - ფონდი ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს და მისი მხარდამჭერია "საქართველოს ბანკი". 332 098 ლარი თიბისის და tkt.ge-ის საერთო ინიციატივის ფარგლებში, დეკემბრის თვის განმავლობაში დაგეგმილი და გაუქმებული ღონისძიებების ბილეთების საფასური სრულად ჩაირიცხა თეატრებთან, მათი და მსახიობების მხარდასაჭერად.

უფრო დეტალურად, კონკრეტული ფონდების, ორგანიზაციების და მიზნობრიობის მიხედვით 5 მლნ ლარის ხარჯვის შესახებ მონაცემებს შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმში გაეცნოთ, როგორც „თიბისის“, ისე „საქართველოს ბანკის“ ვებგვერდებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები