"ვფიქრობ, თუ სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედებს ბიზნესი - დისტრიბუციაც და ქსელური მაღაზიებიც, შესაძლებელი იქნება ფასების შემცირება", - ამის შესახებ "ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.
მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ 4,7-ჯერ გაიზარდა ადამიანების მიერ ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადების სახით გადახდილი თანხა და ეს მონაცემები მანიპულაციას არ ექვემდებარება.
"ადამიანები იღებენ 5-ჯერ მეტ შემოსავალს და 20 პროცენტს იხდიან საშემოსავლო გადასახადის სახით. ასეთ პირობებში რეალურად ხარჯებში სურსათზე ხარჯების წილი უნდა შემცირებულიყო, მაგრამ არ შემცირდა, ამიტომ გამოგვაქვს ჩვენ დასკვნა, რომ ფასების შემცირების რესურსი არსებობს. რაც შეეხება ქსელის გაფართოებას, რატომ არის ეს პრობლემა. ერთი და ორი მაღაზია გვერდიგვერდ ცალკე აღებული შეიძლება არ იყოს პრობლემა, მაგრამ როდესაც ფართოვდება ქსელი ჭარბად, ეს ზრდის დისტრიბუციის ხარჯებს. ჩვენ ინფორმაციაც მოგვაწოდეს შეხვედრებზე, რომ გახსნილი მაღაზიების დაახლოებით ნახევარიც კი, ხშირ შემთხვევაში წაგებაზე მუშაობს. ქსელს აქვს ექსპანსიის ინტერესი იმისთვის, რომ ბაზარი რაც შეიძლება მეტად მოიცვას და ჩაანაცვლოს სხვა მაღაზიები. ფართოვდებიან, მათ შორის რის ხარჯზე - ფასებს ზრდიან, იღებენ დამატებით თანხებს ჩვენი მოქალაქეების ჯიბეებიდან, აფართოებენ ქსელს და საბოლოო ჯამში იზრდება ფასები. თავის დროზე ქეშბექი ბევრად ნაკლებით დაიწყო, 4% იყო და ზოგ შემთხვევაში 50%-მდე გაიზარდა. ბიზნესი უნდა იყოს, თავისუფალი და ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი და ამით ვამაყობთ, 2012 წლიდან ეს ვითარება შეიცვალა, მაგრამ აქ არის სოციალური პასუხისმგებლობა. ერთია, რომ მოგებაზეა მაქსიმალურად ორიენტირებული ბიზნესი, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედებს ბიზნესი - დისტრიბუციაც და ქსელური მაღაზიებიც, შესაძლებელი იქნება ფასების შემცირება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება ფასნამატს, კობახიძე შემდეგნაირად ხსნის:
"ჩვენ შევისწავლეთ საერთაშორისო პრაქტიკა და ვნახეთ, რომ ფასნამატი ევროპულ ქვეყნებში 20-დან 30%-მდე მერყეობს, საწყობიდან თარომდე. ჩვენს შემთხვევაში არის 86%, რაც არის მაღალი მაჩვენებელი. რაც შეეხება მოთხოვნა-მიწოდების საკითხს, აქ მთავარი პრობლემა ეს არის - მოსახლეობას გაეზარდა შემოსავლები, ამ წლების განმავლობაში თითქმის 5-ჯერ არის გაზრდილი მოსახლეობის შემოსავლები. ეს ქსელებს, დისტრიბუტორებს, იმპორტიორებს აძლევს შესაძლებლობას, მეტი გაყიდონ და მეტად გაყიდონ. შეიძლება მოსახლეობას მეტის გადახდის რესურსი ჰქონდეს, მაგრამ თუ ბიზნესი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედებს, შესთავაზებს მოქალაქეს არა იმ ფასს, რასაც დღეს სთავაზობს, არამედ შედარებით უფრო დაბალ ფასს და მიგვაჩნია, რომ ამის რესურსი არსებობს“, - განაცხადა კობახიძემ.




























