საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე ხორბლის საექსპორტო ფასმა 7%-ით მოიმატა, რისი მთავარი მიზეზიც ირანზე განხორციელებული სამხედრო დარტყმების ფონზე გაჩენილი გეოპოლიტიკური გაურკვევლობაა.
ამჟამინდელი მონაცემებით, ერთთვიან პერიოდში ხორბალი საშუალოდ 17%-ით არის გაძვირებული, ხოლო წლის დასაწყისიდან დღემდე მატების მაჩვენებელი 22%-ს აღწევს. ამჟამად ბუშელი საქონლის ფასი ბირჟაზე 6.14 დოლარს შეადგენს.
ანალიტიკოსების განმარტებით, ინვესტორები და ტრეიდერები ამჟამად აფასებენ იმ პოტენციურ გავლენას, რომელიც შესაძლოა ამ კონფლიქტმა მარცვლეულის მიწოდების ჯაჭვსა და ლოგისტიკაზე იქონიოს.
მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ირანი არ წარმოადგენს ხორბლის მსხვილ ექსპორტიორს, რეგიონში დაძაბულობის ზრდამ ნავთობის ფასების მერყეობა და სატვირთო გადაზიდვების დაზღვევის გაძვირება გამოიწვია, რაც პირდაპირ აისახება ნებისმიერი საექსპორტო საქონლის ღირებულებაზე, რადგან გლობალურად ლოგისტიკა გაძვირებულია.




























