გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ლევან ჯღარკავამ დეტალურად აღწერა ის პროცედურა, რომელსაც ეკიპაჟები სატრანსპორტო საშუალების შემოწმებისას გადიან. ამის შესახებ მან პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, ხილული გამონაბოლქვის კონტროლის აღსრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშის მოსმენაზე.
"ჩვენი ეკიპაჟი აჩერებს სატრანსპორტო საშუალებას. მინდა აღვნიშნო, რომ კანონმდებლობით ჩვენი ეკიპაჟების არ დამორჩილება ისჯება საკმაოდ მაღალი სანქციით, რომელიც შეადგენს 5,000 ლარს. ამიტომ სტატისტიკურად ყველა გვიჩერებს და ექვემდებარება კანონმდებლობას.
შემდგომ ხდება მისი ინსპექტირება, ანუ აპარატის ინსტალაცია, მილში გაზომვა, არის თუ არა გადამეტება, როგორც ბენზინის, ასევე დიზელის ძრავის შემთხვევაში. თუ აღმოჩნდა უკვე გადამეტება, მძღოლს თუ მესაკუთრეს, უკვე გამოეწერება ადგილზე საჯარიმო ქვითარი", - ამბობს ჯღარკავა.

მისივე თქმით, ინსპექტირების პროცესში გადამწყვეტ როლს თამაშობს თანამედროვე ტექნოლოგიები და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ინტეგრირებული სისტემები. ჯღარკავა აღნიშნავს, რომ მთელი პროცედურა მაქსიმალურად გაციფრულებულია.
"ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში ვმოქმედებთ ელექტრონული სისტემებით. როგორც კი მანქანის ტექნიკურ პასპორტს ავიღებთ ჯარიმის გამოსაწერად, ეს ავტომატურად გადაეცემა და გენერირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზასთან, სადაც მესაკუთრე, მანქანის მფლობელი თუ მძღოლი იდენტიფიცირდება და ავტომატურ რეჟიმში გამოეწერება მას ელექტრონული საჯარიმო ქვითარი", - ამბობს ჯღარკავა.
როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი განმარტავს, არსებობს ტერიტორიული შეზღუდვები, რაც ამ ეტაპზე ხელს უშლის კონტროლის გავრცელებას მაგისტრალებზე.
"კანონით განსაზღვრულია ოთხი ქალაქი. ამ ქალაქების საზღვრის დატოვების შემდეგაც, თუნდაც ვთქვათ თბილისიდან რუსთავამდე შუა მაგისტრალზე, უკვე ჩვენი იურისდიქცია აღარ ვრცელდება და ჩაკეტილი ვართ ადმინისტრაციულ საზღვრებში. იმ შემთხვევაში, თუ მანქანა გასცდა ჩვენს საზღვრებს, ჩვენი ჯარიმა ვალიდური არ არის.
ფაქტობრივად, როგორც კი საზღვარს გასცდება ავტომობილი, ჩვენ მის ადევნებას ვწყვეტთ, იმიტომ რომ სამართლებრივადაც არ იქნება სწორი და იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ჯარიმა გასაჩივრდა, ბუნებრივია, 100%-ით წავაგებთ", - განაცხადა ჯღარკავამ.
ხილული გამონაბოლქვის კონტროლი ამჟამად მხოლოდ თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ხორციელდება. ეკიპაჟები 10:00-დან 16:00 საათამდე მუშაობენ, ხოლო ერთი ავტომობილის სრულ შემოწმებას საშუალოდ 12-15 წუთი სჭირდება. სამომავლოდ დეპარტამენტი გეგმავს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებისა და რესურსების მობილიზების კვალდაკვალ, კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის მაგისტრალებზეც განახორციელოს.




























