მაიკლ ბლუმბერგის ისტორია ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია ამერიკულ ბიზნესში. Salomon Brothers-იდან გამოშვებული რიგითი თანამშრომელი რამდენიმე წელიწადში მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი და ნიუ-იორკის მერი გახდა. მისი ქონების შეფასება ამჟამად 110 მილიარდ დოლარს აღწევს და გავლენიან მედიასთან ერთად, Bloomberg-ის ტერმინალი გლობალური ფინანსური სისტემის საყრდენი ფუნდამენტია.
ნორვეგიის სუვერენული სიმდიდრის ფონდის დირექტორთან, ნიკოლაი ტანგენთან ინტერვიუში ბლუმბერგი გვიზიარებს იმ პრინციპებს, რომლებმაც მისი იმპერია შექმნეს:
1. მარცხი, როგორც ახალი შესაძლებლობა
ბლუმბერგის კარიერაში გადამწყვეტი მომენტი Salomon Brothers-იდან მისი გათავისუფლება იყო. ბევრი ამას ტრაგედიად აღიქვამდა, მან კი მეორე დღესვე საკუთარი საქმის კეთება დაიწყო. მისი წარმატების საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მას არ ეშინოდა რისკის. მისი თქმით, "სულელური იდეაც კი შეიძლება მუშაობდეს", ერთ დროს, სწორედ ასეთი იდეა იყოს Bloomberg-ის პლატფორმა, რომელიც სარისკო სტარტაპიდან გლობალურ გიგანტად იქცა.
2. ფოკუსირება გამოცდილებაზე და არა სტატუსზე
ბლუმბერგი აღნიშნავს, რომ თანამედროვე ახალგაზრდები ხშირად ცდებიან, როდესაც სამსახურს მხოლოდ მაღალი ხელფასისა და პრესტიჟული ტიტულის გამო ირჩევენ. თავად მან კარიერის დასაწყისში უფრო დაბალხელფასიანი სამსახური აირჩია, რადგან იქაური გარემო და კოლექტივი უფრო მოეწონა. მისი აზრით, ახალგაზრდობაში მთავარი გამოცდილების მიღება და მეგობრების შეძენაა და არა სტატუსზე ფიქრი.
3. მომხმარებლის საჭიროებების წინასწარჭვრეტა
Bloomberg-ის ტერმინალმა ფინანსურ სამყაროში რევოლუცია მოახდინა, რადგან მაიკლმა დაინახა ის, რასაც სხვები ვერ ამჩნევდნენ. მანამდე კომპიუტერები მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებს აჩვენებდნენ, მან კი შექმნა სისტემა, რომელიც ამ მონაცემების ანალიზის საშუალებას იძლეოდა. ბლუმბერგის ფილოსოფია მარტივია: არ დაელოდო, რას გეტყვის მომხმარებელი, არამედ მიეცი მას ის, რაც მის საქმიანობას რეალურად გააუმჯობესებს.
4. აჯობე სხვებს შრომით
ბლუმბერგი დღემდე, 83 წლის ასაკშიც კი დილის 7 საათზე ოფისშია. მისი აზრით, წარმატების მისაღწევად საჭიროა დაუღალავი შრომა. თუმცა, ის ხაზს უსვამს ბალანსის მნიშვნელობასაც. მისი თქმით, შრომა უნდა იყოს ეფექტური, მაგრამ ადამიანს უნდა დარჩეს დრო ოჯახისა და მეგობრებისთვის, რათა არ გამოიფიტოს და ცხოვრების აზრი არ დაკარგოს.
5. თანამშრომელი — კომპანიის მთავარი აქტივი
ბლუმბერგი მიიჩნევს, რომ წარმატებული ლიდერი არის ის, ვინც ზრუნავს თავის გუნდზე. ის პერსონალურად ურეკავს თანამშრომლებს რთულ მომენტებში და მათთვის საუკეთესო სამუშაო პირობებს ქმნის. როგორც ბლუმბერგი ამბობს, მისი 26,000-მდე თანამშრომელი კმაყოფილია სამუშაო პირობებით, ამიტომაც Bloomberg-იდან კადრების გადინების მაჩვენებელი ძალიან დაბალია და თანამშრომლები კომპანიაში ათწლეულობით რჩებიან.




























