საქართველოს პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურმა 2023 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია როგორ მიუწვდებათ ფიზიკურ პირებს ხელი პერსონალურ მონაცემებზე.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ კერძო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტმა, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებაზე კონტროლის მიზნით, როგორც საკუთარი ინიციატივით – არაგეგმური ინსპექტირებების, ასევე დაინტერესებული პირების შეტყობინებებისა და განცხადებების საფუძველზე, კერძო ორგანიზაციების და ფიზიკური პირების მიერ მონაცემთა დამუშავების არაერთი ფაქტი შეისწავლა. ამის საფუძველზე გამოიკვეთა მონაცემთა დამუშავების კანონიერების ცალკეული აქტუალური საკითხები, რომელთა შორისაც არის ფიზიკური პირის ხელმისაწვდომობა საკუთარ მონაცემებზე.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ფიზიკური პირის მიერ პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უზრუნველყოფის პროცესში მონაცემთა დამმუშავებლის მიერ კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან ნაკლოვანი შესრულების ფაქტები გამოიკვეთა.
კერძოდ:
- იკვეთება მონაცემთა სუბიექტებისთვის მათი მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის მიუწოდებლობის ან არაგონივრულ ვადებში გადაცემის შემთხვევები. მნიშვნელოვანია, რომ მონაცემთა დამმუშავებლებმა ფიზიკურ პირს მოთხოვნილი დოკუმენტაცია მიაწოდონ იმ გონივრულ ვადაში, რომელიც, მოთხოვნილი მასალის ხასიათისა და მოცულობის გათვალისწინებით, საჭიროა დოკუმენტაციის მოსამზადებლად და მონაცემთა სუბიექტისთვის გადასაცემად;
- შესწავლილი პროცესების საფუძველზე გამოიკვეთა ფიზიკური პირის, როგორც მონაცემთა სუბიექტის, კანონმდებლობით დადგენილი 10-დღიანი ვადის დარღვევით ინფორმირების ფაქტები. ცალკეულ შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებლები მიუთითებდნენ იმ საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტებზე, რომლებითაც ხელმძღვანელობდნენ ფიზიკური პირისთვის ინფორმაციის მიწოდების ვადის ათვლასთან დაკავშირებით, აღნიშნული ვადა კი აღემატებოდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობით დადგენილ მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის მიწოდების ვადას.გასათვალისწინებელია, რომ მონაცემთა დამმუშავებლებმა უნდა შეაფასონ განცხადების/მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის შინაარსი და ფიზიკური პირის მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, იხელმძღვანელონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობით დადგენილი ინფორმირების 10-დღიანი ვადით, რომელიც წარმოადგენს, მათ შორის, დიდი მოცულობის მონაცემების შეგროვებისა და მონაცემთა სუბიექტისთვის გადაცემის გონივრულ და ობიექტურ დროს. გარდა ამისა, ვადის დასაცავად მნიშვნელოვანია, მონაცემთა დამმუშავებლებმა უზრუნველყონ დასაქმებულ პირებზე უფლებამოსილებების იმგვარი დელეგირება, რომ ადამიანური რესურსის ნაკლებობა არ გახდეს მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის 10-დღიანი ვადის დარღვევით მიწოდების საფუძველი. მონაცემთა დამმუშავებლებმა უნდა დანერგონ ისეთი პროცესი, რომელიც იძლევა მონაცემთა სუბიექტის უფლების რეალიზების ქმედით შესაძლებლობას;
- ცალკეულ შემთხვევებში, გამოვლინდა მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების გარეშე მისი უფლების შეზღუდვის შემთხვევები. პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობით გათვალისწინებული მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის რომელიმე საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, მონაცემთა დამმუშავებლებმა უნდა უზრუნველყონ მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება მისი უფლების შეზღუდვის საფუძვლის შესახებ იმგვარად, რომ ზიანი არ მიადგეს თავად შეზღუდვის ინტერესს;
- ზოგიერთ შემთხვევაში, მონაცემთა სუბიექტის მიერ მისი მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის გადაცემის მოთხოვნაზე, მონაცემთა დამმუშავებლები უარს აცხადებდნენ იმ საფუძვლით, რომ ფიზიკური პირისთვის უკვე მიწოდებული ჰქონდათ მოთხოვნილი დოკუმენტაცია. გასათვალისწინებელია, რომ მონაცემთა სუბიექტის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობით გარანტირებული უფლების რეალიზების მიზნით, მონაცემთა დამმუშავებლებმა შეაფასონ დოკუმენტაციის ბოლო მიწოდების დრო, მიწოდებიდან ხელმეორედ მოთხოვნის პერიოდში შეცვლილი გარემოებები და სწორედ აღნიშნულის შემდგომ მიიღონ სათანადო გადაწყვეტილება;
- გამოვლინდა ფიზიკური პირისგან მონაცემების შეგროვებისას მისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობით ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევები. კანონი მონაცემთა დამმუშავებელს იმპერატიულად უწესებს ვალდებულებას, უშუალოდ მონაცემთა სუბიექტისგან ინფორმაციის მოპოვების პროცესში, მათ შორის, ვებგვერდზე რეგისტრაციისას, მონაცემთა სუბიექტს მიაწოდოს კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია. ეს ვალდებულება მონაცემთა დამმუშავებლებმა პროაქტიულად უნდა შეასრულონ, მიუხედავად იმისა, მონაცემთა სუბიექტი გამოავლენს თუ არა ინტერესს ამ ინფორმაციის მიმართ. ამასთან, კანონით დადგენილი მონაცემთა დამუშავების სტანდარტებიდან გამომდინარე, აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მიერ საკუთარი უფლებების ეფექტური რეალიზებისთვის, რამდენადაც, მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტს აძლევს შესაძლებლობას შეაფასოს თავისი მონაცემების მიწოდების/გაცემის საჭიროება და ასევე, მოიპოვოს ინფორმაცია მომავალში საკუთარი უფლებების დაცვის გზების შესახებ.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საკუთარ მონაცემებზე ფიზიკური პირის ხელმისაწვდომობა მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის ერთ ერთი მთავარი მიზანია და წარმოადგენს ადამიანის არაერთი უფლების რეალიზაციის წინაპირობას. მონაცემთა სუბიექტის უფლება წვდომა ჰქონდეს საკუთარ მონაცემებზე, ერთი მხრივ, ემსახურება მონაცემთა სუბიექტის ინფორმირებას მის შესახებ მონაცემების დამუშავების თაობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, აქვს დამხმარე ფუნქცია კანონით განსაზღვრული სხვა უფლებების რეალიზებისთვის.
მონაცემებზე წვდომის უფლება აუცილებელია იმდენად, რამდენადაც მონაცემთა სუბიექტს მიეცეს მონაცემების წაშლის, დაბლოკვისა და კორექტირების საშუალება. პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებაში გამორჩეული როლი აქვს თითოეულ ინდივიდს. შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტის უფლებების რეალიზაციის ხელშეწყობა, ასევე, ფიზიკური პირის ინფორმირებასთან დაკავშირებული ქმედითი მექანიზმების დანერგვა და მათი ეფექტიანი გამოყენება საანგარიშო პერიოდში სამსახურის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა.