ნაკრას ხეობის მოსახლეობა ისტორიულად, წყალდიდობის სეზონს სრულიად დაუცველი ხვდებოდა. სტიქიის შედეგად სოფლებში სახლები, ეზოები და სასოფლო სავარგულები ზიანდებოდა. პირველი გაზაფხულია, როცა წყალმოვარდნის საფრთხე აქ მნიშვნელოვნადაა შემცირებული. გასულ წელს ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, "ნენსკრა ჰიდრომ" მდინარე ნაკრას ორ მონაკვეთზე კალაპოტი ქვაღორღისგან გაწმინდა და ნაპირსამაგრი სამუშაოები განახორციელა.
რა მოცულობის სამუშაოები ჩატარდა ნაკრას კალაპოტში და რამდენად დაცული იქნება მოსახლეობა მომავალში? - ამ თემებზე მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ნაკრას თემის მაცხოვრებელი როდამ გვარმიანი მოგვითრობს.
- რამდენად მნიშვნელოვანი იყო ხეობის მოსახლეობისთვის აღნიშნული პროექტის განხორციელება?
- პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ეს პროექტი ინვესტორსა და მოსახლეობას შორის თანამშრომლობის არაჩვეულებრივი მაგალითია. სამუშაოები ადგილზე სწორედ მოსახლეობის თხოვნით ჩატარდა.
ხეობაში მრავალი წელია, არსებობს წყალდიდობებისას საცხოვრებელი სახლებისა და მიწების დატბორვის პრობლემა. მდინარის ორივე ნაპირი წყალდიდობების შედეგად მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. მარცხენა ნაპირზე, სადაც ფერდობია და წყალმოვარდნების შედეგად ეროზიაა დაწყებული, მოსახლეობა საფრთხეში ცხოვრობს. საცხოვრებელი სახლების კედლები დაბზარულია, რის გამოც პრობლემა დროულად საჭიროებდა გადაწყვეტას.
რაც შეეხება მარჯვენა ნაპირს, სადაც ასევე სახლობენ ადგილობრივები, აქ ძირითადად სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებია დაზიანებული. მთლიანად განადგურებულია სახნავ-სათიბი მიწები, საკარმიდამო ნაკვეთები. ამიტომ ნაპირსამაგრი და კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო თემის მაცხოვრებლებისთვის.
- როდის დაიწყო "ნენსკრა ჰიდრომ" მდინარე ნაკრაზე ნაპირსამაგრი და კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები?
- აღნიშნული პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობით, ნაკრას თემის განვითარების კომიტეტის აქტიური ჩართულობითა და "ნენსკრა ჰიდროს" დაფინანსებით განხორციელდა. პროექტზე მუშაობა 2018 წლის შემოდგომაზე დაიწყო. თავდაპირველად განხორციელდა ხეობის გეოლოგიური შესწავლა, პროექტირება, 2019 წლის გაზაფხულზე კი ჩატარდა ტენდერი და შესრულდა სამუშაოები.
- რა მოცულობის სამუშაოები ჩატარდა მდინარეზე და რამდენი მონაკვეთი გამაგრდა?
– პროექტის ფარგლებში სამუშაოები მდინარე ნაკრას ორ - 300 და 400-მეტრიან მონაკვეთზე შესრულდა. 300-მეტრიან მონაკვეთზე გაიწმინდა და გაფართოვდა მდინარის კალაპოტი, ხოლო შემდეგ მდინარის ორივე მხარეს შემოზიდული მსხვილი ქვით ნაპირსამაგრი ჯებირები მოეწყო. რაც შეეხება 400-მეტრიან მონაკვეთს, იქ ჩატარდა კალაპოტის გაწმენდა-ჩაღრმავება, ადგილზე მოზიდული მასალით ნაპირი გამაგრდა.
ორივე პროექტი, პრობლემის სიმძიმიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობისთვის: წყალდიდობების შედეგად დასახლებულ უბნებს რეალური საფრთხე ექმნებოდა, დღეს კი შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მოსახლეობა უსაფრთხოდაა.
- რამდენი სოფელია ნაკრას ხეობაში და თუ მოხერხდა პროექტში ადგილობრივების დასაქმება?
- ნაკრას თემში შედის 11 სოფელი, რომელთა მოსახლეობა 120 კომლს, ანუ დაახლოებით 450-მდე მაცხოვრებელს შეადგენს. სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, ძირითად საქმეს ტექნიკა აკეთებდა, თუმცა პროექტში 10-მდე ადგილობრივის დასაქმება მაინც მოხერხდა.
- შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ ნაკრას ხეობა ამ პროექტის წყალობით წყალდიდობების სეზონს მომზადებული ხვდება?
- ნაკრას ხეობაში წყალმოვარდნები ფაქტობრივად, ყოველ წელს ხდება. ეს მოვლენები 10-15 წლის წინ დაიწყო, ბოლო წლებში კი განსაკუთრებით გააქტიურდა და უკვე მნიშვნელოვან პრობლემად იყო ქცეული. ბოლო წლებში სტიქიის შედარებით მცირე მასშტაბების მიუხედავად, ჭუბერის მოსახლეობა მნიშვნელოვნად დაზარალდა. ამ პროექტის წყალობით კონკრეტული ოჯახების უსაფრთხოება უკვე უზრუნველყოფილია: უბნებზე, სადაც გაწმენდითი და ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა, მოსახლეობა ფაქტობრივად, გარანტირებულად იქნება დაცული წყალდიდობის საფრთხისაგან.
უნდა აღინიშნოს ასევე, რომ ეს პირველი პროექტი არ არის, "ნენსკრა ჰიდროს" მსგავსი სამუშაოები როგორც ნაკრაზე, ისე სხვა ღვარცოფულ მდინარეებზე გასულ წლებშიც აქვს ჩატარებული.
- ამ პროექტის გარდა, კიდევ რით ეხმარება "ნენსკრა ჰიდრო" ადგილობრივ მოსახლეობას?
- გარემოსდაცვითი პროექტების გარდა, კომპანია "ნენსკრა ჰიდროს", ნაკრას თემის განვითარების კომიტეტთან თანამშრომლობით, სხვადასხვა სოციალური პროექტები აქვს განხორციელებული. ესენია: საბავშვო ბაღისა და სკოლის აღჭურვა საჭირო ინვენტარით, ასევე ნაკრას თემის თერთმეტივე სოფელში სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო და ახალი პროექტების შესრულება. წყალმომარაგების ცენტრალური სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ წამოიწყო, შემდეგ წელს კი მისი დაფინანსება დაიწყო "ნენსკრა ჰიდრომ". წელს უნდა დასრულდეს სამუშაოების მეორე ეტაპი, რაც მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. გასულ წელს სამუშაოები 7 სოფელში შესრულდა, წელს კი ნაკრას ცენტრალურ ნაწილში სათავო ნაგებობის რეაბილიტაცია დასრულდება.
გარდა ამისა, კომპანიამ მექანიზაციის პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის მძიმე ტექნიკით დახმარება უზრუნველყო. ადგილობრივ მაცხოვრებლებს საშუალება ჰქონდათ სამშენებლო და სამეურნეო მიზნებისთვის “ნენსკრა ჰიდროს” ტექნიკით უსასყიდლოდ ესარგებლათ. პროექტის ბენეფიციარებმა კომპანიისგან 3000 ლარამდე ღირებულების მომსახურება სრულიად უფასოდ მიიღეს.
სს "ნენსკრა ჰიდრო" კორეის წყლის რესურსების კორპორაცია K-water-ისა და სს "საპარტნიორო ფონდის" თანამშრომლობის შედეგად 2015 წელს შეიქმნა. კომპანია მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეების ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში მაღალკაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას განახორციელებს. ჰიდროელექტროსადგური, რომლის დადგმული სიმძლავრე 280 მეგავატია, საქართველოს ყოველწლიურად 1’200.00 გვტ.სთ ელექტროენერგიას მიაწვდის. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად ადგილობრივ ბაზარს მოხმარდება.