საერთო სამუშაო სივრცეების მმართველი კომპანია Terminal-ის დირექტორი აცხადებს, რომ დასავლელი პარტნიორების მიერ საქართველოს მისამართით გაკეთებული ნეგატიური გზავნილები Co-working-ბიზნესზე უარყოფითად აისახება. ჯინო დოლინი ამბობს, რომ ევროპელი და ამერიკელი ინვესტორები, რომლებიც საქართველოში ამ მიმართულებით ინვესტირებას გეგმავდნენ, გადაწყვეტილებებს აჩერებენ. აღნიშნულზე მან #რედაქტ2-ში ისაუბრა.
„საქმიანობიდან გამომდინარე ბევრ ინვესტორთან გვაქვს შეხვედრა და გლობალურ კონფერენციებზე დავდივართ. გვესმის, რომ ახალ ინვესტიციებს ახლა არ განახორციელებენ. ორი ქვეყანაა - აზერბაიჯანი და თურქეთი, რომლებიც ამბობენ, რომ ეს კლიმატი მათზე არ აისახება. ევროპელი და ამერიკელი ინვესტორები კი იძახიან, რომ მზად არიან, აქვთ ფინანსები და ინტერესი ინვესტიციების განხორციელებისთვის, თუმცა დაპაუზებულები არიან და შეხედავენ როგორ განვითარდება მოვლენები“, - აღნიშნა ჯინო დოლინმა.
ის ამბობს, რომ ქვეყანაში „რუსული კანონის“ მობრუნების და დამტკიცების შემდეგ ბიზნესების დატვრითულობაც შეიცვლება, რადგან მომხმარებელთა დიდ ნაწილს ის სტარტაპები წარმოადგენენ, რომლებსაც უცხოელი ინვესტორები ჰყვანან.
„Co-working სივრცეებში ძალიან ბევრი სტარტაპ კომპანიაა, რომლის დონორებიც ძირითადად ევროპა და აშშ არიან, ასევე ბიზნესპროცესების მართვის კომპანიები, რომელთა უკანაც დგანან Amazon, Facebook, Airbnb და ა.შ. ათასობით ადამიანს ასაქმებენ. აქ ოპერირება მათაც კი დააპაუზეს და უყურებენ, როგორ განვითარდება მოვლენები.
Co-working სივრცეებში მოთხოვნის ძალიან დიდი წილი სტარტაპ კომპანიებზე მოდის და ეს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც ასეა. ჩვენთან 30% სტარტაპერებს უკავიათ და მათი დაფინანსება აისახება. მათი განწყობები მძიმეა, რამდენიმე სერიოზული სტარტაპი ქვეყნიდან გასვლას და სილიკონ ველზე გადასვლას ფიქრობს, თუმცა ყველა ბრძოლის განწყობაზეა და ელოდებიან როგორ განვითარდება ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში მოვლენები“, - ამბობს Terminal-ის დირექტორი.
ცნობისთვის, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, შეეჩერებინათ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი, რამდენადაც, მათთვის გაურკვეველია მოქმედი ხელისუფლების განზრახვა". ჰერჩინსკიმ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისადმი EU-ს დახმარება ეტაპობრივად შემცირდება.
ამასთან, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას, რომელიც თავდაპირველად 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე იყო დაგეგმილი.