ბლოკჩეინის ისტორია 2008 წელს იწყება, როცა ვინმე სატოში ნაკამოტომ ინტერნეტში პირველი ციფრული ვალუტის - ბიტკოინის სადამფუძნებლო დოკუმენტი გამოაქვეყნა. ეს დოკუმენტით ახალი თაობის ფული შეიქმნა, რომლისთვისაც არც სახელმწიფო არის საჭირო, არც მარეგულირებელი ორგანო და არც კომერციული ბანკი, რადგან ბიტკოინი პირველი ვალუტაა, რომელიც ადამიანს უშუალოდ ადამიანთან ურთიერთობის საშუალებას აძლევს. ყველაფერი ეს კი, ერთი ტექნოლოგიითაა განპირობებული და ეს ტექნოლოგია - ბლოკჩეინია, რომელიც, თავისი არსით, გაცილებით მეტია, ვიდრე ნებისმიერი კრიპტოვალუტა.
ბლოკჩეინის საფუძველი განაწილებული დავთრის ტექნოლოგიაა, რომელიც, მრავალ ჩართულ მხარეს შორის ინფორმაციის შენახვისა და გაზიარების ახლებური, სრულად დეცენტრალიზებული სისტემაა - ის ერთგვარი საზიარო მონაცემთა ბაზაა, რომლის გამოყენება სისტემაში ჩართულ ყველა მხარეს, მყისიერად და ნებისმიერ დროს შეუძლია. ბლოკჩეინი DLT-სისტემებში მონაცემთა შენახვის ერთ-ერთი ნაირსახეობაა, რომელიც შინაარსობრივად, ინფორმაციის უნიკალური ბლოკებისგან შემდგარ და კრიპტოგრაფიულად დაცულ ჯაჭვს გულისხმობს. ამ ჯაჭვში შემავალი თითოეული ბლოკი შეიცავს წინა ბლოკის შესახებ ინფორმაციას, ტრანზაქციის შესახებ ინფორმაციას და დროის მაჩვენებელს - ამასთანავე, თითოეული ბლოკი უნიკალურია, რაც მის კოპირებას, შეცვლას ან ამოშლას შეუძლებელს ხდის.
ბლოკჩეინის თითოეული ბლოკის უნიკალურობის დასადგენად და ქსელში ტრანზაქციების გასატარებლად, აუცილებელია ამ ბლოკების ვერიფიკაცია - აქ, საქმეში დეცენტრალიზებული სერვერები, ე.წ. „მაინერები“ ერთვებიან. მას შემდეგ, რაც ბლოკჩეინზე ახალი ტრანზაქცია აისახება, სისტემაში ჩართულ ყველა მაინერს მის შესახებ შეტყობინება ეგზავნება, რომელსაც თან, ურთულესი კრიპტოგრაფიულ-მათემატიკური ამოცანა ახლავს. ამ ამოცანის ამოხსნის შემთხვევაში, კონკრეტულ ბლოკი ვალიდურობის ტესტს გადის და ბლოკჩეინზე ინტეგრირდება, როგორც შესრულებული ტრანზაქცია, ამ მოქმედების შესახებ ინფორმაცია კი - ქსელში ჩართულ ყველა მაინერს ეგზავნება.
აღსანიშნავია, რომ ბლოკჩეინში გასატარებელი ტრანზაქციების ვალიდაციისთვის, სხვადასხვა ბლოკჩეინები განსხვავებულ პროტოკოლებს მიმართავენ: ბიტკოინის ბლოკჩეინი, მაგალითად, სისტემაში ახალი ბლოკის გამოჩენისას, თანდართული კრიპტოგრაფიულ-მათემატიკური ამოცანის ამოხსნისთვის მაინერებს ერთმანეთთან აჯიბრებს და გამარჯვებულს ბიტკოინით აჯილდოებს - ამგვარი პროტოკოლი, რომელსაც Proof of Work-ი (PoW) ეწოდება ძალიან არაენერგოეფექტურია. საპირწონედ PoW-პროტოკოლისა, გვხვდება Proof of Stake (PoS) პროტოკოლი, რომლითაც სისტემაში ახალი ბლოკის ნამდვილობის შემოწმება ევალება იმ მაინერს, რომელსაც ბლოკჩეინი შემთხვევითი წესით შეარჩევს - ამგვარად, თითოეული ტრანზაქციის გატარება გაცილებით სწრაფად და ნაკლები ენერგოდანახარჯითაა შესაძლებელი.
ამგვარი აგებულების გამო, ბლოკჩეინი საკმაოდ მოქნილი ტექნოლოგიაა, რომლის გამოყენება ბევრ ინდუსტრიაში შეიძლება, მათ შორის ფინანსებში, ლოგისტიკაში, ხელოვნებაში და, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს - ღვინის წარმოებაშიც კი.