ხელოვნური ინტელექტი საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი და რევოლუციური ტექნოლოგიაა, რომელსაც უკიდეგანო შესაძლებლობები აქვს. ამ მძლავრი ტექნოლოგიის მიღმა კომპიუტერული სისტემების კომპლექსური ჯაჭვი დგას, რომელიც AI-ს ოპერირებას უზრუნველყოფს.
მართალია, ხელოვნური ინტელექტის არაერთი კატეგორია არსებობს და ყოველი მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა AI-ს ოპერირების პრინციპი ფაქტობრივად უნივერსალურია.
ხელოვნური ინტელექტი დაახლოებით ისევე ფიქრობს, როგორც ადამიანის ტვინი, თუმცა ადამიანისგან განსხვავებით, კომპიუტერი არა პირად გამოცდილებას და ცხოვრების განმავლობაში მიღებულ ცოდნას, არამედ მისთვის ხელმისაწვდომ მონაცემებს იყენებს. ეს მონაცემები, შესაძლოა, დეველოპერების მიერ წინასწარ იქნეს მიწოდებული, ან ხელოვნურმა ინტელექტმა ის თავადვე მოიპოვოს ინტერნეტის დახმარებით.
მონაცემებზე დაკვირვებისას ნეირონული ქსელი ტენდენციებს, მსგავსებებსა და კანონზომიერებებს გამოყოფს, საიდანაც ის ყველაზე მაღალი ალბათობის მქონე შესაძლებლობებამდე მიდის. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანის ინტუიციის ალტერნატივად ხელოვნურ ინტელექტს სტატისტიკური ალბათობის დადგენის მოდელი აქვს, რომელიც გაცილებით უფრო ზუსტია, ვიდრე ნებისმიერი ადამიანის ალღო და წინათგრძნობა.
გენერაციის პროცესში ხელოვნური ინტელექტი მანქანური დასწავლის მეთოდით ცდილობს რეალობის აღქმას და მომხმარებლისთვის სასურველი შედეგის მიცემას, იქნება ეს შეკითხვაზე პასუხის დაბრუნება თუ ფოტოს შექმნა.
რაც უფრო მეტ მონაცემს ამუშავებს AI, მით უფრო ჭკვიანი და ეფექტიანი ხდება ის, რაც მისი შესაძლებლობების უსასრულოდ ზრდას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, ხელოვნური ინტელექტი დამოუკიდებლად ვითარდება და ღრმა დასწავლის მეთოდით ის საკუთარ დასკვნებამდე მიდის, რაც მას მომავალში სხვა დავალებების შესრულებაში ეხმარება.
საერთო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანის ტვინის მსგავსად მუშაობს, თუმცა მისგან განსხვავებით, AI-ს შესაძლებლობები ულიმიტოდ მზარდია.