მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ მუშაობს საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომლის წლევანდელი ბიუჯეტი ₾55 მილიონია

63e6aa9713821
თელარა გელანტია
11.02.23 14:01
1919
სტატიაში საუბარია:
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "აწარმოე საქართველოში" საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში, 2020 წლიდან დღემდე საბანკო გარანტიით 588 კომპანიამ ისარგებლა. ამის შესახებ ინფორმაცია BMG-მ სააგენტოდან გამოითხოვა. წლების მიხედვით ბენეფიციარების სტატისტიკა ასეთია: 2020 - 133, 2021 – 201, 2022 – 254.

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი გულისხმობს ისეთი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საკრედიტო გარანტიის გაცემას, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა, დააკმაყოფილონ სესხის უზრუნველყოფაზე არსებული მოთხოვნები. სწორედ ამიტომ პროგრამაში სახელმწიფო ფინანსური გარანტიით იღებს მონაწილეობას.

სააგენტოს მიერ მოწოდებული მონაცემების საფუძველზე ირკვევა, რომ საგარანტიო სქემის მუშაობის განმავლობაში ბენეფიციარების დეპოზიტებზე ფინანსური გარანტიის სახით 119 მლნ 92 000 ლარი გადაირიცხა და ამ პროგრამის დახმარებით, 570 მლნ ლარის სესხია დამტკიცებული.

რაც შეეხება TOP-დარგებს, სადაც ყველაზე მეტი საკრედიტო გარანტია (მოცულობა) გაიცა, „აწარმოე საქართველოს“ მიერ მოწოდებული სტატისტიკა ასე გამოიყურება:

I. მემცენარეობა და მეცხოველეობა, ნადირობა და აღნიშნულ სფეროებში მომსახურების გაწევა - 17.65%;
II. კვების პროდუქტების წარმოება - 16.13%;
III. საკვები და სასმელებით მომსახურება - 10.29%;
IV. სხვა არალითონური მინერალური პროდუქტების წარმოება - 8.71%;
V. დასაწყობება და დამხმარე სატრანსპორტო საქმიანობები - 7.20%.
აღსანიშნია, რომ საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის 2023 წლის ბიუჯეტი 55 მლნ ლარია. შარშან ეს თანხა 115 მლნ ლარი იყო; 2021 წელს - 50 მლნ ლარი, ხოლო - 2020 წელს - 47 მლნ.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მიხეილ ხიდურელის შეფასებით, საკრედიტო-საგარანტო მექანიზმი მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების ბაზისია. რაც შეეხება პროგრამის ბიუჯეტის შემცირებას, მიხეილ ხიდურელის პროგნოზით, რამდენიმე წელიწადში პროგრამა სახელმწიფო ბიუჯეტს ხარჯად საერთოდ არ დააწვება.

„საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ძალიან მალე გახდება თვითმყოფადი. პროგრამის პირობებიდან გამომდინარე, როდესაც ბენეფიციარებზე გაცემული საკრედიტო გარანტიის გამოთავისუფლება ხდება, ის ტრიალდება ჩვენივე ბიუჯეტში; ასევე, ვიმუშავეთ ფინანსთა სამინისტროსთან და საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის სერვისის გამოყენებისთვის საკომისიო თანხა, რომელსაც ბენეფიციარები იხდიან, ისევ პროგრამის ბიუჯეტის ნაწილი გახდება. ეს არის ძალიან კარგი, რადგან არ აწვება სახელმწიფო ბიუჯეტს და არ გვჭირდება იმ რაოდენობის და იმ მოცულობის თანხის გადადება, რაც აქამდე გვიწვედა“, - განმარტა მიხეილ ხიდურელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები