მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ნაწილდება წილები "რუსთავი 2”-ის და “პრაიმ-ტაიმის” ახალ "მედია ჰოლდინგში"

6095252f66aa5
შოთა ტყეშელაშვილი
07.05.21 15:36
1827
2021 წლის მარტში ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა და “პრაიმ-ტაიმმა” ერთობლივი ჰოლდინგის დაფუძნების შესახებ გააკეთეს განცხადება. ბიზნესრეესტრის თანახმად, მხარეებმა სააქციო საზოგადოება "მედია ჰოლდინგი" შექმნეს, რომელმაც კომუნიკაციების კომისიისგან ქვეყანაში ციფრული სახით საერთო და სპეციალიზურებული ტელემაუწყებლობის ავტორიზაცია მიიღო. 

კომუნიკაციების კომისიის იურიდიული რეესტრის თანახმად, სს “მედია ჰოლდინგის” 90%-იან წილს - “პრაიმ-ტაიმი”, 10%-იან წილს კი “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2” ფლობს.

ახალი ჰოლდინგის შექმნისთვის სააქციო საზოგადოება 2021 წლის 12 თებერვალს დარეგისტრირდა. ამ პერიოდში კომპანიის ერთადერთი აქციონერი “პრაიმ-ტაიმი” იყო, 2021 წლის 15 მარტიდან კი სააქციო საზოგადოებაში “რუსთავი 2”-ის 10%-იანი თანამონაწილეობა დარეგისტრირდა.

17 მარტს "რუსთავი 2-ის" გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ არხის რეორგანიზაციის შედეგად, ტელეკომპანიის ეფექტიანობა გაიზრდება და მისი სატელევიზიო ბადე უფრო მრავალფეროვანი გახდება.

კომუნიკაციების კომისიის იურიდიული რეესტრის მიხედვით, "მედია ჰოლდინგის" ავტორიზაციაში "კომედი არხის" და "მარაოს" მაუწყებლობის უფლებაც შედის. 

თავის მხრივ, ახალი მედიაჰოლდინგის 90%-იანი წილის მფლობელი კომპანიის - “პრაიმ ტაიმის” 50%-50%-იან წილებს თამარ ფხაკაძე და გიორგი ქუთათელაძე ფლობენ. “რუსთავი 2”-ის 100%-იან წილს კი ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ფლობს. კერძოდ, მას პირდაპირ ეკუთვნის არხის 60%-იანი წილი, ხოლო დანარჩენ 40%-იან წილს კი შპს “პანორამას” მეშვეობით ფლობს. 

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში "რუსთავი 2"-ის მფლობელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების შედეგად გახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები