მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეცვალა სასტუმროების საახალწლო გეგმები ნათია თურნავას გაფრთხილებამ? - Crowne Plaza Borjomi

5fdcabbb0fdb7
ვიქტორია მღებრიშვილი
20.12.20 15:30
1632
„არსებობს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები, რომლის თანახმად, მკაცრად იკრძალება კულტურული ღონისძიებები, მაყურებლის დასწრებით“ - ნათია თურნავას ეს შეხსენება იმ სასტუმროებისკენ იყო მიმართული, რომლებიც დღეს ქვეყნის მასშტაბით ოპერირებენ, მთავრობის შეზღუდვები ჯერ არ შეხებიათ და საახალწლოდ სტუმრებს სხვადასხვა ღონისძიებებზე ელოდებიან.

ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დღეისთვის მოქმედი სასტუმროები მაშინ გააფრთხილა და მათ შეზღუდვების მკაცრად შესრულებისკენ მოუწოდა, როდესაც ტურიზმის ინდუსტრიის აქტიურად დარჩენილ ნაწილს საახალწლო ღონისძიებები უკვე დაანონსებული ჰქონდათ და ჯავშნებსაც იღებდნენ.

BM.GE შეეცადა გაერკვია - როგორ შეცვალა მინისტრის განცხადებამ სასტუმროების საახალწლო გეგმები და რამდენიმე სასტუმროს დაუკავშირდა. სასტუმროების ნაწილმა კომანტარისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ როგორ გადაეწყობიან ჯერ არ იციან.

კითხვებს სასტუმრო Crowne Plaza Borjomi-ში უპასუხეს და განაცხადეს, რომ სასტუმროს მენეჯმენტს საახალწლო მზადება დაწყებული ჰქონდა და პროგრამაც შედგენილი იყო, თუმცა მინისტრის განცხადებამ მათი გეგმები შეცვალა.

„ღონისძიებების ჩატარების რეგულაციების შესახებ ინფორმირებულები ვიყავით, თუმცა გუშინ მინისტრის გამოსვლის შემდეგ განაცხადის იდენტური წერილობითი გაფრთხილება მოგვივიდა. მანამდე ტურიზმის ადმინისტრაციასტან მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა. რატომღაც ასეთი დასკვნა გამოვიტანეთ და ღონისძიებას არ ვგეგმავდით, თუმცა იგეგმებოდა საახალწლო ვახშამი. რა თქმა უნდა რესტორანში დისტანციები დაცული იყო და სრული რეგულაციების დაცვით უნდა გამართულიყო. ასევე მოწვეული გვყვავდა მომღერალი 31 დეკემბრის საღამოსთვის და პიანისტი 1 იანვრისთვის. გუშინდელი განცხადების შემდეგ დამატებითი კომუნიკაციები გქვონდა ტურიზმის ადმინისტრაციასთან, როგორც მივხვდით რაღაცეები შეიცავალა და მივიღეთ დამატებითი რეკომენდაციები, რის მიხედვითაც ცოცხალი მუსიკა ახალი წლის საღამოს აღარ იქნება.

საღამო იქნება ისეთი, როგორც ჩვეულებრივ დროს, მუსიკალური გაფორმებით, არაცოცხალი და ჩვენი სტუმრები რესტორანში მათთვის სასურველი კერძების შეკვეთას შეძლებენ“, - განგვიმარტა სასტუმროს გაყიდვების მენეჯერმა ლიკა მიქაშავიძემ.

მისი თქმით, საახალწლოდ სასტუმროს დატვირთვა შედარებით მეტი იქნება, ვიდრე ეს სტანდარტულ დროს არის ხოლმე.

„ინტერესი საახალწლო პერიოდთან დაკავშირებით უკვე არის, თუმცა ძირითადად ინფორმაციის მოკითხვისთვის რეკავენ.

წინა წლებში უცხოელი ტურისტების მხრიდანაც იყო ჯავშნები, წელს სასტუმროების ნაწილიც დაკეტილია - ძალიან ბევრი ახალი ფაქტორია და გვიჭირს იმის თქმა, რა დატვირთვით იმუშავებს სასტუმრო ახალ წელს, თუმცა ვფიქრობთ, რომ დატვირთვა 50%-ზე მეტი იქნება“, - აღნიშნა Crowne Plaza Borjomi-ს გაყიდვების მენეჯერმა და დასძინა, რომ საახალწლო პერიოდში ფასები დაახლოებით 30%-ით შეამცირეს.