„კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა მელია აცხადებს, რომ ბრძოლა ხელისუფლების დამარცხებამდე გაგრძელდება. მან ამის შესახებ პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად მიმდინარე აქციაზე, "ტელეკომპანია პირველთან" განაცხადა.
"ეს არის ე.წ. პარლამენტი. პარლამენტიც არაა, სანოტარო ბიუროა. აქ შესული ხალხი არც ახლა და არც მომავალში არ აპირებს, რომ ასახოს საქართველოს მოქალაქის ინტერესი. შესაბამისად, რაც ხდება ახლა შიგნით და გარეთ, ეს დაპირისპირება გაგრძელდება მანამ, სანამ გარეთ მყოფი ხალხი არ დავამარცხებთ თვითმარქვია ხელისუფლებას. ესაა მიზანი და ამოცანა. ამ მიზნის მისაღწევად ბრძოლა არის ყოველდღიური", - თქვა ნიკა მელიამ.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ აპირებს და თუ საჭირო გახდება, შესაბამის განცხადებებს კიდევ დაწერენ.
"თუ აუცილებელია კიდევ დაწერა, დაიწერება ეს განცხადებები. როგორ შეიძლება ე.წ. პარლამენტში, საერთაშორისო იზოლაციაში მყოფი ე.წ. ხელისუფალის პირობებში მყოფ სანოტარო ბიუროში, რომელიმე პოლიტიკურად თავმოყვარე კი არა, ადამიანურად თავმოყვარე ადამიანი შევიდეს. ეს წარმოუდგენელია, დღის წესრიგში არ დგას და ბოლომდე მინდა მჯეროდეს, ოთხივე ჯგუფის წარმომადგენლები ასე მოიქცევიან", - თქვა მელიამ.