იურისტი დავით ებრალიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ 5000 ლარით ადამიანთა მასობრივი დაჯარიმება დიდი ალბათობით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის და კონსტიტუციის დარღვევით ხდება და იმ შემთხვევაში, თუ ეს დადასტურდა, შეიძლება ჯარიმების ერთიანად გაბათილება, ასევე, პასუხისმგებელ პირთა პასუხისგებაში მიცემა და ამ რეპრესიული მექანიზმის შეჩერება.
მისი თქმით, ვისაც მსგავსი ჯარიმა აქვს მიღებული, საჭიროა, რომ ამ კუთხითაც წარმართონ თავიანთი დაცვა.
"რუსთაველზე 5000 ლარით ადამიანთა მასობრივი დაჯარიმება დიდი ალბათობით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის და კონსტიტუციის დარღვევით ხდება.
თუ ეს მართალია, უკანონოდ მოპოვებული ინფორმაციის მტკიცებულებიდან ამორიცხვის სამართლებრივი საშუალების გამოყენებით ამ ჯარიმების ბათილობაა შესაძლებელი!
ადამიანები ჯარიმის ქვითრებს მასობრივად იღებენ სახლში. ამ ადამიანთა იდენთიფიცირება რუსთაველზე პოლიციელების მხრიდან ფიზიკურად კი არ ხდება, არამედ რუსთაველზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების, ვიდეომონიტორინგის მეშვეობით. ამ ადამიანთა უმეტესობა არარის ცნობადი სახე. შესაბამისაც, ცალსახაა, რომ პოლიცია ვიდეომონიტორინგისას ჩვენი ბიომეტრიული მონაცემების დამუშავებას ახდენს. სხვა შემთხვევაში აუხსნელია არაცნობადი ადამიანების ასე მასიურად იდენთიფიცირება მოკლე პერიოდში.
ზემოაბზაცში თქმული ცალსახას ხდის, რომ პოლიციის ეს ქმედება ექცევა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით შეზღუდულ იურისდიქციაში, რამდენადაც მომიტინგეების მიერ ქუჩის გადაკეტვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფარგლებს არ ცდება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახემ საქართველოს კანონით კი პოლიციას არ აქვს უფლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფარგლებში ჩვენი ბიომეტრიული მონაცემების დამუშავების. ეს არის ჩვენი პირადი უფლების, კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დარღვევა.
იმავდროულად, რამდენადაც პოლიცია მცირე დროში ახერხებს არაცნობად პიროვნებათა იდენთიფიცირებას, მოსალოდნელია, რომ ბიომეტრიული მონაცემების დამუშავებისას/შედარებისას პოლიცია იყენებს არა მოსახლეობის ფართო ბიომეტრიულ ელექტრონულ ბაზას, არამედ შეზღუდულს (გარკვეული კატეგორიით დახარისხებულს). სხვა შემთხვევაში გაცილებით მეტი დრო დაჭირდებოდა საერთო ბიომეტრიული ბაზებიდან პიროვნების იდენთიფიცირებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პოლიცია (უფრო უშიშროება) ჩვენს პოლიტიკური ნიშნით (ხელისუფლებისადმი არალოიალური) დახარისხებას ახდენს. ამას კანონის ენაზე „განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებთა დამუშავება“ ეწოდება. რაც ასევე იკრძალება როგორც „მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე საქართველოს კონსტიტუციით.
ზემოთქმული ეჭვები რეალისტურია. ეს საკითხი ძალზე საგანგაშოა და ითხოვს მასზე პასუხების გაცემას. ამაზე პასუხი უნდა გაგვცეს პერსონალურ მონაცემების დაცვის ინსპექტორმა. მან აღნიშნულზე გამოძიება უნდა აწარმოოს. თუ ყოველივე ეს დადასტურდა, შეიძლება ჯარიმების ერთიანად გაბათილება, ასევე, პასუხისმგებელ პირთა პასუხისგებაში მიცემა და ამ რეპრესიული მექანიზმის შეჩერება.
საჭიროა ჩვენი ხმა მიწვდეს ამ საკითხზე პერსონალურ მონაცემების დაცვის ინსპექტორს!
ასევე, იმ ადვოკატებსაც, ვინც ასეთი ჯარიმების საკითხებს წარმართავენ სასამართლოში, საჭიროა ამ კუთხითაც წარმართონ თავიანთი დაცვა!", - წერს ებრალიძე.