სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) სახის ამომცნობი ტექნოლოგიის მოქალაქეების დაჯარიმების მიზნით გამოყენების უკანონობაზე იდავებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საჯარო სივრცეში განთავსებული სახის ამომცნობი კამერები პირთა განუსაზღვრელი წრის მონაცემებს ამუშავებს, დამუშავებულ მონაცემთა კატეგორიაში კი უამრავი ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები ექცევა.
"სახის ამომცნობი ტექნოლოგიების საშუალებით მუშავდება ბიომეტრიული მონაცემები - ადამიანების ფიზიკური და ქცევითი მახასიათებლები. ევროსაბჭოს 108-ე კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, სახის მახასიათებლები, როგორც ბიომეტრიული მონაცემი, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემია და შესაბამისად, დაცვის მაღალი სტანდარტით სარგებლობს. გარდა ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ სახის ამომცნობი ტექნოლოგიები პროტესტის ადგილას გამოიყენება, ის ასევე ამუშავებს ათასობით პირის პოლიტიკური შეხედულებების შესახებ ინფორმაციას, რომელიც სენსიტიურობის გათვალისწინებით აგრეთვე ექცევა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა სიაში.
სამართალდამცავი ორგანოს მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ვრცელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, თუ ის დანაშაულის თავიდან აცილებას, გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის ან კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას არ უკავშირდება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პრევენციისა და მასზე რეაგირების შემთხვევაში კანონი სტანდარტულად მოქმედებს სამართალდამცველების საქმიანობაზე. შესაბამისად, შსს სახის ამომცნობ კამერებს უნდა იყენებდეს მხოლოდ განსაკუთრებულ კატეგორიის მონაცემთა დამუშავებისთვის კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას და დამუშავების პრინციპების დაცვით", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
ამასთან, SJC აღნიშნავს, რომ რუსთაველის გამზირზე შეკრების მონაწილეებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით სახის ამომცნობი კამერების განთავსება “პერსონალურ მონაცემთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რამდენიმე ძირითად პრინციპს არღვევს.
ცნობისთვის, მიმდინარე უწყვეტი პროევროპული აქციების ფონზე, „ქართული ოცნება“ დემონსტრანტების წინააღმდეგ აქტიურად იყენებს გაძლიერებული ვიდეომონიტორინგის მექანიზმსა და სახის ამომცნობ ტექნოლოგიას. ეს ტენდენცია განსაკუთრებულად შესამჩნევია გასული წლის დეკემბრიდან, როდესაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯარიმების ოდენობა საპროტესტო აქციების ფარგლებში ხშირად გამოყენებული სამართალდარღვევების, მათ შორის, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვისთვის.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ინფორმაციით, გასული წლის ნოემბრიდან 2025 წლის 18 მარტის ჩათვლით, გამოწერილი ჯარიმების ოდენობა 2 მლნ ლარს აღწევს.
SJC-ის განცხადებით, საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, სახის ამომცნობი ტექნოლოგია უნდა გამოიყენებოდეს როგორც უკანასკნელი ღონისძიება, თუ სხვა ნაკლებად ინტენსიური საშუალებები არ არის ხელმისაწვდომი და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიების ან სხვა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ინტერესისთვის, როგორიცაა: არასრულწლოვანების უსაფრთხოების დაცვა.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი გზის გადაკეტვისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული რამდენიმე პირის სახელით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართავს და წარმოების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის ინფორმაციას.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც გზის გადაკეტვის საქმეზე შსს ფოტო-ვიდეო მასალების შემცველ მასალებს ჩააბარებს, საკუთარი უფლებების დასაცავად და მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს განცხადებით მიმართონ. ეროვნულ დონეზე ამ განცხადებების სამართლებრივი შედეგის მიუხედავად, ამგვარი მიმართვა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის თაობაზე დავა, მნიშვნელოვანი იქნება საერთაშორისო სამართალწარმოების მიზნებისთვის", - აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი და მოქალაქეებისთვის აზიარებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის მისამართად განცხადების შაბლონს.