მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიძლება შეიცვლოს მევენახეების მხარდაჭერის არსებული მექანიზმი? - მინისტრის პასუხი

635f8558dd9ae
ლიკა გურაბანიძე
31.10.22 12:36
380
ყურძნის გარკვეული ჯიშების სუბსიდირების ნაცვლად, სახელმწიფო ფერმერების დახმარების განსხვავებული სქემის შემუშავებას გეგმავს. საუბარი მომავალი წლის გეგმაზეა. როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ BMG-ის უთხრა, მიმდინარეობს მუშაობა, რომ სახელმწიფო ყურძნის ფასის განსაზღვრაში აღარ ჩაერიოს და ამის ნაცვლად, თუ საჭირო იქნება, ფერმერებს სხვა სახით დაეხმაროს. 

მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა bm.ge-ს ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელიც სწორედ ყურძნის გარკვეული ჯიშების სუბსიდირების ნაცვლად, სახელმწიფო ფერმერების დახმარების განსხვავებული სქემის შემუშავებას ეხებოდა. ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მისთვის უცნობია მევენახე-ფერმერების დახმარება რა მექანიზმებით მოხდება.

“ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ვმუშაობთ მექანიზმებზე თუ როგორ უნდა დავუჭიროთ ჩვენს მევენახეებს მხარი და თუ სხვა კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს საჯარო გახდება. ჩვენ მევენახეებს ამა თუ იმ ფორმით მხარს დავუჭერთ და დავეხმარებით, რომ სათანადო ფასად ყურძნის ჩაბარება და შესაბამისი შემოსავლის მიღება შეძლონ. რა მექანიზმები იქნება ამისთვის გამოყენებული და შეიცვლება თუ არა არსებული მექანიზმი ამის თაობაზე შემდგომში მოგახსენებთ. შესაძლოა, იგივე ფორმა დარჩეს და დამატებით სხვა კომპონენტები შემოვიდეს, ან იყოს სხვა მექანიზმი შემუშავებული. ამ საკითხებზე ვმუშაობთ და წინასწარ ვერ გეტყვით", - უპასუხა bm.ge-ს მინისტრმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ, რთველი 2022 შეაჯამა და აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ გაცემული დაპირება მევენახე-ფერმერებს 2022 წელს მიღებული მოსავალი სრულად ჩაებარებინათ და შედეგად სათანადო შემოსავალი მიეღოთ შესრულებულია.

“რაჭასა და კახეთში რთველი 2022 დასრულებულია, ხოლო ლეჩხუმში ახლა მიმდინარეობს. ჩვენი მთავარი დაპირება იყო ის, რომ რთველი ორგანიზებულად ჩატარდებოდა. პირობა შესრულებულია, რთველმა ორგანიზებულად ჩაიარა. 21 ათასზე მეტმა მევენახემ კახეთში, დაახლოებით 250 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. ხოლო, დაახლოებით 11 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს რაჭაში ჩვენმა მევენახეებმა. მთლიანობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიმართული რესურსი, რთველის მხარდაჭერისთვის სუბსიდიის პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით 100 მლნ ლარს შეადგენს. მინდა, თითოეულ მევენახეს გაწეული შრომისთვის მადლობა გადავუხადო.” - განმარტა ოთარ შამუგიამ.

რა აჩვენა რთველის სუბსიდირების გამოცდილებამ წელს? - მინისტრის პასუხი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები