ამერიკის შეერთებული შტატების მთლიანი შიდა პროდუქტი $25.4 ტრილიონია და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. აშშ-ის ეკონომიკურ დომინანტობას რამდენიმე ახსნა აქვს, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ჯარი, გამართული ინსტიტუტები და სამართლის უზენაესობა. თითოეული მათგანი რელევანტურია, მაგრამ თუ საკითხს განვაზოგადებთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ კიდევ ერთი ფაქტორი, რომლის გარეშე ამერიკის შეერთებული შტატების წარმოდგენა, უბრალოდ შეუძლებელია. ეს ფაქტორი ამერიკული ოცნებაა, ანუ იდეა, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი შეიძლება, თუ ადამიანი საკმარისად მოინდომებს და მიზნის მისაღწევად ძალისხმევას არ დაიშურებს. ამერიკული ოცნება ყველაზე თვალსაჩინოდ აშშ-ის კორპორაციულ კულტურაში ჩანს, რომელიც შრომას და ნიჭს განსაკუთრებულად აფასებს და ადამიანს დროთა განმავლობაში გამდიდრების საშუალებას აძლევს.
ამერიკული კორპორაციული კულტურა ინდივიდუალიზმზე დგას, ხოლო პირადი მიღწევები და ინოვაციურობა ადამიანის ძალზე მნიშვნელოვან თვისებებად ითვლება. ამერიკულ სისტემაში ასევე ვხვდებით მერიტოკრატიულ სისტემას, რომელიც ადამიანის შრომასა და ობიექტურ შედეგებს აფასებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კონკურენტუნარიანობას, რომელიც თანამშრომლებსა და კომპანიებს სრულყოფისკენ უბიძგებს. საერთო ჯამში, ამერიკული კომპანიების მთავარი პრინციპები პროდუქტიულობა და ეფექტიანობაა, რაც მიზნებზე ორიენტირებულ მიდგომას გულისხმობს. ამერიკულ კომპანიებში იერარქიები, როგორც წესი, სტრუქტურირებულია, თუმცა მოქნილი, ხშირად ხელს უწყობს ღია კომუნიკაციასა და თანამშრომლობას სხვადასხვა დონეზე. ასევე, ძლიერი აქცენტი კეთდება ადაპტირებასა და ინოვაციაზე, რაც კომპანიებს საშუალებას აძლევს, დინამიკურ ბაზრებში ფეხი აუწყონ ცვლილებებს.
ბოლო წლებში, განსაკუთრებით პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ამერიკული კორპორაციული კულტურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი გახდა მრავალფეროვნება და ინკლიზიურობა, რაც ერთგვარი დაწერილი თუ დაუწერელი მოთხოვნაა, რომელიც კომპანიების და მათი მენეჯმენტის მიმართ არსებობს. თუმცა ეს საკითხი, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში გადაიხედება, რის დასტურად ის რამდენიმე მნიშვნელოვანი განკარგულება გამოდგება, რომელიც დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცის დადებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში გამოსცა. ამასთან, ამაზე მიუთითებს ის ცნობები, რომლებიც ქვეყნის უდიდესი კორპორაციებისგან გვესმის, რადგან შიდა პოლიტიკა, რომელსაც ტექნოლოგიური გიგანტები ირჩევენ, ხშირად, სარკეა იმ რეალობისა, რასაც თეთრ სახლში ვხვდებით.
ცოტა ხნის წინ, ამერიკულ კორპორაციულ კულტურაზე საინტერესო საუბარი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პოდკასტში შედგა. როგორც მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელების, მათ შორის Facebook-ის, Instagram-ის და WhatsApp-ის მფლობელი კომპანიის, META-ს დამფუძნებელმა, მარკ ზაკერბერგმა ჯო როგანის პოდკასტში განაცხადა, კომპანიებს მეტი მასკულინური ენერგია სჭირდებათ, რადგან ბოლო წლებში, ეს ბალანსი, გარკვეულწილად, დარღვეული იყო. ანტრეპრენიორი ამბობს, რომ ამ თემაზე ჯიუ-ჯითსუმ შთააგონა, რომელიც ზაკერბერგმა რამდენიმე წლის წინ დაიწყო.
“მასკულინური ენერგია კარგია და საზოგადოებაში მას უხვად ვხვდებით, მაგრამ კორპორაციული კულტურა მისგან გაქცევას ლამობს. სხვადასხვა ენერგია კარგია და კორპორაციულ კულტურას, რომელიც აგრესიას მცირედით ახალისებს, გარკვეული უპირატესობები აქვს. ჯიუ-ჯითსუ ჩემთვის დადებითი გამოცდილება იყო, მეგობრებთან ჭიდაობა კარგია!
ქალისთვის, რომელიც კომპანიაში მუშაობს, გარემო, შესაძლოა, ზედმეტად მასკულინური იყოს და იფიქრო, რომ ბევრი რაღაც შენს წინააღმდეგ მოქმედებს, რაც კარგი არ არის, რადგან გვინდა, რომ ქალები წარმატებულები იყვნენ, ხოლო კომპანიამ ღირებულება შექმნას კარგი ადამიანების დახმარებით, მიუხედავად მათი წარმომავლობის ან სქესისა.
თუმცა ეს, ხშირად, მიზანს სცდება. ერთია, როცა ამბობ, რომ ყველასთვის მისაღები გარემოს შექმნა გინდა და მეორე, როცა ამბობ რომ მასკულინობა ცუდია. ჩვენ, რაღაცნაირად, სპექტრის სწორედ ამ მხარეს აღმოვჩნდით, სადაც მიიჩნევა, რომ მასკულინობა ცუდია და ის სრულად უნდა ამოვძირკვოთ. არა. ორივე მხარე კარგია, ფემინინური ენერგიაც გვინდა და მასკულინურიც. ზოგიერთ საზოგადოებაში ერთი მეორეს გადაწონის და ეს ბუნებრივია, მაგრამ კორპორაციულმა კულტურამ, გარკვეულწილად, გაუგებარი სახე მიიღო.
ამ ყველაფერს მანამ ვერ ვხვდებოდი, სანამ შერეულ საბრძოლო ხელოვნებაზე შევიდოდი, რომელიც მეტად მასკულინური გარემოა. ვერ ვიტყვი, რომ ის თავისებურად ინკლუზიური არ არის, უბრალოდ იქ მეტი მასკულინური ენერგიაა.
ცხოვრების განმავლობაში რამდენიმე ისეთი მომენტი იჩენს თავს, როცა გარკვეულ გამოცდილებას მიიღებ და იტყვი, თუ სად იყო ეს აქამდე. MMA-მ ჩემი ტვინის გარკვეული სეგმენტი გაააქტიურა. მიხვდი, რომ ეს ჩემი ცხოვრების ნაწილი უნდა გამხდარიყო და ბედნიერი ვარ, რომ ეს ასე მოხდა”, - განაცხადა მარკ ზაკერბერგმა ჯო როგანის პოდკასტში.
ინტერესი, რომელიც მსოფლიოს უდიდესი სოციალური ქსელების დამფუძნებელს ჯიუ-ჯითსუს და, ზოგადად, შერეული საბრძოლო ხელოვნების მიმართ აქვს, როგორც ჩანს, მის პირად ოქტაგონს ცდება. ამ მოსაზრებაში ის გვარწმუნებს, რომ ცოტა ხნის წინ, META-ს დირექტორთა საბჭოს ცნობილი ამერიკელი ანტრეპრენიორი, UFC-ის დამფუძნებელი დენა უაითი შემოიერთდა, რომელიც მარკ ზაკერბერგის მეგობარია. ამერიკელი ანტრეპრენიორის შეფასებით, დენა უაითმა UFC ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ, ღირებულ და პოპულარულ სპორტულ ორგანიზაციად ჩამოაყალიბა და მისი ნდობა მოიპოვა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როცა გეოპოლიტიკური სამყარო მკვეთრად იცვლება. თავად უაითი ამბობს, რომ META-ს დირექტორთა საბჭოში გაწევრიანებით დაინტერესებული არ იყო, მაგრამ ზაკერბერგის შემოთავაზებაზე უარი ვერ თქვა.
“დენა მაგარია! ამაზე დიდი ხანი ველაპარაკებოდი. ის შესანიშნავი ანტრეპრენიორია! გამომდინარე იქიდან, რომ ამ კომპანიას მე ვმართავ, სამეთვალყურეო საბჭოსთვის იმის დამტკიცება არ მიწევს, რომ არ გამაგდონ. ჩვეულებრივ კორპორაციულ გარემოში დირექტორი აკეთებს ყველაფერს, რომ სამსახური შეინარჩუნოს და ხელფასი გაიზარდოს.
ჩვენთან, სამეთვალყურეო საბჭო მხოლოდ ჩემი უსაფრთხოების ფულს იხდის. არც სამსახურის დაკარგვის მეშინია, რადგან ხმების უმეტესობას ვაკონტროლებ, ასე რომ საბჭოს იმისთვის ვიყენებ, რომ ყველაზე ჭკვიანი ადამიანები შევკრიბო, რომელთაც შეუძლიათ გარკვეულ გამოწვევებს ჩემთან ერთად გაუმკლავდნენ. მინდა, რომ საბჭოში საუკეთესო ანტრეპრენიორები მყავდეს, რომელთაც რაღაც შექმნეს.
დენა უაითი ასეთია — სპორტი, რომელსაც მან სათავე ჩაუყარა, თავის დროზე, ძალიან გარიყული იყო, ხოლო ჯონ მაკკეინს მისი აკრძალვა სურდა. ახლა, UFC და Formula 1 მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი სპორტის სახეობები გახდა, რომელთაც ასობით მილიონობით ადამიანი უყურებს. ის, რაც დენამ UFC-ში გააკეთა, ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული ნაბიჯია ბიზნესის კუთხით. ბრენდი, რომელიც მან შექმნა, ყველას უყვარს. ის მსოფლიო კლასის ანტრეპრენიორია და თან, ძლიერი ადამიანია.
ერთ-ერთი თემა, რომელზედაც ვსაუბრობდით, სხვადასხვა ქვეყნებისგან წამოსული წნეხი იყო, რის გამოც ძლიერი ადამიანები გვჭირდებოდა, რომლებიც ამა თუ იმ სიტუაციაში რჩევას მოგვცემდნენ. ამ კომპანიის მართვა მარტივი არ არის, რადგან სხვადასხვა მთავრობისგან მართლა დიდი წნეხი მოდის. შემიძლია მთელი ჩემი დრო ამაზე დავხარჯო, მაგრამ მე ხომ პოლიტიკოსი არ ვარ, პროდუქტების შექმნა მინდა. ამიტომაც, ვფიქრობ, დენა შესანიშნავი შენაძენი იქნება. ის კარგი ანტრეპრენიორია”, - განაცხადა მარკ ზაკერბერგმა ჯო როგანის პოდკასტში.
ამერიკული META, რომელსაც დაფუძნების დღიდან თავად მარკ ზაკერბერგი ხელმძღვანელობს, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $1.6 ტრილიონია. გასულ წელს, კომპანიამ $144 მილიარდის შემოსავალი მიიღო და $64.5 მილიარდის წმინდა მოგება დააგენერირა. ბოლო პერიოდში, META ინვესტორების ერთ-ერთ საყვარელ კომპანიად იქცა, რადგან გასული ერთი წლის განმავლობაში კომპანიის აქციის ფასმა თითქმის 70%-ით იმატა, როცა ხუთ წელიწადში, აქცია თითქმის 200%-ით გაძვირდა. პარალელურად ამისა, მარკ ზაკერბერგი აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი გახდა და საპრეზიდენტო ინაუგურაციასაც დაესწრო. დრო გვიჩვენებს, თუ რა გავლენას მოახდენს ეს მეგობრობა კომპანიაზე.