28 თებერვლიდან გლობალური ნავთობის ბაზრები ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ კი, ირანში კონფლიქტის ესკალაციამ შეარყია. მარტის ბოლოს Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის ფასმა ბარელზე 110 დოლარს მიაღწია, რაც 2022 წლის შუა პერიოდის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია. ფასების ზრდას ხელს ნავთობის ნაკადების საკვანძო სატრანზიტო წერტილში, ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების ხანგრძლივი შეჩერება უწყობს.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) მსოფლიოს აფრთხილებს, რომ კრიზისმა შესაძლოა, უახლეს ისტორიაში ნავთობის მიწოდების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეფერხება გამოიწვიოს, რაც საწვავის ფასებზე აისახება.
Global Petrol Prices-ის მონაცემებით, ეს დინამიკა უკვე ჩანს საწვავის საცალო ფასებში, რომლებიც 2026 წლის თებერვლის ბოლოდან მრავალ ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა.
მატება განსაკუთრებით თვალსაჩინო განვითარებად ბაზრებზეა: ფილიპინებში ბენზინი 71%-ით, დიზელი კი 111%-ით გაძვირდა, ნიგერიაში კი ზრდამ 49% შეადგინა ბენზინზე, 81% კი - დიზელზე.
საგრძნობი ზრდა დაფიქსირდა განვითარებულ ეკონომიკებშიც: აშშ-სა და კანადაში ამ პერიოდში ბენზინის ფასმა დაახლოებით 25-30%-ით, ხოლო დიზელის ფასმა ორივე ქვეყანაში დაახლოებით 40%-ით იმატა.
ევროპის მასშტაბით ფასების ზრდა შედარებით ზომიერი, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი იყო. კერძოდ, ირანში კრიზისის გამწვავებამდე ევროკავშირში ბენზინის საშუალო ფასი ლიტრზე 1.64 ევროს შეადგენდა, ხოლო დიზელის - 1.59 ევროს. 30 მარტისთვის კი, ბლოკის მასშტაბით, ბენზინი 14%-ით, ხოლო დიზელი 30.2%-ით გაძვირდა. ეს ხაზს უსვამს, რომ საწვავის მიწოდების შეზღუდვამ და სავაჭრო შეფერხებებმა დიზელის ბაზრებს განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიაყენა.
ფასების ზრდა ევროკავშირის წამყვან ეკონომიკებში არაერთგვაროვნად აისახა: საფრანგეთსა და გერმანიაში ბენზინის ფასი დაახლოებით 17%-ით გაიზარდა, ხოლო დიზელზე ზრდამ 32%-ს მიაღწია. იტალიასა და ესპანეთში კი ბენზინის გაძვირების მაჩვენებელი 6%-ს არ აღემატება, დიზელზე კი, შესაბამისად, 19.5% და 25%-ს შეადგენს.
აზიაში სურათი კიდევ უფრო არაერთგვაროვანია. მაშინ, როცა იაპონიაში როგორც ბენზინის, ასევე დიზელის ფასი 2.5%-ით გაიზარდა, სამხრეთ კორეაში ზრდამ ბენზინზე 8%-ს, დიზელზე კი 15%-ს გადააჭარბა. ჩინეთის შემთხვევაში საწვავის გაძვირება 10%-ს ფარგლებში შენარჩუნდა.
ირანში ომის ესკალაციის ფონზე საწვავის ფასები გაიზარდა საქართველოშიც. ბენზინისა და საწვავის ღირებულება მნიშვნელოვნად შეიცვალა როგორც სამომხმარებლო ბაზარზე, ისე სახელმწიფოსთვის მისაწოდებელი საწვავის (კონსოლიდირებული ტენდერის) შემთხვევაში:
რამდენით გაძვირდა საწვავი საქართველოში, ირანში ომის დაწყების შემდეგ
მარტში გამოქვეყნებულ პროგნოზში, ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციამ (EIA) ივარაუდა, რომ ბრენტის მარკის ნავთობის ფასი მომდევნო ორი თვის განმავლობაში ბარელზე 95 დოლარზე მაღლა შენარჩუნდება და მხოლოდ წლის ბოლოსთვის შემცირდება. სწორედ ამ დროისთვის უნდა დაუბრუნდეს საწვავის ფასი ომამდელ ნიშნულსაც.
თუმცა, აღნიშნული პროგნოზი რამდენიმე დაშვებას ეყრდნობა, მათ შორის იმას, რომ ნავთობის შეჩერებული მოპოვება აპრილის დასაწყისშივე აღდგება და პიკს მიაღწევს, ჰორმუზის სრუტეში კი ტრანზიტი გაუმჯობესდება - რაც ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.




























