მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შეიცვლება ნავთობის ფასი, ივლისში შემცირების შემდეგ? - Galt & Taggart-ის პროგნოზი

ნავთობის წარმოება

2024 წლის ივლისში ნავთობის ფასი თვიურად 6.6%-ით შემცირდა. თვის განმავლობაში რამდენიმე პოზიტიური ფაქტორის მიუხედავად ნავთობმა ზედიზედ 4 კვირა კლებით დაასრულა და ივლისი ერთ ბარელზე $80.7 ღირებულებით დახურა.

საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ში მსოფლიოში ნავთობის ფასის შემცირების მიზეზებს მიმოიხილავენ და განმარტავენ, რომ ინვესტორები უფრო მეტ ყურადღებას მსხვილი ეკონომიკების მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს უთმობდნენ.

„აშშ-ში კლებადი მარაგები და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია საკმარისი არ აღმოჩნდა გლობალური მოთხოვნის პრობლემების გადასაწონად. აშშ-ში ზედიზედ 5 კვირის განმავლობაში ნავთობის მარაგები მცირდებოდა. მიუხედავად ამისა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ფასის ზრდისთვის, ვინაიდან ინვესტორები უფრო მეტ ყურადღებას მსხვილი ეკონომიკების მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს უთმობდნენ.

სამრეწველო PMI-მ აზიაში, ევროპასა და ამერიკაში აქტივობის შენელება აჩვენა. აშშ-ს PMI 8-თვიან მინიმუმამდე შემცირდა (46.8), ევროზონის მაჩვენებელი კი 45.8-მდე.

ზოგადად, 50.0-ზე დაბალი შედეგი მრეწველობის შემცირებას ნიშნავს. ბოლო თვეებში ჩინეთი დანარჩენ ორზე უკეთესად გამოიყურებოდა, თუმცა ივლისში მისი ინდიკატორიც 50-ზე დაბლა ჩამოვიდა, რაც ნავთობის გლობალურ ფასებში სწრაფადვე კლებით ითარგმნა, ვინაიდან აზიური სახელმწიფო ამ ნედლეულის უმსხვილესი იმპორტიორია“, - წერია ნედლეულის ბაზრის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.

Galt & Taggart-ში აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე, მსოფლიო მოთხოვნის უარყოფითი მოლოდინები ფასების მთავარი განმსაზღვრელია, თუმცა არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რამაც შესაძლოა სწრაფად შეცვალოს სიტუაცია.

„მათ შორის უპირველესი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტია. ჰესბოლას მიერ გოლანის სიმაღლეებზე განხორციელებულ შეტევას, მალევე ისრაელის მხრიდან ჰესბოლასა და ჰამასის უმაღლესი რანგის წარმომადგენლების მკვლელობა მოჰყვა ლიბანსა და ირანში. ეს უკანასკნელი მეტად საყურადღებოა, ვინაიდან დარტყმა ირანის ტერიტორიაზე განხორციელდა, რამაც შესაძლოა ისლამური სახელმწიფო ომში ჩაითრიოს და რეგიონში კონფლიქტი კიდევ უფრო გაიზარდოს. აღნიშნულმა ნავთობის ფასი სწრაფად გაზარდა - ერთ სავაჭრო სესიაში 4.3%-იანი მატება დაფიქსირდა. New York Times-ის მიხედვით ირანის უმაღლესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელზე პირდაპირი საპასუხო დარტყმის ბრძანება გასცა. მსგავსი ესკალაცია შესაძლოა ნავთობის ფასებისთვის მნიშვნელოვანი ზრდის განმაპირობებელი ფაქტორი იყოს, ვინაიდან რეგიონი ნავთობის მოპოვების ერთ-ერთი ჰაბია.

დამატებით, მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა ამ ეტაპზე სუსტია, მოლოდინები ნაწილობრივ დამაიმედებელია. ამერიკის ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთების შემცირებას, სავარაუდოდ სექტემბრიდან დაიწყებს. მონეტარული პოლიტიკის შერბილებამ ეკონომიკურ აქტივობაზე დადებითად უნდა იმოქმედოს, რაც ნავთობის მოთხოვნაშიც ითარგმნება“, - პროგნოზირებენ Galt & Taggart-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები