მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ შემცირდება საპენსიო სესხებზე პროცენტი, როცა ქვეყნის ეკონომიკა ამის საშუალებას არ იძლევა? - გიორგი კეპულაძე

61fd2aca04280
BM.GE
04.02.22 18:56
881
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დარწმუნებულია, რომ საპენსიო სესხებზე პროცენტი დაიკლებს, თუმცა ეკონომიკური ექსპერტების ნაწილს არ ესმის, ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური ვითარების ფონზე, რაზე დაყრდნობით აკეთებს "მოქალაქეების" ლიდერი ასეთ განცხადებას. 

რამდენიმე დღის წინ რუსთავი-2-ის ეთერში ალეკო ელისაშვილმა ისიც თქვა, რომ სპეციალური კომისია, რომელიც საპენსიო საკითხებთან დაკავშირებით შეიქმნა მიმდინარე კვირაში შეიკრიბება, თუმცა როგორც bm.ge-ს „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძემ განუცხადა, კომისიის სხდომა ჯერ ჩანიშნული არ არის.

„ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის, რომ პოლიტიკოსებს, დეპუტატებს აქვთ მნიშვნელოვანი ბერკეტი, რომ შეცვალონ ქვეყანაში როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ვითარება, რაც ჩვენს ყოველდღიურობაზე აისახება, ამიტომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მართებთ, როცა ასეთ განცხადებას აკეთებენ. მე მესმის, რომ პოლიტიკოსისთვის ეს ჩვეული მდგომარეობაა, როცა პოპულისტურ დაპირებებს აკეთებს, თუმცა თუ ეს არ ეფუძნება კონკრეტულ ფაქტებს, მალე გამოაშკარავდება. შეიძლება მოკლე ვადაში მოატყუო ადამიანები, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს აუცილებლად გამოაშკარავდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა ეს გაითვალისწინონ.

დიდი ხანია გვესმის დაპირებები პოლიტიკოსებისგან, მათ შორის ალეკო ელისაშვილისგან საპენსიო სესხებთან დაკავშირებით, მაგრამ ვისურვებდი, რომ მათგან მოვისმინოთ არგუმენტები, თუ როგორ წარმოუდგენიათ საპროცენტო სესხების განაკვეთის შემცირება, როცა ქვეყნის ეკონომიკა ამის საშუალებას არ იძლევა და რეფინანსირების განაკვეთი ბოლო 15 წლის მაქსიმუმზეა. როგორ ესახებათ ეს?“, - განაცხადა კეპულაძემ.

რაც შეეხება კომისიის მუშაობას, კეპულაძის თქმით, სხდომა ჯერჯერობით არ გამართულა და როცა ჩაინიშნება, „საზოგადოება და ბანკები“ ამ პროცესში აუცილებლად ჩაერთვება.

„აუცილებლად დეტალურად შევისწავლით ყველა საკითხს, რაც შეიძლება მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ მინდა ყველას გვესმოდეს, რომ სესხის საპროცენტო განაკვეთი ხშირად არ არის დამოკიდებული რომელიმე პარტიის ლიდერის განცხადებაზე, ეს დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე და საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე ლარში“, - აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.

თავის მხრივ, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ ის განცხადებები, რაც „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ე.წ. საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის დაწევასთან დაკავშირებით გააკეთა, სამწუხაროდ, პოპულისტური რიტორიკის გაგრძელებაა, რომელიც მოკლებულია კონკრეტიკას და არ არის ორიენტირებული საკითხის რეალურად გადაჭრაზე.

მისივე თქმით, ელისაშვილი არ არის გამოსული წინასაარჩევნო თავბრუსხვევიდან და საპენსიო სესხების თაობაზე პოპულისტური შეძახილებით გამოსვლას აგრძელებს.

„როგორც ჩანს, ალეკო ელისაშვილი ისევ დარჩენილია წინასაარჩევნო თავბრუსხვევაში, როცა მისი რიტორიკა საპენსიო საკითხთან დაკავშირებით, პოპულისტურ შეძახილებს არ სცდებოდა. სამწუხაროა, რომ ბატონი ალეკო ახლაც იგივეს აგრძელებს. მის ბოლო სატელევიზიო გამოსვლაშიც ვერ მოვისმინეთ რაიმე კონკრეტული. ბატონი ელისაშვილი მხოლოდ იმას აცხადებს, რომ პროცენტმა უნდა დაიწიოს. თუმცა, ეს ყველაფერი როგორ უნდა მოხდეს, მას ეს არასდროს განუმარტავს.სამწუხაროა, რომ მისი მხრიდან არასდროს მოგვისმენია კონკრეტულ კითხვებზე პასუხები.

როდესაც კონკრეტიკის დრო დგება, ის ყოველთვის კითხვებს გაურბის და მისთვის კომფორტულ პოპულიზმს განაგრძობს. სწორედ ამიტომ, საპენსიო საკითხებზე ელისაშვილის გამოსვლები უკვე კომიკურ ხასიათს ატარებს. მისი მხრიდან მხოლოდ პოპულიზმი ისმის და არანაირი კონკრეტიკა. ვფიქრობ, ეს უნდა დასრულდეს და ცოტა მეტი სერიოზულობით უნდა მივუდგეთ ამ საკითხებს.

არის თუ არა არსებული საპროცენტო განაკვეთი საბაზრო? რა ანალიზზე და რა კვლევებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ადგილი აქვს „ძარცვას“? რომელი მონაცემების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს ამა თუ იმ პროცენტს სამართლიანად პროცენტად და რატომ? როგორ თვლის ამ ყველაფერს – ამ საკითხებზე მას კონკრეტული კომენტარი არასოდეს გაუკეთებია, სამწუხაროდ არც ამ ბოლო სატელევიზიო გამოსვლისას“, – აღნიშნა კაპანაძემ.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ როგორც „მოქალაქეების“ ლიდერის, ისე მთელი რიგი პოლიტიკოსების მხრიდან ისევ არ არის გააზრებული საკითხის შინაარსობრივი ასპექტები და საზოგადოებისთვის მისი სამართლიანად მიწოდების აუცილებლობა.

როგორც კაპანაძე ამბობს, დღემდე არ ისმის ადეკვატური შეფასებები, ისმის მხოლოდ ლოზუნგები და არა კონკრეტიკა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები