მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ შესრულდა ევროკომისიის მეოთხე რეკომენდაცია ? - შერგელაშვილის შეფასება

64107684062cf
ნინი ლონგურაშვილი
15.03.23 10:40
515
“საქართველოს განვითარების პლატფორმამ“ (GeoDP) პროექტის „ევროკავშირის ანტიკორუფციული რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგი“ შუალედური ანგარიში წარადგინა.

პროექტის ფარგლებში ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციებიდან მეოთხე რეკომენდაციის (ანტიკორუფციული სამსახურის დამოუკიდებლობის გაძლიერება ყველა ძირითადი ანტიკორუფციული ფუნქციის გაერთიანებით, მაღალი დონის კორუფციის საქმეების მკაცრი განხილვის მიზნით. ახალი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის აღჭურვა მათი მანდატის შესაბამისი რესურსებით და მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა) მონიტორინგი განხორციელდა.

BMG-სთან, “საქართველოს განვითარების პლატფორმის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ევროკავშირის ანტიკორუფციული რეკომენდაციის შესრულების პროცესში შემოთავაზებული ალტერნატიული კანონპროექტების და მიღებული კანონის შინაარსზე ისაუბრა, თენგიზ შერგელაშვილის თქმით, ევროკომისიის მეოთხე რეკომენდაცია ფორმალური თვალსაზრისით ნაწილობრივ შესრულდა. მან ასევე, ისაუბრა მონიტორინგის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებსა და შედეგებზე.

„შუალედურ ანგარიშში დეტალურად აისახა ყველა გადადგმული ნაბიჯი, რომელიც უკავშირდებოდა ანტიკორუფციული სამსახურის ჩამოყალიბებას. საბოლოო ჯამში გამოიკვეთა, რომ 12 პუნქტიანი რეკომენდაციის მეოთხე პუნქტი ფორმალური თვალსაზრისით ნაწილობრივ არის შესრულებული და არსებითი თვალსაზრისით არაეფექტურობისთვის განწირული. ვალდებულება ფორმალური თვალსაზრისით შესრულებულია, მაგრამ არ არის გატარებული ის არსებითი ცვლილებები, რაც უზრუნველყოფდა ევროკავშირის მიერ მითითებული პრობლემის გადაჭრას. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პუნქტის ფორმალური შესრულების მცდელობა, რომელიც ევროკავშირთან პოზიტიური ფონის პირობებში შესაძლებელი იყო, რომ ჩათვლილიყო, მინიმუმ, ნაწილობრივ შესრულებულად. 

გაწერილი 12 რეკომენდაციიდან, მნიშვნელოვანია ორი ასპექტი, პროცესი, როგორ წარიმართება ეს, რადგან ეს უნდა იყო გამჭვირვალე და მოხდეს სხვადასხვა მხარის ჩართულობა და მეორეა შედეგი, ანუ რამდენად სრულყოფილად იქნება შესრულებული პირობები, არა ფორმალურად, არამედ პრაქტიკულად. უშუალოდ მეოთხე პუნქტს რაც შეეხება, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს საკმაოდ პოზიტიური ადგილი ეკავა ანტიკორუფციული ინდექსების კუთხით, თუმცა ამის გაუმჯობესების ტენდენცია ბოლო წლებში არ შეიმჩნევა და განსაკუთრებით ეს ეხება მაღალი დონის კორუფციის თემას, ამიტომ უკვე გამოჩნდა ცალკეული საერთაშორისო, სპეციალიზირებული ორგანიზაციების დასკვნები, სადაც გარკვეული შეშფოთება არის გამოთქმული რისკებთან დაკავშირებით.

აქ ორი საკვანძო თემაა, რაც არ იყო განხილვებზე გათვალისწინებული, თავად ანტიკორუფციული სამსახურის ხელმძღვანელის შერჩევის წესი, რამაც უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებლობა და მეორე, რომ მას არ აქვს საგამოძიებო ფუნქცია. დამოუკიდებლობა სამსახურს სჭირდება, რადგან საუბარია მაღალი დონის კორუფციაზე, რაც სამთავრობო წრეებში ხდება.  დღეს ჩვენ მივიღეთ სააგენტო, რომლის ხელმძღვანელის დანიშვნაც კონკურსის შერჩევით ხდება, თუმცა მისი დანიშვნა საბოლოოდ მაინც პრემიერ-მინისტრის მიერ ხდება, ანუ იგივე მთავრობის ხელმძღვანელის მიერ. ალტერნატიულ ვარიანტში შეთავაზებული იყო პარლამენტზე დამოკიდებულების სისტემა, მაღალი კვორუმით ხელმძღვანელის დანიშვნა, თუმცა ეს არ იქნა გათვალისწინებული, შესაბამისად დამოუკიდებლობის ეს გარანტია არ გვაქვს.” აღნიშნა თენგიზ შერგელაშვილმა. 
 
შეგახსენებთ, “საქართველოს განვითარების პლატფორმამ“ (GeoDP) პროექტის „ევროკავშირის ანტიკორუფციული რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგი“ შუალედური ანგარიში წარადგინა.
შუალედური ანგარიშის ძირითადი მიგნებები შემდეგია:

Ø  მმართველმა პარტიამ არ გაითვალისწინა ოპოზიციის მოთხოვნა, რომ სესიაზე მომხდარიყო სამუშაო გრაფიკის, პირობების და წესების განსაზღვრა; 

Ø  „ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა საპარალამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილის მოთხოვნა, რომ განეხილათ „ლელოს“ მიერ ინიცირებული კანონპროექტთა პაკეტი ანტიკორუფციული სამსახურის შესახებ (TI-ის და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მომზადებული), რომელიც ერთი წლის წინ იყო მეორედ ინიცირებული და იურიდიული კომიტეტი წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში არ იხილავდა;

Ø  სამუშაო ჯგუფის მუშაობა არ იყო გამჭვირვალე. ჩატარდა მხოლოდ 3 შეხვედრა, რომლის საოქმო ჩანაწერიც კი, რომელიც ხელმისაწვდომი მხოლოდ ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად გახდა, არ მოიცავს არანაირ არსებით ინფორმაციას. პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში კი არის მხოლოდ კომისიის თავმჯდომარის თითო ციტატა; 

Ø  არასამთავრობო სექტორის პროცესში მონაწილეობა იყო პრობლემური, არ იყო სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დასწრების საშუალება. საკომიტეტო განხილვები კი ჩატარდა ნაჩქარევად, ცვლილებაშეტანილი დოკუმენტები არ საჯაროვდებოდა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების საკომიტეტო განხილვებში სრულყოფილ ჩართულობას ხელს უშლიდა;

Ø  მმართველმა პარტიამ არ გაითვალისწინა სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის არც ერთი წინადადება. მიუხედავად ამისა, პროექტი მაინც ინიცირდა, როგორც სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული;

Ø  თავდაპირველი პროექტი იყო ფაქტობრივად მხოლოდ ფორმალური. საბოლოოდ გათვალისწინებული იქნა ცალკეული შენიშვნები, რაც დადებითად შეფასდა არასამთავრობო სექტორის მხრიდან. თუმცა, არ მიაჩნიათ საკმარისად და თვლიან, რომ პრობლემურად დარჩა ბიუროს დამოუკიდებლობის და საგამოძიებო ფუნქციის საკითხი, რომლის გარეშეც სამსახური ფორმალობად რჩება.
 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები