თუ ადრე, ბრენდსა და მომხმარებელს შორის კომუნიკაციაში ძალაუფლება ბრენდის მხარეს იყო გადახრილი, ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, მომხმარებლის ხმა იმდენად გაძლიერდა, რომ ბრენდები იძულებულნი გახდნენ, სამომხმარებლო გამოცდილებას უფრო დიდი ყურადღება დაუთმონ, - ასე აფასებს კრეატიული სააგენტო Playmakers-ის მმართველი პარტნიორი, ნუკა შევარდნაძე, იმ გავლენას, რომელიც ტექნოლოგიურმა პროგრესმა მარკეტინგზე მოახდინა.
“პირველი ცვლილება, რაც ციფრული არხების განვითარებამ და ტექნოლოგიურმა პროგრესმა განაპირობა ისაა, რომ ძალაუფლება ბრენდიდან - მომხმარებლის მხარეს გადავიდა. თუ ადრე, ბრენდი ერთი მედიუმიდან და ცალმხრივად გველაპარაკებოდა, მაგალითად, სატელევიზიო და რადიო რეკლამის ან ბილბორდის გამოყენებით, დღეს, ტექნოლოგიებმა მომხმარებელს ხმა მისცა და ინტერაქცია გააჩინა.
მომხმარებელსა და ბრენდს შორის არსებული კომუნიკაცია ორმხრივი გახდა, რამაც, ერთი მხრივ, ბრენდის შენებაში მომხმარებლის გამოცდილების როლი გააძლიერა. უკმაყოფილო მომხმარებლის ხმა დღეს ძალიან მკაფიოდ ისმის და ის საშიშიცაა, შესაბამისად, ბრენდები იძულებულნი გახდნენ უფრო მეტი ყურადღება მიაქციონ მოსმენას, ვიდრე ლაპარაკს.
მეორე მხრივ კი, ამ ტენდენციამ ისიც გამოიწვია, რომ მომხმარებელი სხვადასხვა არხში გაიფანტა, ანუ აღარ გვაქვს მასიური მედია, რადგან თითოეული მათგანი თავად იქცა მედიუმად. თუმცა ერთი შეცდომა, რომელსაც, ჩემი აზრით, მარკეტერები ხშირად ვუშვებთ ისაა, რომ მომხმარებლებს ამ სხვადასხვა არხში მივდევთ - ასე, კონტენტი გავაუარესეთ, ზედაპირულები გავხდით და ზოგჯერ, გარემოსაც ვაბინძურებთ.
მთავარი გამოწვევა, რომელიც მარკეტერებს ამ კუთხით გვაქვს ისაა, რომ ტრადიციული მარკეტინგი გავიხსენოთ და ისეთი ღირებულება შევქმნათ, რომელიც მომხმარებლის ყურადღებას მიიქცევს, რათა კუდში არ ვდიოთ და შემაწუხებელი არ გავხდეთ”, - განაცხადა ნუკა შევარდნაძემ TECH INFORM-ში.