რა ხანია, რაც კომპანიებს შორის კონკურენცია პროდუქტებისა და სერვისების საზღვრებს გასცდა და ბრენდების ტერიტორიაზე გადაინაცვლა, რადგან ხშირად, მომხმარებლები პროდუქტს ირჩევენ არა ხარისხისა და ფასის გამო, არამედ იმ ემოციის გამო, რომელთაც მათ ბრენდი ანიჭებთ. ასეთი კონკურენციის ფონზე, დასამახსოვრებელი ბრენდის შექმნა სულ უფრო და უფრო რთული ხდება.
როგორ შევქმნათ გამართული ბრენდი, როგორ დავგეგმოთ წარმატებული მარკეტინგული კამპანია და საერთოდ, რა არის ბრენდი და რა - მარკეტინგი? ამ კითხვებს TECH INFORM-ში კრეატიული სააგენტო Playmakers-ის მმართველმა პარტნიორმა, ნუკა შევარდნაძემ უპასუხა.
“ბრენდი გამოხატავს იმას, თუ ვინ გინდა რომ იყო, ანუ ვინ ხარ, როგორც კომპანია. მთელი ოსტატობა ისაა, რომ ის, რასაც ბრენდის სტრატეგიაში ჩავწერთ და ის, თუ რა ადგილს ვიკავებთ მომხმარებლის თავში, გულსა და აღქმაში - ერთმანეთს დაემთხვეს. მარკეტინგი კი არის საშუალება, ანუ პროცესი, რომლითაც ბრენდი მომხმარებელს უნდა შეაყვარო და მიყიდო.
პროცესს რაც შეეხება, აქაც, ისევე, როგორც ყველა საქმეში, მნიშვნელოვანია შევთანხმდეთ სტრატეგიაზე, ხოლო შემდეგ, მას თანმიმდევრულად, უკომპრომისოდ და, რაც მთავარია, სიყვარულით მივყვეთ”, - განაცხადა ნუკა შევარდნაძემ TECH INFORM-ში.
BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში Playmakers-ის მმართველმა პარტნიორმა იმ ელემენტებზეც ისაუბრა, რომელთაგან დასამახსოვრებელი ბრენდი იქმნება. ნუკა შევარდნაძის თქმით, ბრენდი მხოლოდ ლოგო, სახელი და სლოგანი არ არის, რადგან მომხმარებელთან ემოციური კავშირის დასამყარებლად ბრენდის უკან არსებული სამყაროს მომხმარებლისთვის გაცნობა არის აუცილებელი.
“ნებისმიერი ბრენდის ამოცანაა, მომხმარებელს თავი შეაყვაროს და ჩვენც ვცდილობთ, ისინი ადამიანებს დავამსგავსოთ. წარმოდგენა, რომელზედაც ყველა შევთანხმდით ისაა, რომ ბრენდი მხოლოდ ლოგო, სახელი და სლოგანი არ არის. ეს დაახლოებით ისაა, ადამიანზე რომ თქვა, ის მხოლოდ სახელი, გვარი და მისი გარეგნობა არისო.
ემოციური კავშირი ადამიანთან მაშინ გიჩნდება, როცა მის შინაგან სამყაროს აღმოაჩენ და გაიგებ, თუ რა აინტერესებს და რას უძღვნის თავს. ბრენდებმა სწორედ ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რათა მომხმარებელს ის არსი, ღირებულებები და თვისებები დავანახოთ, რომელიც ჩვენს მიღმა იმალება”, - აღნიშნა ნუკა შევარდნაძემ.
კრეატიული სააგენტო Playmakers-ის მმართველმა პარტნიორმა TECH INFORM-ში მისი გამორჩეული ბრენდებიც დაასახელა, რომელთაც, მისი თქმით, ახალი კატეგორია შექმნეს და მომხმარებლის ქცევა შეცვალეს.
“ერთ დროს ძალიან გატაცებული ვიყავი ე.წ. “რევოლუციური” ბრენდებით, რომლებიც ბაზარს აყირავებენ, ახალ კატეგორიას ქმნიან და მომხარებლის ქცევას ცვლიან - ასეთ ბრენდებს შორის Airbnb-ს, Netflix-სა და Uber-ს გამოვყოფდი. არასდროს წარმოგვედგინა, რომ გარკვეული დროის შემდეგ ტელევიზორს ასე ვუყურებდით, მოგზაურობისას სხვის სახლში დავრჩებოდით ან ტაქსს ტელეფონით აღარ გამოვიძახებდით. ამ ყველაფერს ძალიან მალე გადავეჩვიეთ.
ასეთი ბრენდის შექმნის მცდელობა საქართველოშიც გვქონდა. “სფეისს” ვგულისხმობ, რომელმაც მომხმარებელს სრულად ციფრული საბანკო მომსახურება და გარკვეულწილად, საკუთარი ფუნქციაც შეასრულა, რადგან ტრადიციული ბანკები აიძულა, მეტად გაციფრულებულიყვნენ და მომხმარებლის ცხოვრების გამარტივებაზე ეფიქრათ”, - განაცხადა ნუკა შევარდნაძემ TECH INFORM-ში.