მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოლოდინებია 2024 წლისთვის ინფლუენსერ მარკეტინგის სფეროში - echolize-ის პროგნოზი

ინფლუენსერი

სოციალური მედიის განვითარებასთან ერთად, ინტერნეტში ახალი საქმე - ინფლუენსერობა გაჩნდა. თუ ადრე, ადამიანები ამ ტიპის საქმიანობას სკეპტიკურად უყურებდნენ, დღეს ის ნამდვილ პროფესიად იქცა, რაც იმ მოთხოვნით დასტურდება, რომელიც კონტენტ კრეატორების მიმართ არსებობს.

გამომდინარე იქიდან, რომ ინფლუენსერ მარკეტინგი ინდუსტრიად ჩამოყალიბდა, ციკლურობა და ტენდენციების ცვალებადობა მასაც ახასიათებს. როგორც მარკეტინგული სააგენტო echolize-ის დირექტორმა, ნათია ბერიძემ TECH INFORM-ში განაცხადა, მთავარი ტენდენცია, რომელიც ინფლუენსერ მარკეტინგის ბაზარზე 2024 წელს ფიქსირდება - ვიდეოკონტენტის შექმნაა, რასაც, თავის წილ, ადამიანების შემცირებული ყურადღება განაპირობებს.

“ინფლუენსერ მარკეტინგის ბაზარზე არსებული ტენდენციები წლიდან წლამდე იცვლება. პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ მომხმარებელს ვიდეოკონტენტი, მათ შორის მოკლე ქრონომეტრაჟის მქონე ვიდეოები აინტერესებს, რადგან ჩვენი კონცენტრაციის უნარი და ყურადღების არეალი ძალიან შეზღუდულია და შესაბამისად, ინფორმაციის მიღების მზაობა ვიდეოს მიმართ გვაქვს.

თუ დააკვირდებით, დამეთანხმებით, რომ გრძელი ტექსტების ერაც დამთავრდა, რადგან ადამიანებს, როგორც წესი, ამისთვის დრო აღარ გვაქვს. შესაბამისად, ეს ორი ფაქტორი ურთიერთდამოკიდებულია, რასაც ბოლო წლებში წინ წამოწეული სოციალური ქსელები ცხადყოფს. ამ შემთხვევაში, TikTok-ს ვგულისხმობ, სადაც კონკრეტული კომპანიის პროდუქტთან ან სერვისთან მიბმული კონტენტის გაკეთება ადამიანს რამდენიმე წამში შეუძლია.

კიდევ ერთი ტენდენცია ისაა, რომ ბრენდები, ისევე, როგორც ჩვენ, ანუ სააგენტო, მიკრო- და ნანო ინფლუენსერებთან თანამშრომლობით ინტერესდებიან. არსებობს ინფლუენსერების კლასიფიკაცია: ადამიანები, რომლებსაც 1,000-მდე, 10,000-მდე, 50,000-მდე და მეტი გამომწერი ჰყავთ. ბოლო პერიოდში, მეტად ცნობილი სახეების მიერ გაკეთებული რეკლამით ვიყავით განებივრებულები, მაგრამ მივხვდით, რომ ის ადამიანები, რომლებიც ნანო ინფლუენსერები არიან, ანუ 1,000-მდე გამომწერი ჰყავთ, მეტად ბუნებრივ და ავთენტიკურ კონტენტს ქმნიან, ვიდრე ინფლუენსერები, რომელთაც 100,000 გამომწერი ჰყავს. ეს, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ 100,000 გამომწერის მქონე ინფლუენსერი თავის საქმეს არ აკეთებს, მაგრამ მიგვანიშნებს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, ნანო და მიკროინფლუენსერების გაზრდა”, - განაცხადა echolize-ის დირექტორმა, ნათია ბერიძემ TECH INFORM-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები