კომპანია GWP-ის გენერალური დირექტორი, ხოსე მიგელ სანტოს გონზალეზი აცხადებს, რომ მომავალში არსებობს საფრთხე, რომ წიწამურში შეიძლება მეწყრული და სხვა პროცესები განვითარდეს, თუმცა ამ ეტაპზე მიწა, რომელიც მილსადენს უშლიდა ხელს, მოცილებულია.
„გასული კვირა საკმაოდ რთული იყო. მას შემდეგ, რაც ჩვენ დაგვიზიანდა ერთ-ერთი ჩვენი მაგისტრალური მილსადენი, რომელსაც ნატახტრიდან თბილისამდე წყალი მოაქვს, ეს არის 1400 მმ-მდე ზომის მილსადენი, ყველაზე დიდი ზომის მილსადენი, რომელიც ქსელში გვაქვს. ეს გვიქმნის დამატებით სირთულეებს. რაც მოხდა, ძირითადად არის ის, რომ ჩვენი მილსადენი დაზიანდა, რაც გამოწვეული იყო მიწის ფენების გადანაცვლებით და ზეწოლით ჩვენს მილსადენზე. ამ მომენტიდან რა თქმა უნდა, იძულებული ვიყავით, შეგვეწყვიტა წყალმომარაგება თბილისის გარკვეულ უბნებში, რათა
საშუალება გვქონოდა, მომარაგების სხვა წყარო შეგვექმნა. ჩვენ წამოვიწყეთ სამუშაოები დაზიანების მეორე დღესვე. უნდა შევსულიყავით მილსადენში, შეგვეკეთებინა შიგნიდან, თუმცა როცა დავინახეთ, რა მასშტაბისაც იყო პრობლემა, გადავწყვიტეთ მოგვეცილებინა მთელი მიწის მასა მილსადენიდან და გათხრები გვეწარმოებია, რათა დაგვემონტაჟებინა ახალი მილსადენი“, - განაცხადა ხოსე მიგელ სანტოს გონზალეზიმ „საქმიანი დილის“ ეთერში.
მისივე თქმით, სამუშაო იყო საკმაოდ რთული, მილის ზომიდან გამომდინარე. „სამუშაო მოიცავდა ასევე საკმაოდ დიდი მიწის მასის მოცილებას და რთული იყო ეს, რადგან ტერიტორია ახლოს არის მდინარესთან. პრობლემა იყო მილების გადაადგილებასთან, მილების მიწაში ჩატანასთან დაკავშირებით. ეს იყო საკმაოდ კომპლექსური სამუშაო“, - თქვა მან.
წამყვანის კითხვაზე, სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით ვინ არის პასუხისმგებელი იმ ტერიტორიაზე, სადაც GWP-ის მილსადენები გადის?, ხოსე მიგელ სანტოს გონზალეზი პასუხობს: „ეს სერიოზული საკითხია ჩვენთვის, რადგან ჩვენი მილსადენები განთავსებულია სხვადასხვა ტერიტორიებზე, გვაქვს სხვადასხვა რისკები. მართალია, რომ ადრე ჩვენ რისკების კომუნიკაციას ვახდენდით ჩვენს მილსადენთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, თუ რამე ნარჩენი მასალები განთავსდებოდა მილსადენების თავზე. ჩვენი მხრიდან ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დროული რეაგირება გვქობდეს, შევატყობინოთ გარემოს დაცვის სამინისტროს, მერიას და სხვა ორგანოებს, რომ არსებობს რისკი ჩვენს მილსადენებთან დაკავშირებით. როცა გავაფრთხილებთ, ვიცით, რომ მათი პრევენცია შესაძლებელია“.
რაც შეეხება საკითხს, მოგვარებულია თუ არა სიტუაცია, კომპანიის დირექტორი პასუხობს, რომ ზეწოლა მოცილებულია მილსადენებიდან, თუმცა არსებობს რისკი, რომ იგივე პროცესი განვითარდება იმავე, ან ბევრ სხვა ადგილსაც კი, რადგან GWP-ის მილები არის ძალიან ახლოს ქედთან, რის გამოც, სხვადასხვა ბუნებრივი მოვლენებიდან, მდინარის არსებობიდან გამომდინარე, შესაძლებელია მეწყერი განვითარდეს.
„ამ მომენტში, მიწა, რომელიც მოვაცილეთ, ახლა არის ამ მილსადენის ქვეშ და იჭერს მას“, - თქვა მან.
16 ივნისს სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის სამშენებლო ნაგვით დაზიანების შემდეგ დედაქალაქში, ვაკე-საბურთალოსა და გლდანის რაიონებში, და ქალაქ მცხეთაში სასმელი წყლით მომარაგება შეფერხდა. GWP თავდაპირველად აცხადებდა, რომ მილსადენზე გრუნტი მესამე პირის მხრიდან წლების განმავლობაში, 2017 წლიდან, იყრებოდა, თუმცა შემდეგ დაზიანების გამომწვევ მიზეზად ბუნებრივი პროცესები დასახელდა.
შსს მომხდარზე გამოძიებას ორი მუხლით აწარმოებს: სსკ-ის 188-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით) და 306-ე (საქმიანობის განხორციელება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე).