Visa 2026 წლის მარტში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველ ბიზნეს ლაუნჯს გახსნის. ინიციატივის მიზანი პრემიუმ მომხმარებლებისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნაა. გარდა ამისა ბიზნეს ლაუნჯს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება როგორც ლოკალურად აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, ასევე რეგიონულად ქართული ავიაბაზრის პოზიციონირების თვალსაზრისით.
Visa-ს სტრატეგიული არჩევანი
Visa-სა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გადაწყვეტილება ქუთაისში ლაუნჯის გახსნის შესახებ ეხმიანება ბოლო წლებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის მზარდ ტენდენციას. მხოლოდ 2025 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 1,824,717 მგზავრსა და 5,313 რეისს მოემსახურა. Visa, ამ დინამიკის შესაბამისად, ინვესტიციის შესაძლებლობას ხედავს და აქტიურად მონაწილეობს რეგიონში ტურიზმის განვითარებაში.
Visa-ს ბრენდის ინტეგრაცია და დიზაინის ხედვა
ლაუნჯის დიზაინი Visa-ს ბრენდის იდენტობასთან თანხვედრაშია. ვიზიტორებს დახვდებათ კომპანიისთვის დამახასიათებელი თანამედროვე და მინიმალისტური სტილი, რომელსაც Visa-ს გლობალურ პრემიუმ სივრცეებში ხშირად ვხვდებით. მეორე სართულზე მოეწყობა თიბისი კონცეპტის სივრცე, რაც Visa-სა და თიბისის საერთო ძალისხმევაზე მეტყველებს განავითარონ პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილება საქართველოში.
ბიზნეს ლაუნჯის ინტერიერის თემატიკა ადგილობრივ ნარატივსაც ითავსებს. კედლებზე წარმოდგენილი იქნება შუქ-პროექციები არგონავტების თქმულებებიდან, რაც კიდევ უფრო გამოკვეთს ქუთაისის, როგორც ისტორიული ქალაქის, იდენტობას. მსგავსი დეტალები დადებით ემოციურ გავლენას ახდენს მგზავრებზე და თანამედროვე სივრცეს ადგილობრივ კულტურულ კონტექსტთან აკავშირებს.
ბიზნეს ლაუნჯი პირველ და მეორე სართულზე, ჯამში 270 კვადრატულ მეტრზე განთავსდება. სივრცის დაგეგმვაში მულტიფუნქციურობას მიენიჭა პრიორიტეტი. ლაუნჯი მოსასვენებელ, სამუშაო და კვების ფუნქციურ ზონებად იქნება დაყოფილი. ახალი ბიზნეს ლაუნჯი იქნება სივრცე, სადაც აეროპორტის საქმიანი ვიზიტორები კომფორტულ, მშვიდ და მრავალფუნქციურ გარემოში შეძლებენ დროის გატარებას.
Visa-ს შეთავაზება პრემიულ მომხმარებლებს
ლაუნჯით სარგებლობა წინასწარ განსაზღვრული რაოდენობით უფასოდ შეეძლებათ საქართველოში გაცემული Visa Premium ბარათის მფლობელებს: Visa Platinum, Visa Signature და Visa Infinite. პროგრამაში მონაწილე ბანკების შესახებ დამატებითი ინფორმაცია გავრცელდება ლაუნჯის გახსნამდე.
ამ ეტაპზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უმეტესად დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიებს ემსახურება. მათ შორის უდიდესი წილი Wizz Air-ს უჭირავს 12 ქვეყნის 24 მიმართულებით. Visa-ს ბიზნეს ლაუნჯი კი პრემიუმ სეგმენტის განვითარებას შეუწყობს ხელს, რომ მეტი ბიზნეს მგზავრის მოზიდვა გახდეს შესაძლებელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.
Visa-სა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის როლი ქართული ავიაბაზრის ტრანსფორმაციაში
Visa-ს ინვესტიცია ქუთაისში კომპანიის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია განავითაროს საქართველო, როგორც რეგიონული ბიზნეს ჰაბი. ბიზნეს ლაუნჯი არა მხოლოდ Visa-ს მომხმარებლებისთვის ქმნის დამატებით ღირებულებას, არამედ მკაფიო ნიშანია, რომ Visa საქართველოში პრემიუმ სერვისების ეკოსისტემის განვითარების ავანგარდშია.
ბიზნეს ლაუნჯი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს საშუალებას მისცემს უფრო სტრატეგიული პოზიცია დაიკავოს საქართველოს ავიაბაზარზე. პრემიუმ სერვისები ხელს შეუწყობს ბიზნეს ტურიზმის განვითარებას, რაც გააუმჯობესებს აეროპორტის კონკურენტუნარიანობას როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით.




























