ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, მეოთხე ტალღის თავიდან ასაცილებლად ორი გზა არსებობს: ვაქცინაცია და რეგულაციების დაცვა.
“რაც შეეხება ვაქცინაციას, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ვაქცინით ავიცრებით. საქართველოში არსებული ყველა ვაქცინა დადასტურებულად ეფექტიანია. მოქალაქეები არ იცავენ დისტანციას და რატომღაც დაგვავიწყდა, რომ პირბადის ტარება არის აუცილებელი. ჯერ პანდემია არ დასრულებულა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
Bm.ge-ს კითხვაზე, რეგულაციების დაცვის აღსრულებას შეუშლის თუ არა ხელს ამნისტია, რომელიც ჯარიმებზე რამდენიმე კვირის წინ პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ „ჯარიმა უარყოფითი სტიმულია, რომელიც გარკვეული ქცევის ჩამოყალიბებისთვის გვჭირდებოდა, თუმცა ამ ჯარიმებს გარკვეული სოციალურ-ეკონომიკური ზეგავლენა ჰქონდა ისედაც პანდემიის პირობებში მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობისთვის“.
რაც შეეხება რეპლიკას, უმჯობესი იქნებოდა თუ არა, რომ ამნისტია პანდემიის დასრულების შემდეგ გამოცხადებულიყო, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ უპასუხა, რომ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს და ამ შემთხვევაში ეს ახსნა არის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.
„რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია სანქციებიც, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია პოზიტიური სტიმული, თანამშრომლობა და პასუხისმგებლობის გაზიარებაც. რაც არ უნდა სანქცია დააწესოს სახელმწიფომ, 3 მლნ ადამიანის ქცევა ვერაფრით ვერ გაკონტროლდება. სიტუაცია არის განსაკუთრებით საკონტროლო, საგანგაშოც კი, ჩვენი ზომის ქვეყნისთვის. ვაქცინაციის პროგრამა დაწყებულია და ეს პროცესი შეუფერხებლად უნდა წარიმართოს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.




























