მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა იპოვოთ ფასდაკლებული პროდუქცია - ყველაფერი "სოციალური კალათის" შესახებ|ინტერვიუ

მარკეტები

"სპარი", "დეილი", "კალათა", "მაგნიტი", "გვირილა", "ნიკორა", "ლიბრე", "კარფური", აგროჰაბი", "უნივერსამი", ზღაპარი" – ეს „რითეილ ასოციაციაში“ შემავალი ის ქსელური მარკეტებია, სადაც მომხმარებელი ე.წ. „სოციალური კალათის“ პროექტის ფარგლებში ფასდაკლებულ "სოციალურ პროდუქციას" [ზეთი, ბრინჯი, კვერცხი, წიწიბურა, მაკარონი, პური, შაქარი, რძის პროდუქტები, ქათმის ხორცი...] იპოვის. ამის შესახებ BMGTV-ზე, ელენე კვანჭილაშვილის გადაცემა “ანალიტიკასთან” ინტერვიუში “რითეილ ასოციაციის” ხელმძღვანელმა სოფო ქაშაკაშვილმა განაცხადა. მან განმარტა, რომ „სოციალური კალათა“ აუცილებლად ფიზიკურ კალათას არ გულისხმობს და პროდუქცია ისევ დახლებზე იქნება განაწილებული.

„როდესაც „სოციალური კალათის“ შექმნა დავაანონსეთ, მოსახლეობას გაუჩნდა განცდა, რომ მაღაზიებში ფიზიკურად [დახვდებოდათ კალათები], რა თქმა უნდა, ეს ტერმინი გადატანითი მნიშვნელობითაა გამოყენებული“, - აღნიშნა სოფო ქაშაკაშვილმა.

ის ირწმუნება, რომ ქსელური მაღაზიების აქამდე არსებულ პერიოდულ აქციებსა და პროექტ “სოციალურ კალათას” შორის სხვაობა ხელშესახებია და ფასდაკლება 10%-დან 50%-მდე მერყეობს. “თუ ადრე კონკრეტულ პროდუქტზე ფასდაკლება პერიოდულად წყდებოდა და ის ჩვეულებრივ ფასს უბრუნდებოდა, ახლა რითეილ ასოციაციის ყოველი წევრი ეცდება, მინიმუმ ერთი დასახელების სოციალურ პროდუქტზე მუდმივად ჰქონდეს ფასდაკლება“, - აღნიშნა მან.

სოფო ქაშაკაშვილი აცხადებს, რომ "სოციალური კალათის“ შექმნა "სავაჭრო ქსელების მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობისა და კეთილი ნების გამოხატულებაა" და ინსპირაცია ე.წ. "საოჯახო კალათის" მოდელი გახდა, რომელიც საბერძნეთის მთავრობამ აამოქმედა და ე.წ. "ფასების კომისიის" მიერ მომზადებულ დასკვნაშიც იყო საუბარი.

ცნობისთვის: საბერძნეთის მთავრობამ 2022 წელს დანერგა „საოჯახო კალათის“ (Household Basket) პროგრამა, რომლის ფარგლებში ქსელები ყოველკვირეულად წარადგენდნენ პირველადი საჭიროების პროდუქტებზე განახლებულ შეთავაზებებს, ხოლო ყველა ფასი ქვეყნდებოდა ოფიციალურ ციფრულ პლატფორმაზე (e-Katanalotis), რაც მომხმარებლებს სხვადასხვა ქსელის ფასების პირდაპირ შედარების შესაძლებლობას აძლევდა.

"რითეილ ასოციაციის" ინფორმაციით, მომხმარებლისთვის მსგავსი პლატფორმის შეთავაზებას საქართველოს მთავრობაც გეგმავს.

ინტერვიუ სოფო ქაშაკაშვილთან

– რა გახდა „სოციალური კალათის“ შემოღების მთავარი მოტივაცია? იცნობდით თუ არა მანამდე ე.წ. „ბერძნულ მოდელს“ და რამდენად იქცა ე.წ. "ფასების კომისიის" დასკვნა ამ იდეის ინსპირაციად?

– „სოციალური კალათის“ შექმნა სავაჭრო ქსელების მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობისა და კეთილი ნების გამოხატულებაა. რა თქმა უნდა, ყველანი ველოდით ამ დასკვნას, რადგან საქართველოში პირველად მოხდა ფასწარმოშობის ასეთი სიღრმისეული და დეტალური გამოკვლევა. ბევრი საკითხი დაემთხვა იმას, რაზედაც ჩვენ არაერთი წელი ვსაუბრობდით, ასე რომ, ბევრი რამ სიახლე არ ყოფილა. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ დასკვნა მოიცავს როგორც საშუალო, ისე გრძელვადიან გეგმებს, ხოლო მომხმარებლისთვის ფასების საკითხი დღესვე მწვავედ დგას, სექტორმა გადაწყვიტა, პროცესები დაეჩქარებინა და საზოგადოებისთვის უფრო მისაღები ფასები შეეთავაზებინა. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: მხოლოდ რითეილ სექტორი ამ ტვირთს დამოუკიდებლად ვერ გაუძლებს. აუცილებელია, ამ პროცესში მიწოდების მთელი ჯაჭვი ჩაერთოს – როგორც იმპორტიორები, ისე დისტრიბუტორები და ადგილობრივი მწარმოებლები.

– დღეს ეს ასე არ არის?

– გარკვეულწილად ჩართულები არიან, თუმცა საჭიროა, კიდევ უფრო მეტი ინიციატივა, რათა მეტი პროდუქტის მოცვა შევძლოთ. ამ მოკლე პერიოდში რაც დაორგანიზდა, ძირითადად, შიდა იმპორტისა და უშუალოდ ქსელების მიერ წარმოებული პროდუქციაა, რადგან აქ კომპანიებს ლავირების მეტი საშუალება აქვთ. მუშაობა გრძელდება მეწარმეებთან და დისტრიბუტორებთან და იმედი გვაქვს, მათი მხრიდანაც წამოვა ინიციატივები, რათა მომხმარებელს პროდუქცია კიდევ უფრო მეტი ფასდაკლებით შევთავაზოთ.

– კონკრეტულად რომელ მარკეტებშია წარმოდგენილი "სოციალური კალათა" და როგორ უნდა მოახდინოს მომხმარებელმა მისი იდენტიფიკაცია - ბევრს უჭირს მაღაზიაში ამ პროდუქტების პოვნა... ფიზიკურად ცალკე კალათა უნდა ვეძებოთ თუ სხვაგვარადაა საქმე?

– როდესაც „სოციალური კალათის“ შექმნა დავაანონსეთ, მოსახლეობას გაუჩნდა განცდა, რომ მაღაზიებში ფიზიკურად [დახვდებოდათ კალათები] რა თქმა უნდა, ეს ტერმინი გადატანითი მნიშვნელობითაა გამოყენებული. პროდუქცია ისევ ჩვეულებრივად იქნება დახლებზე გაშლილი, თუმცა მათ ექნებათ სპეციალური მითითება: ფერი, ე.წ. „ვობლერი“ ან სხვა მაჩვენებელი, რითაც მივხვდებიან, რომ ეს სწორედ ის სოციალური პროდუქტია, რომელზედაც ვსაუბრობთ. შესაძლოა, რომელიმე ქსელმა ინდივიდუალურად გამოყოს სპეციალური დახლიც. რაც შეეხება კონკრეტულ ქსელებს, სადაც ეს მოდელი უკვე მუშაობს, შემიძლია ჩამოგითვალოთ ჩვენი ასოციაციის წევრები:

  • „დეილი ჯგუფში“ შემავალი მარკეტები (სპარი, დეილი, კალათა, მაგნიტი, გვირილა)
  • „ნიკორა“ და „ლიბრე“
  • „კარფური“
  • „გუდვილი“
  • „აგროჰაბი“
  • „უნივერსამი“
  • „ზღაპარი“... თუმცა არ გამოვრიცხავ, ინიციატივას ასოციაციის მიღმა მყოფი სხვა ქსელებიც შემოუერთდნენ.

– მომხმარებელთა ნაწილი ამბობს, რომ ფასდაკლების აღსანიშნავად ყვითელი სტიკერები აქამდეც არსებობდა. რა არის ფუნდამენტური სხვაობა ძველ აქციებსა და დღევანდელ „სოციალურ კალათას“ შორის?

– დიახ, საფასო აქციები მანამდეც გვქონდა და ეს კვლევის დასკვნაშიც არის აღნიშნული. თუმცა, მთავარი სხვაობა ისაა, რომ ახლა ეს პროცესი სისტემაში მოექცა და მიიღო მუდმივი, რეგულარული სახე. თუ ადრე კონკრეტულ პროდუქტზე ფასდაკლება პერიოდულად წყდებოდა და ის ჩვეულებრივ ფასს უბრუნდებოდა, ახლა ჩვენი ასოციაციის ყოველი წევრი ეცდება, მინიმუმ ერთი დასახელების სოციალურ პროდუქტზე მუდმივად ჰქონდეს ფასდაკლება.

– როგორც აღნიშნეთ, პროექტის შთაგონების წყარო საბერძნეთის მოდელი გახდა. მიჰყვება თუ არა ქართული საცალო ქსელი ამ პრაქტიკას?

– დიახ, ინსპირაცია ნამდვილად „საბერძნეთის მოდელი“ იყო. რამდენადაც ვიცი, თავად სახელმწიფოც გეგმავს მომხმარებლისთვის სპეციალური პლატფორმის შეთავაზებას, როგორც ეს საბერძნეთშია, თუმცა ამ თემაზე განმარტების გაკეთება მათთვის მიმინდვია.

– მაინც, რა ფორმით იქნება წარმოდგენილი ეს ფასდაკლებები, რომ მომხმარებლისთვის თვალშისაცემი გახდეს და არ დარჩეს განცდა, რომ ბაზარზე არაფერი შეცვლილა?

– სხვაობა ნამდვილად ხელშესახებია. პროდუქტები გამოყოფილია სპეციალური „ვობლერებითა“ და ფერებით. ვინაიდან სავაჭრო ქსელებს შორის მძაფრი კონკურენციაა, ისინი ერთმანეთს ამ კუთხითაც ეჯიბრებიან. შესაბამისად, ზოგან შეიძლება კალათის ფორმის დიზაინი შეგხვდეთ, ზოგან – ცალკე გამოყოფილი დახლი, ზოგან კი სპეციალური მაჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს პროდუქცია მარტივად მიკვლევადი და თვალსაჩინოა, ამიტომ მომხმარებელს მისი მიგნება არ გაუჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები