მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორ უნდა იქცეს სოფლის განვითარება რეალურად ინკლუზიურ პროცესად - ჯუბა მარუაშვილის ხედვა

juba
25.03.26 19:07
747

ევროპული ადგილობრივი ინოვაციური ფორუმის ექსპერტთა რიგს, მათივე მოწვევით, FAO-ს პოლიტიკის უფროსი მრჩეველი, ჯუბა მარუაშვილი შეუერთდა, რომელმაც თავის პირველ ინტერვიუში სოფლის განვითარების პროცესში ადგილობრივი მოსახლეობისა და აქტორების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მარუაშვილი, რომელსაც საქართველოდან და ევროპის რეგიონიდან ათწლიანი გამოცდილება აქვს, ხაზს უსვამს, რომ სოფლის მეურნეობაში მონაწილეობა მხოლოდ მაშინ ხდება აზრიანი, როცა ადამიანები გრძნობენ, რომ აქვთ საამისო უნარები და სჯერათ, რომ მათი ჩართულობა ხელშესახებ ცვლილებებს მოიტანს.

ჯუბა მარუაშვილის განმარტებით, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAGs) მოდელი განსაკუთრებით ეფექტურია მაშინ, როდესაც ის თავიდანვე ინკლუზიურია. მისი თქმით, ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობა არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ „პასიური დასწრებით“.

„საჭიროა მიზანმიმართული მხარდაჭერა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ლიდერობა, პროექტების დიზაინი და გადაწყვეტილების მიღება. ეს ეხმარება მონაწილეებს, გადავიდნენ პასიური როლიდან განვითარების პროცესის აქტიურ მფლობელობაზე“.

ბარიერების დასაძლევად იგი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ლოკალური „როლური მოდელების“ წარმოჩენას იმ ქალებისა და ახალგაზრდების, რომელთა წარმატებული მაგალითები თემში არსებულ სოციალურ ნორმებს ცვლის.

მარუაშვილის პროგნოზით, სოფლის განვითარების მომავალს ციფრული ინოვაციები და მონაცემებზე დაფუძნებული დაგეგმარება განსაზღვრავს. ხელოვნური ინტელექტის (AI) ხელსაწყოები და მობილური აპლიკაციები იძლევა საშუალებას, რეალურ დროში მოხდეს საჭიროებების ანალიზი და ინტერვენციების მონიტორინგი.

„მომავლის სოფლის განვითარება იქნება ციფრულად გაძლიერებული, პოლიტიკურად ინოვაციური, ქალებსა და ახალგაზრდებზე ფოკუსირებული და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მქონე“, - აჯამებს ჯუბა მარუაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები