მუდმივი საცობები და დაბინძურებული ჰაერი არა არის ბუნებრივი მოვლენა – ეს არასწორი დაგეგმარებისა და მოძველებული პარადიგმების შედეგია. იმისათვის, რომ ვუშველოთ ჩვენს ბუნებას და განვმუხტოთ გზები, საჭიროა არა კოსმეტიკური ცვლილებები და უშინაარსო აკრძალვები, არამედ ინფრასტრუქტურის და საზოგადოების ფუნდამენტური ტრანსფორმაცია, რომელიც ეყრდნობა საზოგადოებრივ ტრანსპორტს, დეცენტრალიზაციასა და მაღალ ეკოლოგიურ კულტურას.
ფაქტია, რომ 1950-იანი წლების ამერიკულმა მოდელმა, რომელიც ავტომობილზე მორგებულ ქალაქებს ეფუძნება, მსოფლიო მცდარი გზით წაიყვანა. თუმცა, ისეთმა ადგილებმა, როგორიცაა ვენა და სინგაპური, დაამტკიცეს, რომ გამოსავალი საზოგადოებრივ ტრანსპორტშია. სტატისტიკურად, ერთი ავტობუსი გზიდან საშუალოდ 50 კერძო ავტომობილს აშორებს, ხოლო ერთი მეტროს შემადგენლობა ასობით ავტომობილს ანაცვლებს.
თუ ევროპულ ცივილიზაციას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ საზოგადოების სიმდიდრე და განვითარება არ გამოიხატება იმით, რომ ყველა მოქალაქეს საკუთარი მანქანა ჰყავს. პირიქით, ცივილიზებული სამყაროს ინდიკატორია გარემო, სადაც მაღალი შემოსავლის მქონე პირებიც კი უპირატესობას მუნიციპალურ ტრანსპორტს ანიჭებენ, რადგან ის გამართულად მუშაობს. ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ტრანსპორტი არის პუნქტუალური, სუფთა, უსაფრთხო და იმდენად სწრაფი, რომ მანქანით მგზავრობა ეკონომიკურად და დროის თვალსაზრისით, არარენტაბელური ხდება.
ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში ავტომობილების რაოდენობის ზრდა აღიქმება, როგორც კეთილდღეობის ნიშანი, თუმცა რეალურად ეს იძულებითი მოცემულობის შედეგია. როდესაც ქალაქი გაუმართავია, ადამიანი იძულებულია იყიდოს მანქანა, რათა სამსახურში მივიდეს. ევროპული მოდელი კი გვთავაზობს ალტერნატივას, რომლის მიხედვით, ახალი ავტომობილი უნდა იყოს სურვილით ნაყიდი ფუფუნების საგანი ან ენთუზიასტების სათამაშო და არც საცობში ყოველდღიური ტყვეობის სიმბოლო.
ამასთან, ისტორიულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ გზების გაფართოება საცობებს არ აქრობს. რეალურად, ეს წახალისებული მოთხოვნის ფენომენით აიხსნება, ანუ რაც მეტ გზას აშენებ, მით მეტი ადამიანი ყიდულობს ავტომობილს, რაც ისევ საცობს იწვევს. ამიტომ, გამოსავალი ავტომობილების რაოდენობის ხელოვნურ შეზღუდვაში კი არა, მათთვის კონკურენტუნარიანი ალტერნატივის შექმნაშია.
აქვე, კიდევ ერთ ალტერნატივაზე უნდა ვისაუბროთ. ზოგჯერ გვგონია, რომ ამსტერდამი ყოველთვის „ველოსიპედების ქალაქი“ იყო, თუმცა 1970-იან წლებში იქაც მანქანები დომინირებდნენ. სამოქალაქო პროტესტმა და ნავთობის კრიზისმა ქალაქის მოსახლეობა აიძულა, პრიორიტეტი ორბორბლიანი ტრანსპორტისთვის მიენიჭებინა. დღეს ნიდერლანდებში ველოსიპედების რაოდენობა მოსახლეობის რაოდენობასაც კი აჭარბებს და იქ მყოფებს საცობები და დაბინძურებული ჰაერი ნამდვილად არ აწუხებთ.
ველოსიპედი სუფთა ქალაქისთვის იდეალური ტრანსპორტია – ის არ საჭიროებს საწვავს, არ გამოყოფს ემისიებს და იკავებს მინიმალურ ადგილს. გლობალური სტატისტიკის თანახმად, ქალაქში მოგზაურობების 50%-ზე მეტი 5 კილომეტრზე ნაკლები დისტანციისაა. ეს არის მანძილი, რომლის დაფარვაც ველოსიპედით უფრო სწრაფად შეიძლება, ვიდრე მანქანით, თანაც თუ პარკინგის დროსაც გავითვალისწინებთ. უსაფრთხო და გამიჯნული ინფრასტრუქტურა ამ ტრანსპორტს ხელმისაწვდომს ხდის როგორც ბავშვებისთვის, ისე მოხუცებისთვის. თუმცა აქ მთავარი სწორედ ინფრასტრუქტურაა, რადგან მის გარეშე, ველოსიპედების გამოყენება საშიში და არაპრაქტიკულია - ისევე, როგორც საქართველოში.
ყველაფერთან ერთად, საცობების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საბჭოთა და ადრეული კაპიტალისტური დაგეგმარების სტილია, სადაც არსებობს მკაცრად გამოყოფილი საცხოვრებელი უბნები და ბიზნეს ცენტრები. ქალაქის ცენტრალიზაციის ასეთი სტრუქტურა აიძულებს ათასობით ადამიანს, დილით ერთდროულად დაიძრას გარეუბნებიდან ცენტრისკენ, რაც ბუნებრივად იწვევს საცობს.
ამ პრობლემის საპასუხოდ, პარიზის მერია „15-წუთიანი ქალაქის“ მოდელს გვთავაზობს. ეს ნიშნავს, რომ ყველა საბაზისო სერვისი, მათ შორის: სკოლა, აფთიაქი, სამსახური, პარკი და მაღაზია, ადამიანს სახლიდან ფეხით სავალ მანძილზე უნდა ჰქონდეს. როდესაც უბანი მრავალფუნქციურია, ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში გადაადგილების საჭიროება მცირდება, რაც ავტომატურად ათავისუფლებს მაგისტრალებს.
აქვე, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ვერანაირი კანონი ვერ უშველის ბუნებას, თუ საზოგადოებაში არ იარსებებს გარემოსდაცვითი კულტურა. ეს იწყება განათლებით. მაგალითად, სკანდინავიურ ქვეყნებში ბუნების მოფრთხილება არა მხოლოდ ვალდებულება, არამედ ეროვნული იდენტობის ნაწილია, სადაც მოქალაქეებს ბუნების პატივისცემას ბავშვობიდან, ოჯახშივე ასწავლიან და ეს მოდელი, ფაქტია, რომ მუშაობს.
საბოლოო ჯამში, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ბუნება არ არის რესურსი, რომელიც უნდა ამოვწუროთ, ეს არის ცოცხალი გარემო, რომლის ნაწილებიც ვართ. სამწუხაროდ, საცობების მოგვარება და ბუნების გადარჩენა კოსმეტიკური ჩარევით, ანუ ზედაპირული კანონებით და უშინაარსო აკრძალვებით შეუძლებელია, ამ პრობლემას ქირურგიული ოპერაცია სჭირდება, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას, დეცენტრალიზაციას, განათლების სისტემის რეფორმას და უკეთესი ქვეყნის შექმნას ნიშნავს, რაც გაცილებით რთულია, ვიდრე 6 წელზე ძველი ან წითელი ავტომობილების აკრძალვა.




























