2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, ოთხ ქალაქში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 4575 ფაქტი გამოვლინდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 6 თვეში 2699 სამართალდარღვევა გამოვლენილია თბილისში, 821 - ბათუმში, 694 - ქუთაისში, 361 - რუსთავში.
3982 სამართალდარღვევა ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 593 შემთხვევაში კი, დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
აღსანიშნავია, რომ 2634 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 1837 - მიკროავტობუსების, 101 სატვირთო ავტომობილების, 3 კი ავტობუსების მძღოლების/მფლობელების მიერაა ჩადენილი.
ცნობისთვის, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და სატრანსპორტო სექტორიდან დაბინძურების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი - გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილულ გამონაბოლქვს 2023 წლის სექტემბრიდან ამოწმებს. სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ფიზიკური პირი პირველ ჯერზე 100 ლარით ჯარიმდება, დარღვევის განმეორების შემთხვევაში – 300 ლარით, ყოველი შემდგომი განმეორების შემთხვევაში კი – 600 ლარით. იურიდიული პირი კი პირველ ჯერზე 500 ლარით, განმეორებით შემთხვევაში – 1500 ლარით, მესამედ განმეორების შემთხვევაში – 3000 ლარით ჯარიმდება.
როგორც დეპარტამენტში აღნიშნავენ, ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, ამ მიმართულებით შესაძლებლობების გაძლიერების პროცესი დაიწყო - გაიზარდა ეკიპაჟების რაოდენობა, შეძენილ იქნა ჰიბრიდული ავტომობილები, ეკიპაჟები აღჭურვილია შესაბამისი გამზომი ხელსაწყოებით, პერიოდულად ხდება თანამშრომლების გადამზადება. დეპარტამენტის თანამშრომლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, უფრო მეტ ლოკაციაზე და მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალება შეამოწმონ. შედეგად, კონტროლი უფრო მასშტაბური და ეფექტიანი გახდა.
2023 წლის 4 სექტემბრიდან 2026 წლის მარტამდე ხილული გამონაბოლქვის გამო გამოწერილი ჯარიმები 4.5 მილიონ ლარს აღწევს.
ხილული გამონაბოლქვის მაკონტროლებელი ჯგუფის აღჭურვა ₾150 ათასი ჯდება - რამდენი ეკიპაჟი მუშაობს?




























