მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ხვდება ბუნებრივი გაზის სექტორი განაწილება/მიმწოდებლის გამიჯვნას?

6331b4501f298
მარიამ ვარადაშვილი
26.09.22 21:35
738
ბუნებრივი გაზის ნაწილში ელექტროენერგეტიკული სექტორის მსგავსად 2023 წლიდან გამანაწილებელი და მიმწოდებელი კომპანიების გამიჯვნა იგეგმება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] მიერ მიღებული დადგენილებით გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი დამოუკიდებელი უნდა იყოს სხვა ისეთი საქმიანობისგან, რომელიც განაწილებას არ უკავშირდება. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი განცალკევებულ საწარმოდ ჩამოყალიბდება, რომელიც ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს შვილობილ კომპანიად რჩება. კერძოდ, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი იქნება დამოუკიდებელი ენერგეტიკული საწარმო, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირია.

როგორც “თბილისი ენერჯის” ფინანსურმა დირექტორმა ბაჩა გურგენიძემ BMG-ის უთხრა, ცვლილების შემდეგ "თბილისი ენერჯი" მიმწოდებელ კომპანიად დარჩება და ბაზარზე მათი ახალი გამანაწილებელი გამოჩნდება.

“2023 წლიდან ახალი სატარიფო პერიოდი დგება, როდესაც 3 წლით ახალი სამომხმარებლო ტარიფი იქნება განსაზღვრული. ამ დარგში მოსალოდნელია, რომ მიწოდება/განაწილების დაყოფა მოხდეს. მსგავსი გაყოფა 2023 წლის იანვრიდან არის მოსალოდნელი. ტარიფის დათვლა მიწოდების/განაწილების ძალიან კომპლექსური პროცესია და დეკემბრისთვის როგორც განაწილების, ისე მიწოდების ტარიფები დადგინდება. 2023 წლიდან “თბილისი ენერჯი” გამანაწილებელ კომპანიად რჩება და შეიქმნება სხვა კომპანია, რომელიც აბონენტებს გაზს მიაწვდის. აქედან გამომდინარე, “თბილისი ენერჯი” გამანაწილებელი კომპანია იქნება. სემეკს ტარიფთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია უკვე გავუგზავნეთ თუ ამ პროცესში დამატებითი კითხვები ექნებათ ამასაც გავუგზავნით. ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია”,-აცხადებს “თბილისი ენერჯის” წარმომადგენელი.

მისივე თქმით, როდესაც განაწილება/მიწოდების ნაწილი გაიყოფა, ეს მომხმარებლისთვის დიდი ცვლილება არ იქნება. როგორც "თბილისი ენერჯის" ფინანსური დირექტორი ამბობს, ეცდებიან ეს კომპონენტი ტარიფში არ აისახოს. შესაბამისად, თუ იმპორტირებული გაზის ფასი მნიშვნელოვნად არ გაიზარდა, საოპერაციო ხარჯების ზრდის გავლენა სამომხმარებლო ტარიფზე მინიმალური იქნება.

“ჩვენ ამ პროცესისთვის დიდი ხანი ვემზადებოდით და 95%-ით მომზადებულები ვართ. გარკვეულ საკითხებზე სემეკთან მიმდინარეობს კონსულტაცია”, - ამბობს გურგენიძე.

საკანონმდებლო ცვლილებაზე BMG-მ ბუნებრივი გაზის ყველაზე მსხვილ მიმწოდებელს "სოკარ ჯორჯია გაზსაც" ჰკითხა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე კომპანიაში განცალკევების გეგმაზე მუშაობენ.

„ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია შეიმუშაოს განცალკევების გეგმა და დასამტკიცებლად წარუდგინოს მარეგულირებელ კომისიას. განცალკევების გეგმის დამტკიცების შემდგომ, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა განცალკევების პროცესის უზრუნველსაყოფად უნდა განახორციელოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და განცალკევების გეგმით დასახული ღონისძიებები. ამ ეტაპზე „სოკარ ჯორჯია გაზში“ მიმდინარეობს მუშაობა განცალკევების გეგმის შემუშავებაზე”,-აცხადებენ კომპანიაში.

კითხვაზე გაიზრდება თუ არა სტრუქტურული ცვლილების პროცესში კომპანიის საოპერაციო ხარჯები და აისახება თუ არა ის სამომხმარებლო ტარიფზე, კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ხარჯების ზრდაზე საუბარი ნაადრევია.

“დღეისათვის ნაადრევად მიგვაჩნია რაიმე პროგნოზის გაკეთება საოპერაციო ხარჯების ცვლილებასთან დაკავშირებით. პრაქტიკა გვიჩვენებს, გაიზრდება თუ შემცირდება კომპანიის საოპერაციო ხარჯები. თუ რა წესით და პირობებით აისახება ეს ხარჯები სამომხმარებლო ტარიფში, აღნიშნული საკითხი რეგლამენტირებული იქნება ბუნებრივი გაზის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიით, რომლის გამოსაცემად მარეგულირებელ კომისიაში ამჟამად მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება”, - აცხადებენ კომპანიაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები