განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის [GREDA] სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი აბრამიშვილი ამბობს, რომ მთავრობამ ენერგეტიკული პოლიტიკა გააქტიურა და ამაზე გამოცხადებული სიმძლავრის აუქციონები მიუთითებს.
მიმდინარე კვირაში GREDA-მ კონფერენცია გამართა, რაც მიზნად ისახავდა კერძო კომპანიების ინფორმირებას საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შესახებ, დარგში დაფინანსების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობასა და ფინანსური ინსტიტუტებისთვის ენერგეტიკაში მიმდინარე სიახლეების გაცნობას.
“ყველა ძირითადი აქციონერი, როგორიც არის მაგალითად მთავრობა, კონფერენციაზე იყო წარმოდგენილი. ხელისუფლებამ არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც [გამოცხადებული აქუციონები] დაამტკიცა საკუთარი მზაობა და როგორც გვპირდებიან, ამ აუქციონების მეორე რაუნდი უახლოეს მომავალში, 1-2 თვეში ჩატარდება. მეორე მხრივ, არის კერძო სექტორი, რომელმაც ამ აუქციონების პერიოდში აჩვენა საკუთარი გასამმაგებული მზაობა, 300 მეგავატი იყო გამოცხადებული და 900 მეგავატზე მეტზე შევიდა განაცხადი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროცესში აქტიურად ჩართულიყვნენ საფინანსო ინსტიტუტები, რომელთაც საკუთარი მზაობა ამ პროცესში სრულად დაადასტურეს. მეტიც, ყველა ფორმა წარმოგვიდგინეს თუ როგორ შეძლებენ ინვესტორები, რომ ფინანსებზე წვდომა ჰქონდეთ. ამ კონფერენციის მიზანიც ეს იყო, რომ ყველა მხარე ერთ სივრცეში ყოფილიყო თავმოყრილი”,-ამბობს აბრამიშვილი.