მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი დატვირთვით მუშაობს The Biltmore Tbilisi?|6 თვის შეფასება

BILTMORE

თბილისში მდებარე სასტუმრო The Biltmore Tbilisi Hotel-ში აცხადებენ, რომ 2026 წლის პირველი ნახევარი არაერთგვაროვანი იყო – წლის დასაწყისი ბიუჯეტზე უკეთესი შედეგებით დაიწყო, თუმცა მარტსა და აპრილში გეოპოლიტიკურმა მოვლენებმა და ავიამიმოსვლის შეფერხებამ მოთხოვნაზე უარყოფითად იმოქმედა.

როგორც BM.GE-სთან სასტუმროს გაყიდვების დირექტორმა მარიამ ქუთათელაძემ განაცხადა, იანვარი სასტუმროსთვის ერთ-ერთი საუკეთესო თვე იყო, თუმცა შემდგომ პერიოდში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებისა და განსაკუთრებით ინდოეთიდან ფრენების გაუქმების გამო ჯავშნების ნაწილი გაუქმდა.

"იანვარი ძალიან კარგად დაიწყო და ბიუჯეტსაც გადააჭარბა. თებერვალიც ცუდი არ ყოფილა, თუმცა მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე მარტსა და აპრილში გვქონდა გაუქმებები. ამას დაემატა ინდოეთიდან ფრენების შეწყვეტაც, რამაც საკმაოდ დაგვაზარალა. მაისიდან და ივნისიდან უკვე პოზიტიური ტენდენცია გამოჩნდა - გაიზარდა ჯავშნები, აღდგა ფრენებიც და მოლოდინებიც გაცილებით უკეთესია", - განაცხადა ქუთათელაძემ.

მისი თქმით, სასტუმროსთვის წლის ყველაზე აქტიური პერიოდი ჯერ კიდევ წინაა, რადგან სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით კორპორატიული და MICE ტურიზმი აქტიურდება. ქუთათელაძის ინფორმაციით, MICE სეგმენტში სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან. თუ გასულ წლებში ერთ-ერთი მთავარი ბაზარი ინდოეთი იყო, წელს განსაკუთრებით აქტიურობს თურქეთი.

"MICE-ის მიმართულებით წინასწარი ჯავშნები უკვე გვაქვს, განსაკუთრებით სექტემბერ-ოქტომბერზე. თუმცა ტურიზმი ძალიან მოწყვლადი სექტორია და ყველაფერი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და ავიამიმოსვლაზეა დამოკიდებული. თუ ფრენები არ არის, ვერც ტურისტები ჩამოვლენ", – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საოპერაციო ხარჯები გაიზარდა, სასტუმროს ნომრების ფასები არ შეუცვლია. ქუთათელაძის განმარტებით, ამის შესაძლებლობა დატვირთვამ მისცა, რომელმაც გაზრდილი ხარჯები დააბალანსა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები