მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს პოლონეთთან, რომელიც EU-ს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

პოლონეთი

1-ელი იანვრიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა პოლონეთი გახდა. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლონეთი ევროკავშირის საბჭოს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების აქტიური მხარდამჭერია. ევროკავშირის წევრი ამ ქვეყნის მთავრობამ არაერთხელ გამოხატა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო. რამდენიმე დღის წინ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გერმანიის და საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებთან ერთად განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ისინი სერიოზულად არიან შეშფოთებულნი „საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული პოლიტიკური კრიზისითა და „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ“.

გარდა პოლიტიკური მხარდაჭერისა, საინტერესოა, როგორია საქართველოსა და პოლონეთის ეკონომიკური კავშირების დინამიკა. BMG მოკლე მიმოხილვას გთავაზობთ რიცხვებში:

ვაჭრობა

საქართველოსა და პოლონეთს შორის სავაჭრო ბრუნვა მზარდია. 2024 წლის 11 თვეში საქართველომ და პოლონეთმა 335,7 მლნ აშშ დოლარის ივაჭრეს, მაშინ როცა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 285,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს17%-იან ზრდაზე მეტყველებს. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის იანვარ-ნოემბერში ეს მაჩვენებელი - 231 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში - 186 მლნ აშშ დოლარი.

მზარდია საქართველოდან პოლონეთში ექსპორტის მაჩვენებლებიც, თუმცა სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტის წილი ტრადიციულად კვლავ მცირეა. 2024 წლის 11 თვეში საქართველომ 49 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განახორციელა პოლონეთში, მაშინ როცა 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი პოლონეთში 45,2 მლნ აშშ დოლარი იყო, ხოლო 2022 წელს - 42,4 მლნ აშშ დოლარი.

პოლონეთში ექსპორტის დიდი ნაწილი ყურძნის ნატურალურ ღვინოებზე მოდის. პოლონეთში ექსპორტირებული პროდუქტების TOP-ათეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 15,170.85 ათასი აშშ დოლარი
  2. მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 7,611.86 ათასი აშშ დოლარი
  3. თხილი და სხვა კაკალი - 4,116.90 ათასი აშშ დოლარი
  4. ტომრები და პაკეტები შესაფუთი - 3,531.80 ათასი აშშ დოლარი
  5. მსუბუქი ავტომობილები - 2,870.40 ათასი აშშ დოლარი
  6. რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 2,742.94 ათასი აშშ დოლარი
  7. ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 1,657.84 ათასი აშშ დოლარი
  8. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 977.61 ათასი აშშ დოლარი
  9. ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 879.65 ათასი აშშ დოლარი
  10. ქუდები და სხვა თავსაბურავები, ტრიკოტაჟისა - 841.77 ათასი აშშ დოლარი

რაც შეეხება იმპორტს, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ პოლონეთიდან 286,7 მლნ აშშ დოლარის საქონელი შემოიტანა. იმპორტში ყველაზე დიდი წილი ავტომობილებს უკავია. შემდეგ მოდის სამკურნალო საშუალებები, კოსმეტიკა და კვების პროდუქტები. 2024 წლის 11 თვეში პოლონეთიდან საქართველოში შემოტანილი პროდუქციის TOP-ათეული შემდეგნაირია:

  1. ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად, მძღოლის ჩათვლით - 45,596.01 ათასი აშშ დოლარი
  2. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 10,739.09 ათასი აშშ დოლარი
  3. დანარჩენი საქონელი - 10,310.20 ათასი აშშ დოლარი
  4. სატვირთო ავტომობილები - 9,627.80 ათასი აშშ დოლარი
  5. მსუბუქი ავტომობილები - 9,279.49 ათასი აშშ დოლარი
  6. ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 6,843.73 ათასი აშშ დოლარი
  7. შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 6,711.48 ათასი აშშ დოლარი
  8. კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი - 6,297.16 ათასი აშშ დოლარი
  9. კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 6,002.26 ათასი აშშ დოლარი
  10. ბოსტნეული სხვა, ძმრის დამატების გარეშე, დამზადებული ან დაკონსერვებული, გაყინული - 5,549.22 ათასი აშშ დოლარი

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI)

რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, 2024 წელს, პირველ სამ კვარტალში, პოლონეთიდან საქართველოში 7,4 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, როცა 2024 წელს ჯამურად 3,2 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, სამაგიეროდ, 2022 წელს პოლონური ინვესტიციების ჯამურმა მოცულობამ 11 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სწორედ 2022 წელი გამოდგა ამ მხრივ რეკორდული. წელს კი, მას შემდეგ, რაც 2024 წლის მეოთხე კვარტლის FDI-ს მაჩვენებლები გამოქვეყნდება, ცნობილი გახდება, გადააჭარბებს თუ არა პოლონეთიდან შემოსული ინვესტიციების ჯამური მოცულობა 2022 წლის მაჩვენებელს.

ტურიზმი

ტურიზმის სტატისტიკაში, პოლონეთი ტოპ-15 ქვეყანას შორისაა, თუმცა პოლონელი ტურისტების რაოდენობა 2024 წელს შემცირდა. კერძოდ, 2024 წლის პირველ სამ კვარტალში ჯამურად, პოლონეთიდან საქართველოს 53 245 ტურისტი ეწვია. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი პოლონეთიდან საქართველოში 73 129 ვიზიტი შედგა. აღსანიშნია, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან ტოპ-15-ეულში მხოლოდ პოლონეთი და გერმანია შედიან.

ფულადი გზავნილები

რაც შეეხება ფულად გადმორიცხვებს, 2024 წლის ნოემბერში, პოლონეთიდან საქართველოში 2,68 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რამაც გადმორიცხვების ჯამური მოცულობის 1% შეადგინა. აღნიშნული რიცხვი 5.6%-იან წლიურ კლებაზე მიუთითებს. რაც შეეხება 2024 წლის იანვარ-ნოემბრის მაჩვენებელს, პოლონეთიდან საქართველოში 31,213 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს მცირედით აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ პოლონეთში ქართული დიასპორის რაოდენობა იზრდება, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეები ბოლო წლებია პოლონეთში სამუშაოდ აქტიურად მიდიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები